ავტორი:

ყოფილი პრინცესა, რომელიც ექსმეუღლეს, ყატარის პრინცს შვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, გარდაცვლილი იპოვეს - ქმართან ათწლიანი დავა და იდუმალებით მოცული საქმე

ყოფილი პრინცესა, რომელიც ექსმეუღლეს, ყატარის პრინცს შვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, გარდაცვლილი იპოვეს - ქმართან ათწლიანი დავა და იდუმალებით მოცული საქმე

ყატარის ყოფილი პრინცესა, 45 წლის კასია გალანიო ესპანეთში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ყოფილი ქმარი, ყატარელი პრინცი უფროს შვილზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მედიაში გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ნარკოტიკების სავარაუდო ჭარბი დოზის მიღებას ასახელებენ.

ცხედარი პოლიციამ გასულ კვირას იპოვა. სამართალდამცველები ამბობენ, რომ გარდაცვლილი საწოლში იყო და მას არ აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი.

როგორც ესპანური El Pais-ი იტყობინება, პოლიცია ქალის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც სამართალდამცველებს პარიზიდან კასიას უმცროსმა შვილმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ბოლო დღეეების განმავლობაში დედასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.

ფრანგული Le Parisien-ი მაისში წერდა, რომ ქალი მიდრეკილი იყო ნერვული აშლილობისკენ, რომ ის კლინიკაში იყო მოთავსებული რამდენიმე თვის განმავლობაში, სტანჯავდა დეპრესია, ასევე ებრძოდა ალკოჰოლიზმს. თუმცა კასია გალანიოს მეგობრები ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაცია სიცრუეა და ყველაფერს მისი ყოფილი ქმარი იგონებდა, რათა ქალს შვილებზე მეურვეობის უფლება ვერ მიეღო.

პოლონური წარმომავლობის გალანიო, ლოს ანჯელესში დაიბადა. ის ყატარის ემირის 73 წლის ბიძაზე, პრინც აბდელაზიზ ბინ ხალიფა ალ თანიზე 2004 წელს დაქორწინდა. წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინა. უფროსი ტყუპი გოგონები ახლა 17 წლის არიან, ხოლო უმცროსი 15 წლისაა.

კასია გალანიოს შვილები

გოგონებს დედასთან ერთად ცხოვრება სურდათ, მაგრამ როგორც თვითონ კასია გალანიო ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, ყოფილი ქმარი მის "დასჯას ცდილობდა" და დედასა და შვილებს ერთად ცხოვრების უფლებას არ აძლევდა. ყოფილი სამეფო წყვილი ათ წელზე მეტია მძაფრ სამართლებრივ ბრძოლაში იყო შვილებზე მეურვეობის მოპოვების მიზნით - კასია იბრძოდა, რომ თავის შვილებზე მეურვეობა მიეღო.

მან ყოფილი ქმარი უფროს შვილზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა აბდელაზიზ ბინ ხალიფა ალ თანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეს პარიზის სასამართლო ამ დრომდე იძიებს და ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის.

კასიას ყოფილი ქმარი ყატარში წლების წინ ნავთობისა და ფინანსთა მინისტრად მუშაობდა, თუმცა უკვე მრავალი წელია საფრანგეთში ცხოვრობს. 1990-იან წლებში ის იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა ყატარის ლიდერის წინააღმდეგ გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

აბდელაზიზ ბინ ხალიფა ალ თანი

ყატარელი პრინცი სამ ქალიშვილთან ერთად საფრანგეთში, პარიზში, ელისეს მინდვრებთან ახლოს, მდიდრულ სასახლეში ცხოვრობს.

გარდაცვლილი ყოფილი პრინცესას ახლო მეგობარი ლუი სპაგნუოლო ამბობს, რომ გალანიო ნარკოტიკების წინააღმდეგი იყო - "მას ძალიან კარგად ვიცნობდი, განადგურებული ვარ ამ ამბით, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა, უყვარდა თავისი ქალიშვილები. სასტიკი წინააღმდეგი იყო ნარკოტიკების და არასდროს ყოფილა ალკოჰოლიკი“, - ამბობს მეგობარი, რომლის თქმითაც, მსგავს ამბებს კასია გალანიოს ყოფილი ქმარი უგონებდა.