ავტორი:

პეკინში, 40 წლის მამაკაცის საქმეს, რომელმაც კოვიდრეგულაციები დაარღვია, კრიმინალისტები იძიებენ - ურჩი მოქალაქის ქუჩაზე მცხოვრებ 5000-მდე ადამიანს კარანტინი დაუწესეს

პეკინში, 40 წლის მამაკაცის საქმეს, რომელმაც კოვიდრეგულაციები დაარღვია, კრიმინალისტები იძიებენ - ურჩი მოქალაქის ქუჩაზე მცხოვრებ 5000-მდე ადამიანს კარანტინი დაუწესეს

პეკინელი მამაკაცის წინააღმდეგ საქმეს კრიმინალისტები გამოიძიებენ იმის გამო, რომ ის იზოლაციის პირობას არ დაემორჩილა და გარეთ გავიდა. ამის გამო, ხელისუფლებამ "კრიმინალი" მამაკაცის 5 000-ზე მეტი მეზობელი შინ ან სამთავრობო კარანტინში გაგზავნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩინეთის დედაქალაქსა და შანხაიში შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ.

იმის გამო, რომ 40 წლის მამაკაცი 23 მაისს, სახიფათო ზონად მიჩნეულ სავაჭრო მოედანზე შევიდა, უთხრეს, რომ სახლში იზოლირება მოუწევდა. ოფიციალური პირების განცხადებით, მას შემდეგ, ის არაერთხელ ნახეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რითაც ეპიდემიის გავრცელებას საფრთხე შეუქმნა... 5 დღის შემდეგ მას ტესტი ჩაუტარეს და კოვიდი დაუდასტურდა. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ მის შენობაში მცხოვრებ 258 ადამიანს უბრძანა, რომ სამთავრობო საკარანტინო ცენტრში წასულიყვნენ, ხოლო 5000 ადამიანზე მეტს, ვინც ამავე ქუჩაზე ცხოვრობს, სახლში იზოლაცია დაევალათ.

ჩინეთმა მკაცრი შეზღუდვები "ომიკრონის" ვარიანტის ადვილად გადამდები ხასიათის გამო მიიღო. ჩინეთის "ნულოვანი კოვიდპოლიტიკა" ეკონომიკასა და ხალხზე მისი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენის გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა, მაგრამ ქვეყნის ლიდერებმა გააორმაგეს შეზღუდვები, რათა წარმატებისთვის მიეღწიათ და ვირუსი ამოეძირკვათ. პეკინელი მამაკაცის საქციელის გამო ხალხი უკმაყოფილო დარჩა. "ორი დღეა უკეთესი სიტუაციაა, რას აკეთებს ეს ადამიანი? არ უნდა, რომ პეკინი ეპიდემიისგან გათავისუფლდეს? სიტუაცია თითქმის სტაბილურია და ახლა მოუნდა გარეთ გამოსვლა და ხალხის დაინფიცირება?!" - წერს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ჩინეთის რამდენიმე რეგიონში "რუტინული" ტესტირების რეჟიმია შექმნილი, რომელიც ყველა მაცხოვრებელს 2-3 დღეში ერთხელ კოვიდტესტის ჩატარებას ავალდებულებს, რათა უფრო თავისუფლად შეძლონ ქალაქში გადაადგილება.

შანხაიში რამდენიმეთვიანი ლოკდაუნის დასრულება ოთხშაბათსაა დაგეგმილი. გასულ კვირას 10 000-ზე მეტ ოფიციალურ პირთან უპრეცედენტო შეხვედრაზე, პრემიერმა ლი კეჩიანმა სიტყვა წარმოთქვა და ყველა გააფრთხილა, რომ ეკონომიკა კრიტიკულ მდგომარეობაშია და თუ ოფიციალური პირები სწრაფად არ იმოქმედებენ და კოვიდის კონტროლს არ დააბალანსებენ, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა