ავტორი:

"ემპათიის“ დასკვნები არასდროს გამხდარა დაეჭვების საფუძველი" - მარიამ ჯიშკარიანი

"ემპათიის“ დასკვნები არასდროს გამხდარა დაეჭვების საფუძველი" - მარიამ ჯიშკარიანი

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა "ვივამედში“ "ემპათიას“ მედიკოსები მივიდნენ.

როგორც ცენტრ "ემპათიის" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა კლინიკაში შესვლამდე განაცხადა, საექსპერტო დასკვნა განიხილავს მკურნალობის და რეაბილიტაციის ეფექტურობას, რაც შესაძლებელია სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პროცესის წარმართვის საფუძველი გახდეს.

"დღეს დაიწყება ექსპერტიზის ნაწილი, რომელსაც ჰქვია პაციენტის ადგილზე შემოწმება და გასინჯვა. შესაბამისად, გავეცნობით კიდევ დამატებით დოკუმენტაციას და შემდგომში გადავწყვიტავთ რა ფორმატით გაგრძელდება ექსპერტიზა. საექსპერტო დასკვნა განიხილავს მკურნალობის და რეაბილიტაციის ეფექტურობას, რამდენად ეფექტური იყო პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული მკურნალობა და რეაბილიტაცია და რამდენად ადეკვატური იყო მდგომარეობის დიაგნოსტიკა, რამდენად აქვს შესაძლებლობა პენიტენციურ სამსახურს განახორციელოს ეფექტური მკურნალობა და რა თქმა უნდა, იგი შესაძლებელია გახდეს საფუძველი, რომ სასამართლოში წარიმართოს პროცესი სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ამასთან, "ემპათიას" ხელმძღვანელი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ შეთავაზებას, რომ მათაც ჩართონ ექსპერტიზაში წარმომადგენელი, რაზეც ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება ჯერჯერობით მართებული არ არის.

"იურიდიული თვალსაზრისით ცენტრი "ემპათია“ ატარებს ექსპერტიზას, ამგვარი საკითხის განხილვა ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მართებულად, სახელმწიფო ექსპერტიზა უფლებამოსილია თავად ჩაატაროს ექსპერტიზა. ასევე, პატიმარი უფლებამოსილია, ვისაც უნდა იმას მიმართოს ექსპერტიზასთან დაკავშირებით. რაც შეეხება "ემპათიის" დასკვნებს - ჩვენი დასკვნები არასდროს არ გამხდარა დაეჭვების საფუძველი", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.