ავტორი:

"უვიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მთელი კამპანია ჰქონდა დაფინანსებული საქართველოს წინააღმდეგ" - რა ხდება ახლა და გამოიყენებს თუ არა ქვეყანა უნიკალურ შანსს?

"უვიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მთელი კამპანია ჰქონდა დაფინანსებული საქართველოს წინააღმდეგ" - რა ხდება ახლა და გამოიყენებს თუ არა ქვეყანა უნიკალურ შანსს?

საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება. საბოლოო ვერდიქტს ივნისის ბოლოს შევიტყობთ, როდესაც შევსებული კითხვარის საფუძველზე ჩამოყალიბებულ შეფასებებს ევროკომისია, 24-25 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს წარუდგენს.

"დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ", - ასეთია საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილი იმ ისტორიულ მომენტამდე, როცა შესაძლებელია საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ელჩის ვარაუდით, ევროკომისიის დასკვნა მომავალ კვირას იქნება, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსიები წევრ სახელმწიფოებს შორის, გადაწყვტილება კი ერთი თვის ვადაში მიიღება. "არ მსურს ევროკავშირის საბჭოს გადაწვეტილებაზე სპეკულირება, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები, თუ უფრო მეტი, პირობებით, თუ პირობების გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია - დროა სერიოზულად განხორციელდეს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის".

კონფერენციაზე ელჩმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს უკეთ შეეძლო მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირში იზრდება შეშფოთება ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ. კარლ ჰარცელმა მკაფიოდ თქვა ისიც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ისმის კითხვები, საით მიემართება საქართველო... მეტი სიცხადისთვის, მან ჩამოთვალა სინამდვილეში, რა არის ევროპელების შეშფოთების მიზეზი: არჩევნები, 5 ივლისი, მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა და ყველას მოსმენა ამ ქვეყანაში, სახელმწიფო ინსპექტორის სერვისის გაუქმება და ა.შ.

"საქართველოს შეეძლო უკეთესად მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის. ბოლო წლების განმავალობაში რეფორმების ტემპი შენელდა, პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ორივე მხარეს აქვს თავისი პასუხისმგბელობა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობის და პარტნიორობის. გვსურს, რომ საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ", - მოგვიწოდებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

კარლ ჰარცელის საპასუხოდ, გუშინვე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ბევრი პარამატრით უსწრებს წინ, როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას და გაუგებარია, ევროკავშირმა რატომ შეიძლება უარი უთხრას საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, როდესაც ქვეყანა და მისი ხელისუფლება გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც გამორჩეულია. "ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო... ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს", - განაცხადა კობახიძემ.

მანვე დასძინა, რომ "საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45%, რაც უპრეცედენტო შედეგია. ამ მონაცემებით, საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. კობახიძემ, ტრადიციულად, "ნაციონალურ მოძრაობაზეც“ მიუთითა და თქვა, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. დამნაშავეთა სიაში კობახიძემ "ლელოც“ შეიტანა და აღნიშნა, რომ " ორივე პარტია ევროპელ კანდიდატებთან გამართულ ყველა შეხვედრაზე ახმაურებენ გზავნილს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს“.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ იმდენად დააზარალა ქვეყანა და იმდენი პრობლემა შეუქმნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სრულიად დამსახურებული სტატუსი აღარ გვეძლევა. ოპოზიციის ლიდერთა მტკიცებით, ხელისუფლებას ერთადერთი გამოსავალი დარჩა, როგორმე გამოძვრეს ამ ვითარებიდან და წარუმატებლობა ოპოზიციას დააბრალოს.

"თვითკმაყოფილება და საკუთარი თავის ქება ყოველთვის კონტრპროდუქტიულია და არ წაადგება არც ხელისუფლებას და არც ქვეყანას“, - ამბობს ambebi.ge-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას იმედიანად უყურებს, თუმცა აქვს შენიშვნები, რომლებიც დარჩენილ ვადაში მაინც უნდა გავითვალისწინოს ხელისუფლებამ.

"პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. დრო კიდევ არის და ამ პერიოდში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ საწადელს. ყველაფერში ვგულისხმობ როგორც პარტნიორებთან, ასევე ქვეყნის შიგნით მუშაობას. არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რასაც ვუშვებთ და ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ გვინდა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით და ვმუშაობთ იმ ხარვეზების აღმოფხვრაზე, რომლებიც, სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს გვაქვს, იქნება ეს მართლმსაჯულება, თუ სხვა საკითხები. რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, პირველ რიგში ის, რომ რაც უნდა მწვავედ გვეჩვენოს ჩვენი პარტნიორების შეფასებები, ეს არის პარტნიორების შეფასებები და ამას სჭირდება არა ემოციური რეაგირება, არამედ დაფიქრება და შესაბამისი ქმედება - რაც გამოსასწორებელია გამოვასწოროთ და გავითვალისწინოთ, რომ გვაკრიტიკებენ კეთილის მსურველები. ამავე დროს, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ადამიანები არიან გადაწყვეტილების მიმღებნი, ან ისინი, ვინც გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღებაზე. ასე რომ, არ ღირს მეგობრებთან ურთიერთობის გაფუჭება, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მეგობარი. მეორე თემაა რიტორიკა. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ახლა, არამედ მთელი მისი ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ეს პრობლემაა "ქართული ოცნებისთვის“, ერთგვარი თვითკმაყოფილება - აი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა ყველაფერი ევროპელებზეა დამოკიდებულიო. ყველაფერი ნამდვილად არ გაგვიკეთებია. ჩვენი პარტნიორებიც ხედავენ, რა გაკეთდა და რა - არა. ყოველთვის გაცილებით მეტად ფასდება გულწრფელობა, მეტად დასაფასებელია, როდესაც ადამიანი ხვდება და შეცდომას აღიარებს, ცდილობს უკეთესობისკენ ცვლილებას, ვიდრე ის, როდესაც ხედავ, რომ ის ამას უარყოფს. ამიტომ ეს თვითკმაყოფილება და საკუთარი თავის ქება ყოველთვის კონტრპროდუქტიულია და არ წაადგება არც ხელისუფლებას, არც ქვეყანას. ეს რიტორიკა უნდა შევცვალოთ, ვინაიდან არ არის პროდუქტიული.“

ირაკლი კობახიძის განცხადებამ ოპოზიციის ნაწილში კითხვები გააჩინა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა უკვე იციან, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და საზოგადოების განწყობის შექმნას წინასწარ ცდილობენ. თავის მხრივ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, მედიასთან განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “მათთან აფილირებული” ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ცდილობენ საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და თუ მას იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ოპოზიციიდან ვინმე რომც ჩიოდეს, თავისი ქმედებებით ეს გადაწონოს, მაშინ რაღაც არასერიოზულ მიდგომასთან გვაქვს საქმე.

"არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შიდა და გარე ფაქტორები იყოს. მახსოვს, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მთელი კამპანია ჰქონდა დაფინანსებული საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლება იმისთვის არის ხელისუფლება, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა. მართლა არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ თუ ხელისუფლებას იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ოპოზიციიდან ვინმე რომც ჩიოდეს, თავისი ქმედებებით ეს გადაწონოს, მაშინ რაღაც არასერიოზულ მიდგომასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება იმიტომაცაა ხელისუფლება, რომ მას აქვს მეტი რესურსი, მეტი შესაძლებლობა და, შესაბამისად, აქვს პასუხისმგებლობა. ისეთი გულუბრყვილოებიც ნუ ვიქნებით დავიჯეროთ, რომ ევროპარლამენტარები უსმენენ ოპოზიციას და არ უსმენენ ხელისუფლებას. საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გადაბრალდეს სხვას ის, რაც შენი გასაკეთებელია. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველას აქვს თავისი პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ყველა მოტივირებულები უნდა ვიყოთ არა იმაზე, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში თავი როგორ ვიმართლოთ, არამედ ვიფიქროთ იმაზე, წარმატებას როგორ მივაღწიოთ. ასე რომ, ამ შემთხვევაში გვმართებს სწორი ნაბიჯების გადადგმა და მუდმივი ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან. ახლა ყველა იმით უნდა ვიყოთ დაკავებული, რომ ეს ბოლო დღეები მათთან ურთიერთობებისთვის გამოვიყენოთ.

სულ ამას ვამბობ, რაც კარლ ჰარცელმა თქვა - უნდა დავეხმაროთ პარტნიორებს, წარმატებას რომ მივაღწიოთ.

როდესაც ვლაპარაკობთ შემდგომ ნაბიჯებზე, თავისთავად ცხადია, რომ იქ არის ისეთი საკითხები, რომლებიც ერთ და ორ დღეში არ გამოსწორდება, ამას დრო სჭირდება, მაგრამ, როგორც მინიმუმ, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვიჩენთ სათანადო ძალისხმევას, მივდივართ ამ მიმართულებით და ა.შ. ჩვენ თუ ვილაპარაკეთ, არა, ყველაფერი კარგად გვაქვს და ყველაფერი გაკეთებულია, შესაბამის რეაქციასაც მივიღებთ. მთავარია, პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ სრულად აღვიქვამთ ამ პროცესს, მოტივირებული ვართ და სათანადო ძალისხმევას ვიჩენთ იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ის, რაც შესაცვლელია. სრულიად ვიზიარებ ჰარცელის პათოსს, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოკავშირეებს, რათა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. პროგნოზებზე ძნელია საუბარი, მაგრამ თვითონ ევროკავშირში, როგორც ვიცი, მიდის ძალიან სერიოზული განხილვა და მსჯელობა. რამდენიმე წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული სცენარები მუშავდება, მაგრამ ამაზე საუბრისგან მაინც თავს შევიკავებდი, ვრჩები ოპტიმისტად და ვიმედოვნებ, რომ ივნისი საქართველოსთვის წინსვლის თვე იქნება“, - აცხადებს ფხალაძე.