უკრაინის უმაღლესმა რადამ სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დენისოვას წინააღმდეგ ხმა 234-მა დეპუტატმა მისცა. მისი გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მის გასათავისუფლებლად გამოყენებული იქნა მექანიზმი, რომელიც უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის, ლუდმილა დენისოვა ომბუდსმენის თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებს.
“უნიანის“ ინფორმაციით, 2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა რუსი დამპყრობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. კულებას თქმით, ომბუდსმენმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმალებოდა ხერსონში 58 ბავშვი და, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დამპყრობლებმა ისინი ყირიმში წაიყვანეს".
გარდა ამისა, "უნიანი" "ტელეგრამგვერდზე" წერს, რომ კულუარული ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ გაუგებარი იყო დენისოვას რიგი განცხადებები. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ის გაემიჯნა ჰუმანიტარული კორიდორებისა და ტყვეთა გაცვლის საკითხებს, ასევე 24 თებერვლის შემდეგ დიდ დროს ატარებდა უცხოეთში.