ავტორი:

"ჩემი შვილი ცოცხალი რომ არის, ეს ქველმოქმედი ხალხის დამსახურებაა" - უმძიმესი დიაგნოზი და მშობლების ბრძოლა ჯაბას სიცოცხლისთვის

"ჩემი შვილი ცოცხალი რომ არის, ეს ქველმოქმედი ხალხის დამსახურებაა" - უმძიმესი დიაგნოზი და მშობლების ბრძოლა ჯაბას სიცოცხლისთვის

მათ ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს, მათ შორის, ჩვენი მკითხველიც. შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე შშმ პირის მამაა. ჯაბა მურცხვალაძეს უმძიმესი დაავადება აქვს. მას მუდმივად სჭირდება სამედიცინო კვლევა და შესაბამისი მკურნალობა. ამას სამი შშმ -პირიანი ოჯახი მხოლოდ ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით ახერხებს. მათ ახლაც სჭირდებათ ადამიანების დახმარება.

გოგიტა მურცვალაძე:

- ვინც მედიცინასთან ახლოს არის, ყველას კარგად მოეხსენება, რომ გაზაფხულზე, ყვავილობის პერიოდში, ბუნების გამოღვიძებისას, ავადმყოფი ადამიანის ტკივილებიც იღვიძებს. ასეა ჩემი შვილის შემთხვევაში - მატულობს კრუნჩხვები და სხვადასხვა სახის სიმპტომი, რაც მის დაავადებას საერთოდ ახასიათებს.

მისი დიაგნოზი თითქმის ყველამ იცის - ეს არის ჰიდროცეფალია, უმძიმესი დაავადება, იმის იქით უკვე სიკვდილია. ღვთის წყალობით, რაც ფეხი აიდგა (ძალიან გვიან) მას მერე, მისი მდგომარეობის ბუნებრივი გაუმჯობესება ხდება - ყველაფერი კი მხოლოდ მუდმივი და შესაფერისი მკურნალობისა და კვლევების შედეგად. ეს პროცესი არ უნდა შეწყდეს - სულ ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. თავის დროზე არც კვლევა უნდა დააკლდეს და არც - მკურნალობა.

დღევანდელი ფასებიდან და აქვე ჩვენი ოჯახის ბიუჯეტიდან გამომდინარე (ოჯახში სამი შშმ პირი ვართ), ამ ყველაფრის გაკეთება ძნელია. ადამიანების და საზოგადოების დახმარება რომ არა, ამას ვერც შევძლებდით. მოკლედ, გადარჩენილები ვართ ღვთის წყალობით და ქველმოქმედი ხალხის თანადგომით. კი, ჩემი შვილი ცოცხალი რომ არის, ეს ამის დამსახურებაა.

ჯაბას თავში ჩანერგილი აქვს ხელოვნური აპარატი, რომლის პერიოდულად ამოღება და გაწმენდა ხდება. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ოპერაციის ტოლფასი პროცედურა. კათეტერი როცა გაიჭედება, იღებენ, წმენდენ და ისევ უკან უდგამენ კისრისა და თავის არეში.

- ეს პროცედურა რამდენ ხანში ერთხელ უტარდება?

- წინასწარ ვერ განსაზღვრავ - შეიძლება, წელიწადში ერთხელ, ორჯერ, ან 2-3 წელიწადში ერთხელ. აქამდე სამი-ოთხჯერ აქვს შეცვლილი. აპარატს რომ ვამბობ, ეს, პრაქტიკულად, ხელოვნური პარკუჭია. მის ჩადგმაში, თავის დროზე, უცხოელი ქალბატონები დამეხმარნენ. საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში და ერთ-ერთი ელჩის მეუღლე. მათ ჩამოგვიტანეს უცხოეთიდან, რაც შედეგიანი აღმოჩნდა.

მოკლედ, პარკუჭი თავშია ჩადგმული, ჯაბას კისერთან აქვს ფილტრი, გრძელი კათეტერი კი ხერხემლამდე მიდის. რაც კისერსა და თავ შორისაა მოქცეული, ხშირად სწორედ ის იჭედება. ახლა უწევს გაწმენდა, ამას მეც ვატყობ. თვალითაც კარგად ჩანს, - ამოიბურცება ხოლმე. ამისთვის მზად უნდა იყო. ოღონდ, მანამდე კვლევა სჭირდება.

ნარკოზი სხვადასხვა მიზეზით უკვე 11-ჯერ აქვს მიღებული (არადა, ეს გამოკვლევები სულ ნარკოზის ქვეშ ტარდება). ამასთანავე, ოპერაციებიც ნარკოზით აქვს ჩატარებული და ფაქტობრივად, ორგანიზმი ნარკოზით აქვს გაჟღენთილი.

- ე.ი. ეს ყველაფერი გარკვეულ შედეგს იძლევა...

- ვინმესთვის შეიძლება, გასაკვირი იყოს, მაგრამ ის, რაც ადამიანისთვის გასაკვირია და შეუძლებელი, ღვთისთვის შესაძლებელია. ამიტომ, მისი წყალობით, ჩემი შვილის გონებრივი განვითარება ეტაპობრივად წინ მიდის. არადა, ისეთი დაავადებაა, ეს არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ, რადგან ასეა, არ მინდა, რამე მოაკლდეს. რაც ჩასატარებელია, უნდა ჩაუტარდეს.

ორი ქრისტიანული დღესასწაული გვიახლოვდება - ნინოობა და ამაღლება. ღმერთმა დალოცოს ხალხი, ადამიანები, ვინც ჩვენ გვეხმარება, გვერდით გვიდგას და დახმარებას ისევ გაგვიწევს. უდიდესი მადლობა მათ ამისთვის.

ვიმეორებ, ეს თანადგომა რომ არ ყოფილიყო, ალბათ აქამდე ფატალური შედეგი იქნებოდა დამდგარი. ჩემი შვილი ღმერთის შემწეობით და ადამიანების დახმარებით არის ცოცხალი, ეს მართლა ასეა.

საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. ანგარიში: GE57TB7080645064300028

ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000