ავტორი:

"თუ EPP-ის პოზიციის გამო საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, კიდევ უფრო დავარდება იმ პარტიის რეიტინგი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს" - სუბარი

"თუ EPP-ის პოზიციის გამო საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, კიდევ უფრო დავარდება იმ პარტიის რეიტინგი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს" - სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, თუ EPP- ის პოზიციის გამო საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, „რომელიც ევროპაში მის პარტნიორ პარტიებთან ერთად ხელს უშლის ქვეყანას სტატუსის მიღებაში“, დავარდება. მისივე თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს თუ "არა დღეს, ვთქვათ, მაშინ ხვალ, ზეგ".

"EPP- ისთან მუშაობის ნაკლებობასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ მათ აქვთ ასეთი (კრიტიკული, უარყოფითი) პოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, არ იცვლება. რას ვიზამთ, აქვთ ასეთი პოზიცია, ექნებათ ასეთი პოზიცია, თუ მათი პოზიციის გამო საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამას კარგად დაინახავს ქართველი ხალხი და კიდევ უფრო მეტად დავარდება იმ პარტიის რეიტინგი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და რომლის პარტნიორი პარტიები ევროპაში იგივეს აკეთებენ. საქართველო ამ სტატუსს აუცილებლად მიიღებს არა დღეს, ვთქვათ, მაშინ მიიღებს ხვალ, ზეგ. ყველა ერთხმად აღიარებს, ვერავინ ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს ამ სტატუსს, რომ არ არის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანასთან შედარებით, მაგრამ თუ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამასაც შევხედავთ ძალიან მშვიდად,"- განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, რატომ არ ისმის მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტში მათი პარტნიორი "სოციალისტური ალიანსისგან“, სუბარი აღნიშნავს, რომ „მხარდაჭერა რამდენად არსებობს, გამოჩნდება როცა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე იქნება საუბარი". მისივე თქმით, მხარდაჭერა გამოჩნდა მაშინ, როცა ქვეყანამ ასოცირების შეთანხმება გააფორმა და ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა მიიღო.