ავტორი:

"როცა ადამიანს იმ საქმეს უკრძალავ, რომელიც სიცოცხლის არსად აქვს ქცეული, ეს მკვლელობაა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ლევან ბერძენიშვილზე?

"როცა ადამიანს იმ საქმეს უკრძალავ, რომელიც სიცოცხლის არსად აქვს ქცეული, ეს მკვლელობაა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ლევან ბერძენიშვილზე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ლევან ბერძენიშვილის გარშემო ატეხილ ხმაურს გამოეხმაურა. როგორც ის წერს, საზოგადოების მცირე ნაწილის მოთხოვნა, რომ ბერძენიშვილს აეკრძალოს ლექციების წაკითხვა, ამ ადამიანის მკვლელობის ტოლფასია. ფანჯიკიძის თქმით, ბერძენიშვილი ლექციებს მის შვილს - ეკასაც უკითხავდა, რის შემდეგაც გოგონამ წიგნების კითხვა შეიყვარა...

"რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილს - კარგი მასწავლებელი ის კი არ არის, ვინც მზა აზრებს უტენის თავში მოსწავლეებს, არამედ ის, ვინც წიგნთან მუშაობას ასწავლის და მადას აღუძრავს, წაიკითხოს და შემდეგ საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები "წიგნებიან" სახლში დაიბადნენ და გაიზარდნენ და სულ რომ არ სდომოდათ, შემთხვევით რამე აუცილებლად შემოეკითხებოდათ, ეკამ, რომელიც ერთი წელი სწავლობდა ჯიპაში და ლევან ბერძენიშვილი უკითხავდა ლექციებს, ორგანიზებულად, არა ჩემგან, არამედ სწორედ ლევან ბერძენიშვილისგან შთაგონებულმა დაიწყო ძალიან სერიოზული წიგნების კითხვა. დარწმუნებული ვარ, ასევე ბევრ ადამიანს ააღებინა ხელში ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი მისმა დაუღალავმა შრომამ.

პოლიტიკიდან ვინც გინდათ გაყარეთ, პოლიტიკოსი თქვენი/ჩვენი ნაქირავებია და ვისაც გინდათ "დანიშნავთ", მიუხედავად იმისა, როგორი ვნებითაც არ უნდა უყვარდეს საქმე. პოლიტიკური მრავალნაირი სამსახური არსებობს და აუცილებელი არაა, ყველა აღმასრულებელ თანამდებობაზე იყოს. მაგრამ როცა ადამიანს იმ საქმეს უკრძალავ, რომელიც სიცოცხლის არსად აქვს ქცეული, მკვლელობაა. რატომ ვკლავთ ერთმანეთს? როცა ერთმანეთს ვკლავთ, ეს ხომ თვითმკვლელობაცაა. ბერძენიშვილმა ლექცია არ წაიკითხოს, ლაშა ბაქრაძე ლექსებს არ გაეკაროს, იაგო კაჭკაჭიშვილმა არ იკვლიოს, დათო ლორთქიფანიძემ სამუზეუმო საქმე მიატოვოს, გაგა ჩხაიძე კინოს არ მიუახლოვდეს...

ძალიან მერიდება საკუთარი თავის ამ ხალხთან ჩაკვეხება, მაგრამ მეც "შეყვარებული" ქალი ვარ, ბევრი შემშლია, მაგრამ რაღაც მიკეთებია სასარგებლო-ც... პაციენტი არ მივიღო... დარწმუნებული ხართ, რომ უკეთესი გახდება ჩვენი ქვეყანა?" - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხის შესახებ პოლემიკა მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ბერძენიშვილმა განაცხადა: "ვიდრე ერეკლე მეორე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, - ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინდათო?.."

გაჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხელმოწერების შეგროვებას ცდილობს მოთხოვნით, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა, რასაც თავის მხრივ, ბერძენიშვილის გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

იხილეთ ასევე: