ავტორი:

"გვიჭირდა, მაგრამ შრომა არ დაგვეზარა.. თავიდან ერთი ძროხა ვიყიდეთ" - აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგი და წალენჯიხაში დაწყებული ფერმერობა: ქალი, რომელმაც არაფრისგან ყველაფერი შექმნა

"გვიჭირდა, მაგრამ შრომა არ დაგვეზარა.. თავიდან ერთი ძროხა ვიყიდეთ" - აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგი და წალენჯიხაში დაწყებული ფერმერობა: ქალი, რომელმაც არაფრისგან ყველაფერი შექმნა

რომ არა აფხაზეთის ომი, არავინ იცის, მისი ცხოვრება როგორ განვითარდებოდა... მარინა რუხაია პროფესიით ფიზიკის მასწავლებელი, 1993 წლამდე სოფელ დრანდაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ომის შედეგად კი, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, საცხოვრებლად რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში მოუწია გადასვლა.

ორ წელიწადში ოჯახმა ისევ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა შვილებს მშობლიური ენა არ დავიწყებოდათ. ქალბატონ მარინას ოჯახი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში დასახლდა, სადაც ნათესავმა ძველი, ხის პატარა ოდა დაუთმო. მარინამ კი ადგილობრივ სკოლაში, ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და თანდათან ფერმერულ საქმიანობაში ჩაერთო.

- ძალიან რთული იყო საცხოვრებელი ადგილის ხელახლა შეცვლა, ყველაფრის თავიდან დაწყება, ახალ გარემოსა და ხალხთან შეგუება. მოკლედ, ეწერში დავსახლდით. თავიდან არაფერი გვქონდა, არც საკმარისი თეფში, ქვაბი და სხვა ჭურჭელი, მორიგეობით ვჭამდით - ჯერ ბავშვები და მერე მე და ჩემი მეუღლე. მიწაც პატარა იყო, რადგანაც აქაურები არ ვიყავით.

მერე ნელ-ნელა შემოვიმატეთ. მე და ჩემი მეუღლე საკუთარი ხელით ვღობავდით. ვისაც მაშინდელი ჩვენი სახლი ახსოვს, იმას, რაც ახლა გვაქვს რომ ნახულობს, აღნიშნავს - რა პატარა იყო და ახლა რა დიდიაო. რა უნდა გვექნა, ცხოვრება ითხოვდა ჩვენს გააქტიურებას, გვჭირდებოდა. მოკლედ, გავფართოვდით და ტერიტორიაზე მეტად გავიშალეთ. როგორც იტყვიან, "მადა ჭამაში მოდისო."

- ძროხაც შეიძინეთ, ხომ?

- ჩემი ორი შვილი და სამი დისშვილი მყავდა. ბავშვებს ჭამა უნდოდათ. ამიტომ, ჩემმა ძმამ და დამ თანხა გამომიგზავნეს და ერთი ძროხა ვიყიდეთ. ძროხა არასდროს მომიწველია, აფხაზეთში არ გვყავდა. იქ მოსახლეობა ძირითადად მანდარინს უვლიდა. ძროხის მოწველა ერთ-ერთ ადამიანს ვთხოვე და მასწავლა. ძროხამ მოიწველა, მაგრამ გაშრა, ყოველთვის ხომ არ იწველება?! მერე ჩემს მეუღლეს ვუთხარი, - ერთი არ გვყოფნის, რაღაცნაირად იქნებ ხბოც ვიყიდოთ-მეთქი. შევიძინეთ და გავზარდეთ. ეს იყო 1996 წელი. რთული პერიოდი, საკვებიც ჭირდა და ზოგადად ცხოვრება.

ყველს ვერ ვყიდულობდით, ჩვენი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის, ძვირი პროდუქტი იყო. მართალია, სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასი 14 ლარი მქონდა. მერე მხოლოდ ყველი ხომ არ იყო, უამრავი რამ გვჭირდებოდა. მოკლედ, ხბო რომ გავზარდე, ყველის ამოყვანაც ვისწავლეთ და ყველაფერი თავისით წავიდა. საქონელიც გამრავლდა. ახლა "მშრალობის პერიოდი“ აღარ გვაქვს, მთელი წელი იწველებიან. ამჯერად 8 ძროხა გვყავს.

- მეხორცული მიმართულება გაქვთ თუ მერძეული?

- 15 წელია ხორცი არ გვიყიდია, საქონელს წელიწადში 2-ჯერ ჩვენთვის ვკლავთ და გარკვეულ რაოდენობას ვყიდით კიდეც. ძირითადად ვყიდით ყველს, რძეს. ვამზადებ სულგუნს, რადგან ეს უფრო მეტად მოსწონთ. 2 წელია, "ფაოში“ გავწევრდი და ძალიან მომწონს. ბევრი რამ ვისწავლე და მივხვდი, ძროხის შესახებ რამდენი რამ არ მცოდნია. თუმცა ფერმერული საქმიანობა ხომ გვიან დავიწყე და ჩემი გამოცდილებით ვისწავლე. იქ 2 წლის განმავლობაში იმდენი რამ შევიძინე, რომ ის ცოდნა, უკვე არაერთ ქალს გავუზიარე.

ცნობილია, რომ ყველის დასამზადებლად პეპსინს იყენებენ. ეს ყოფილა საშინელება. მოკლედ, იმ სწავლებების მიხედვით ახლა შესანიშნავი ყველი ამომყავს, გარკვეული ცვლილებები შევიტანე ტექნოლოგიაში და ამ პროდუქტის გემოც სხვანაირად გავიგე. ძროხას რომ მოვწველი, მერე ფრომაზას ვიყენებ (კვეთი ყველის წარმოებისთვის). ამაზე უკეთესი კვეთი ყველის შესადედებლად არ არსებობს. ასევე მინდა, ყველი "კაჩოტა“ დავიწყო, ამ საკითხითაც დავინტერესდი..

- როგორ უვლით საქონელს?

- მათთვის სპეციალური შენობა ავაშენეთ. მოგეხსენებათ, საქონლის შენახვისას ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. სისუფთავე და წესრიგი. მნიშვნელოვანია ხარისხიანი საკვების მიწოდება. ამისთვის შვრიას ვთესავთ, ქატოს ვყიდულობთ და კომბინირებულ საკვებს ვაძლევთ. თავისი შესაბამისი წამლები დროულად უნდა მიაწოდო. საქონელს მეუღლესთან ერთად ვუვლი. ამ საქმეში ოჯახი ვართ მთლიანად ჩართული. ეს არის საოჯახო მეურნეობა. ვაქცინაციას წელიწადში 2-ჯერ ვუტარებთ.

სოფელში არიან ვეტექიმები და ჩვენი საქონელი აღრიცხვაზეა აყვანილი. მოკლედ, მოვლა-პატრონობას არ ვაკლებთ. ძირითადად მაინც ხარისხიანი და სწორი კვებაა მათთვის აუცილებელი.

- ე.ი. ადგილზე ინახავთ საქონელს და მათ საბალახოდ არ უშვებთ...

- ძირითადად ადგილზე გვყავს, როგორც გითხარით, სპეციალური შენობა გვაქვს, სადაც შემოსაზღვრულია და საქონელი იქ არის. მოკლედ, ფერმა ეზოშია. საბალახოდ ძროხებს ვერც გაუშვებ, საძოვარი ადგილი ჩვენთან ნაკლებია, რადგანაც გარშემო უმეტესად თხილია გაშენებული. თან, ჩემი ძროხები ჩემთან რომ არ იყვნენ, არ შემიძლია.

- ადგილობრივი ჯიშებია?

- კი. აღმოსავლეთის ძროხებს ჩვენთან უჭირთ. სხვათა შორის, ჩვენთან აბაშის ძროხებსაც უჭირთ, - ხან ციება შეეყარათ, ხან - რა... აქაური ყველიც განსხვავდება და რძეც.

- პედაგოგი ხართ, ფერმერი, ოჯახს უვლით, ხართ ბებია, დედა, მეუღლე - ამდენ საქმეს ერთდროულად უძღვებით, არ არის რთული?

- იცით, რა სიამოვნებაა ეს? განსაკუთრებით ის, რომ ნატურალურ პროდუქტს ვაწარმოებთ და ყველაფერი საკუთარი რომ გვაქვს. ხშირად მეკითხებიან - არ იღლებიო? იმდენი რამ გამოვიარე, არასდროს დამიწუწუნია, სიამოვნებით ვაკეთებ ყველაფერს. ეს მხოლოდ სასიამოვნო დაღლაა. სკოლაც ახლოს მაქვს, დირექტორს ვთხოვ ხოლმე, - პირველი გაკვეთილი მომცეს. გათვლილი მაქვს - 7 საათზე ძროხას ვწველი, მერე ყველი ამომყავს, ვწურავ, დანარჩენს უკვე ჩემი ქმარი აკეთებს.

- ფუტკარსაც უვლით, ხომ?

- 26 ოჯახი მყავს. ეს სხვა სიამოვნებაა. განტვირთვა თუ გინდა და დამშვიდება, - აი, ეს არის. ერთი ოჯახი მაჩუქეს. არც ვიცოდი მოვლა. ოჯახი გაიყოო, - მითხრეს - ეს რას ნიშნავს-მეთქი? მოკლედ, ამასაც გულმოდგინეთ მივყევი და საქმე აქაც თანდათან წავიდა. მეფუტკრეობამაც გამიტაცა. მოცვიც გვაქვს გაშენებული, სახელმწიფო პროგრამა რომ იყო, 100%-იანი დაფინანსებით, იმის ფარგლებში გავაკეთეთ მოცვის ბაღი. წელს უნდა ავიღოთ სრული მოსავალი.

პანდემიის დროს, სრული ლოკდაუნი რომ იყო, ოჯახიდან არ გავსულვართ, ყველაფერი შინ და ჩვენი გვქონდა. ბოსტანი, ხეხილი, რაც ჩვენს მხარეს ხარობს, ყველაფერი გვაქვს.

- სხვა ქალებს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეო... ჩვენს მკითხველს რა ეტყოდით?

- თუ სოფელში ცხოვრობ, აუცილებლად უნდა შეძლო და შენი პატარა მეურნეობა შექმნა. მინიმუმ 2-3 ძროხა სოფელში აუცილებელია. ჩემს შვილიშვილებს დილით ფაფა უყვართ - რძე რომ არ მქონდეს, დილით სად გავიქცე, მაღაზიაში? წალენჯიხამდე 7 კილომეტრია. თუ მეტად ავმუშავდებით და მოვინდომებთ, სოფელიც უფრო ძლიერი იქნება. დახმარებაც აუცილებელია, მაგრამ დახმარებამდე, რაიმეს გაკეთების სურვილი უნდა გქონდეს.

მთელი წლის განმავლობაში უნდა დაიწყო იმისთვის მზადება, რომ ზამთარი გადაიტანო. ხომ მოგიყევით, როგორ გვიჭირდა, მაგრამ შრომა არ დაგვეზარა, მოვახერხეთ და ნელ-ნელა მდგომარეობა გავიუმჯობესეთ. რას ვიზამთ, ქალი სოფელში რომ ცხოვრობ, გიწევს სოფლის ცხოვრების მძიმე ტვირთი ატარო. თავდაპირველად, ერთი მეწველი ძროხა ყველის ამოსაყვანად ვიყიდეთ, რომ ეს პროდუქტი ოჯახური მოხმარებისთვის გვქონოდა, თუმცა, მალევე მივხვდით, რომ რძის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნა იყო. ისეც ხდება, რომ ზოგჯერ შრომა არ ამართლებს, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ.