ავტორი:

"მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინა ხაზზე ყოველთვის დგას ჩვენი პოლიცია" - ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

"მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინა ხაზზე ყოველთვის დგას ჩვენი პოლიცია" - ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

"დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციისთვის, ბოლო წლებში ისე, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუცვამს პოლიციელის ფორმა, კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დანაშაულთან ბრძოლა, ასევე, იცის, რა საამაყოა, ემსახურო მოქალაქეებს.

"ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაგვიცვამს პოლიციელის ფორმა, გვიტარებია პოლიციელის მუნდირი, კარგად ვიცით, რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია.

ვიცით, რა სირთულეები ახლავს თან დანაშაულთან ბრძოლას, ვიცით, რა საამაყოა, ემსახურო მოქალაქეებს და ვიცით ფასი ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლების დაცვის. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, კრიმინალთან ბრძოლა არის თითოეული ჩვენგანის ყველაზე საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი როლი. დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციისთვის, ბოლო წლებში, ისე, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა. ეს არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი და ეს მონაპოვარი ეკუთვნის საზოგადოების თითოეულ წევრს.

დღეს ჩვენ, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს ფუნდამენტზე აგებული ქვეყნის პოლიცია, ასევე, მთლიანად ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. მთავარი გამოწვევა ერთმანეთის პატივისცემა, სოლიდარობა, შრომის დაფასება, სამართლიანი კრიტიკა და ამ პრინციპების დაცვით ქვეყნის ერთიანობის, სტაბილური განვითარების და ღირსეული მომავლის უზრუნველყოფაა", - აღნიშნა მინისტრმა.

  • ვახტანგ გომელაურმა პოლიციელთა ოჯახის წევრებს მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისა და თმენის სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენი პროფესიული სირთულეების გამო, ხშირად მათთვის არ გვყოფნის დრო, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს - ჩვენი ოჯახებისა და შვილებისთვის. მადლობა თითოეულ მათგანს, პროფესიულ გზაზე პოლიციელთა მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისა და თმენის სიმტკიცისთვის. პოლიციელის პროფესიის და ფიცის ერთგულება, სამშობლოსა და თანამოქალაქეებისთვის სიცოცხლის გაწირვა, საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა - ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ უკან, ოჯახებში მომლოდინე ადამიანებს კი გისურვებთ, ყოველთვის გეამაყოთ თქვენი ოჯახის წევრი პოლიციელებით და ყოველი სამუშაო დღის შემდეგ უვნებლად, მშვიდობით დაგბრუნებოდეთ საყვარელი ადამიანები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელბს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მინისტრმა თქვა, მისთვის პასუხისმგებლობა და პატივია, რომ პოლიციელებთან ერთად კიდევ ერთხელ აღნიშნავს ამ დღეს.

"პოლიციელებო, მინდა, საქართველოს ერთგული სამსახურისთვის ყველას დიდი მადლობა გითხრათ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად აღვნიშნავ პოლიციელის დღეს. თითოეულ აქ მყოფ პოლიციელს და ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის. მადლობას გიხდით ღირსეული, მაღალპროფესიული და თავდაუზოგავი შრომისთვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას.

  • მინისტრის თქმით, ღონისძიებაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელია წარმოდგენილი, ხოლო მათი ათასობით კოლეგა ამ წუთებშიც განაგრძობს მოქალაქეების დაცვას.

"მთელი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის. უახლეს ისტორიაში, ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი ყოველთვის დგას ჩვენი პოლიცია. დღეს აქ საქართველოს პოლიცია წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელით, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. ისინი ამ წუთებშიც განაგრძობენ ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ებრძვიან დანაშაულს, აკონტროლებენ საზღვრებს, ებრძვიან ხანძრებს და ზრუნავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.