ტრაგედია 17 მაისს, უკრაინის ქალაქ სევეროდენცკში მოხდა - იმ დღეს ელენა ქუჩაში საჭმელს ამზადებდა, როცა ჭურვი ჩამოვარდა. ორი გოგონა - მარგარიტა და მიროსლავა დედის გარეშე დარჩნენ, ივნისში ისინი 3 წლის გახდებიან. ახლა ისინი მამასთან, დიმიტრი მოსურთან ერთად ხმელნიცკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ.
დიმიტრი 32 წლისაა. ამბობს, რომ ელენას თავისი ცხოვრების ნახევარი იცნობდა.
"ორივე სევეროდონეცკიდან ვართ. თავიდან უბრალოდ ვმეგობრობდით, შემდეგ დიდი ხნით კიევში წავიდა სამუშაოდ და უკან 2014 წელს დაბრუნდა. დაბრუნებიდან ერთ კვირაში შევხვდით და მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით. ოფიციალურად ხელი არ გვქონია მოწერილი. ლენა ძალიან კარგი ადამიანი იყო, ის საბითუმო საწყობში ოპერატორად მუშაობდა, ძალიან კომუნიკაბელური იყო. ის ახლა სამუდამოდ 27 წლის დარჩა...“
2019 წლის ივნისში წყვილს ტყუპები შეეძინა.
"ბავშვი გვინდოდა, მშობიარობაც კი დავგეგმეთ, რომ ზაფხულში ყოფილიყო. ჩემი დაბადების დღე ზამთარშია, ცივა. სხვა საქმეა ზაფხული, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ყვავის... დედაჩემის მხრიდან ტყუპი ბიძაშვილები მყავს. ექოსკოპიაზე რომ მივედით, გვითხრეს რომ ორი გოგონა გვეყოლებოდა, შიშის გრძნობა დამეუფლა. გარშემო ყველა ამბობდა, რომ ბავშვის გაზრდა ძვირი და რთულიაო. შიში მაშინვე გამიქრა, როდესაც საავადმყოფოში შევედი და ჩემი ქალიშვილები დავინახე. მათ მარგარიტა და მიროსლავა დავარქვით...“
ქალიშვილების დაბადებამდე დიმიტრი და ელენა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ვიდრე ქალი საავადმყოფოში იმყოფებოდა, დიმიტრიმ ნივთები დედასთან ხუთსართულიან კორპუსში გადაიტანა, რადგან სახლის დაქირავება და ორი ბავშვის გაზრდა გაუჭირდებოდათ..
"სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში საცხოვრებლად სიდედრთან გადავედით, მისი სახლი ყველა მხრიდან სხვა საცხოვრებელი კორპუსებით იყო დაკეტილი. გვეგონა, რომ იქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით. ერთი თვის შემდეგ, როდესაც მასიური დაბომბვა დაიწყო, მთელი ოჯახი იქვე ახლოს მდებარე რესტორან "ბერლოგას“ სარდაფში გადავედით. ჩემი, ლენას და ჩვენი ქალიშვილების გარდა, იქ იყვნენ: ჩემი სიდედრი და ლენას ძმა, ასევე დარაჯი მეგობართან ერთად. რესტორნის კედელზე "CHILDREN“ ეწერა. ხალხმა, ვინც იქვე ცხოვრობდა, როდესაც გაიგეს, რომ სარდაფში ორი გოგონა ცხოვრობდა, სათამაშოები მოუტანეს. მარგარიტა და მიროსლავა არ იწყენდნენ.

ვიდრე ფული ჰქონდათ, დიმიტრი საკვებს ყიდულობდა, შემდეგ კი მოხალისეებმა მიაწოდეს, მაგრამ პრობლემები იყო სასმელ წყალთან დაკავშირებით.
"ჯერ კიდევ მარტში დავარწმუნე დედა და და, ნათესავებთან ხმელნიცკის რეგიონში წასულიყვნენ. შემდეგ კი ლენასთან და ჩემს ქალიშვილებთან ერთად მინდოდა წასვლა, მაგრამ ცოლი წინააღმდეგი იყო. ის ამბობდა, რომ სევეროდონეცკს, მის მშობლიურ ქალაქს არ დატოვებდა, სადაც ჰყავდა დედა და ძმა. რატომღაც კატეგორიული უარი თქვა წასვლაზე. სხვათა შორის, ისინი ისევ იქ არიან, არ ვიცი, რა დაემართათ“.
ყოფილი რესტორნის შენობაში კომუნიკაციები არ იყო. საჭმელს ცეცხლზე ამზადებდნენ, როდესაც შეშა ამოიწურა, ახლო-მახლო ხეებს ჩეხავდნენ.

"ამჟამინდელი რეალობის პირობებში, 17 მაისი ჩვეულებრივი დღე იყო სევეროდონეცკისთვის. არაფერი შეცვლილა, რადგან მუდმივად იბომბება. მე ბავშვებთან ერთად სარდაფში ვიყავი, ლენა კი სადილის მოსამზადებლად გარეთ გავიდა. მისგან 15 მეტრში ჭურვი ჩამოვარდა... ის თავის უკანა არეში დაიჭრა. ქუჩაში რომ გამოვედი, ჩემი ცოლი მიწაზე იწვა. თვალები ღია ჰქონდა, ისევ სუნთქავდა. თავშესაფარში მიყვანა მინდოდა, თავი რომ ავაწევინე, უკან ძვლები სულ დამსხვრეული ჰქონდა. მოხალისე სერგეი გაიდიდი დამეხმარა და საავადმყოფოში მანქანით წაიყვანა. მე ჩემს ქალიშვილებთან ერთად სარდაფში დავრჩი. სერგეიმ ის ღამე საავადმყოფოში გაატარა, რადგან იმ დროისთვის კომენდანტის საათი უკვე დაწყებული იყო. დილას ადრე მოვიდა ჩვენთან, გვითხრა, რომ ექიმებმა ლენა ვერ გადაარჩინეს. ის სამუდამოდ 27 წლის დარჩება. ისევ ის მოხალისე დამეხმარა დაკრძალვაში, დიდი მადლობა მას. არც კი ვიცი დაკრძალვა რა ღირდა, სერგეი ზრუნავდა ყველაფერზე. მე მხოლოდ გარდაცვალების მოწმობა ავიღე“.
ელენა ახალ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს.
დიმიტრი, მარგარიტასთან და მიროსლავასთან ერთად, სევეროდონეცკიდან მეუღლის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ წავიდა. მათ ისევ მოხალისე სერგეი დაეხმარა თავშესაფრიდან ევაკუაციის ცენტრში მოხვედრაში. ახლა დიმიტრი შვილებთან ერთად ხმელნიცკის რაიონის ერთ-ერთ სოფელშია.

”დედაჩემი უკვე აქ იყო, ჩვენი ნათესავები აქ ცხოვრობენ. სამწუხაროდ, ადგილი არ ჰქონდათ, ომის დაწყებიდან უკვე სხვა ნათესავები ჰყავდათ ჩასახლებული, ამიტომ მინიმალურ ფასად ვიქირავე სახლი. აქ სოფელში იყიდება ქოხი, ვაპირებ ყიდვას და ჩემს ქალიშვილებთან ერთად ცხოვრებას. ახლა დოკუმენტაციით ვარ დაკავებული: მინდა, რომ მიროსლავამ და მარგარიტამ პენსიები მიიღონ. როცა ხელში მექნება ყველა საჭირო საბუთი, საკვების ქარხანაში ვიმუშავებ, გავარკვიე, რომ ვაკანსიებია. სოფელში საბავშვო ბაღია, იქვე ჩემი ძმა ცხოვრობს და თავისი შვილები ჰყავს. ხანდახან მარგარიტას და მიროსლავს ჩემს ძმასთან დავტოვებ“.
დიმიტრი ცრემლიანი თვალებით მადლობას უხდის სოფლის მცხოვრებლებს, რომლებიც ძალიან დაეხმარნენ მის ოჯახს.
"როდესაც გაიგეს ჩვენს შესახებ, ყველა ძალიან დამეხმარა. თითქოს ნათესავები ვიყავით. მოგვიტანეს საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები, წამლები... ცოტა ხნის წინ შვილებმა მკითხეს, - სად არის დედა? - არ ვიცოდი რა მეპასუხა... ვუთხარი, რომ ის მაღაზიაში წავიდა...“ წყარო