ავტორი:

სკანდალები, ბრალდებები, მძიმე განაჩენი თურქეთში და სუროგაციით გაჩენილი მრავალი შვილი - ვინ არის ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში დააკავეს?

სკანდალები, ბრალდებები, მძიმე განაჩენი თურქეთში და სუროგაციით გაჩენილი მრავალი შვილი - ვინ არის ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში დააკავეს?

31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში თურქი ბიზნესმენი, კომპანია "მეტრო სითის“ დირექტორი გალიფ ოზთურქი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გალიფ ოზთურქის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო სამუშაოები, რაზეც სასამართლომ განჩინება 31 მაისს გასცა. "ბათუმში, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გალიფ ოზთურქი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

თუმცა როგორც ირკვევა, ეს მისი პირველი დაკავება სულაც არ არის და მასზე თურქეთში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

  • ვინ არის გალიფ ოზთურქი?

ის ცნობილი თურქი ბიზნესმენია, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსპორტო კომპანია “მეტრო” 1977 წელს დააარსა. ოზთურქი საქართველოში აქტიურად 2014 წელს გამოჩნდა, თუმცა მისი ერთ-ერთი კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” ქვეყანაში 2 წლით ადრე დარეგისტრირდა. metro holding-ი საქართველოში სააქციო კომპანიის სახით დღემდე აქტიურად საქმიანობს. “მეტრო ჰოლდინგი”, ძირითადად, სატრანსპორტო საქმიანობითაა ცნობილი, რადგან საქალაქთაშორისო საავტობუსო მომსახურებას ეწევა.

მას საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიანიჭეს. საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე იძებნება 2015 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული ინფორმაცია, რომელშიც ოზთურქი მოხსენიებულია მეცენატად და წერია, რომ "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" მეორე მსხვილ დონაციას ახორციელებს. ინფორმაციაში ლაპარაკია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებლის, გალიფ ოზთურქის შეხვედრაზე. “თურქმა მეცენატმა გამოთქვა სურვილი, ქველმოქმედების მიზნით, გადარიცხოს დამატებით 500 000 ლარი "სოლიდარობის ფონდში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. იქვე ნათქვამია, - გალიფ ოზთურქის ჰოლდინგს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პროექტების დასასრულს კი ინვესტირებული იქნება 200 მილიონი დოლარი და დასაქმდება 2500-3000 ადამიანიო…

მოკლედ, საბოლოდ მან საქართველოში მიწებიც იყიდა, დააფუძნა "მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფია. მის შემადგენლობაში შედის კომპანიები, რომელიც ტრანსპორტის, ტურიზმის, მშენებლობისა და სხვა დარგებში საქმიანობენ. კომპანიის საქმიანობის ძირითადი არეალი აჭარაა და ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივი ბათუმში მდებარე სასტუმრო “ეიფორიაა”.

ifact.ge -ის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 81 მილიონი ლარი იყო. გალიფ ოზთურქის ანგარიშზე საქართველოში 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზთურქმა ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, 2016 წელს თურქული სკოლა ისე გახსნა, რომ არც შენობის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და არც სასწავლო დაწესებულებას გაუვლია ავტორიზაცია. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, გია თავამაიშვილი 2016 წელს “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობდა, რომ სკოლის გახსნის შესახებ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა.

  • ოზთურქის პრობლემები თურქეთში

თურქულ მედიაში ოზთურქის წინააღმდეგ სასამართლო საქმეების შესახებ წლებია წერენ. როგორც გამოქვეყნებული მასალებით ირკვევა, ის პირველად ჯერ კიდევ 2003 წელს, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასჯელს გადაურჩა. მეორედ დააკავეს საფონდო ბირჟაზე მანიპულაციის გამო, მესამედ თურმე დიდი ოდენობით კოკაინის უნახეს, თუმცა სამივე ბრალდება ციხის გარეშე დასრულდა. ყველაზე დიდი პრობლემები მას 2018 წელს შეექმნა, როდესაც მკვლელობის წახალისებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მან მოახერხა განაჩენის გამოცხადებამდე თურქეთის დატოვება და საქართველოში შემოსვლა. როგორც ამბობენ, მას ამის შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია, თუმცა "იმედისთვის“ გასულ წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას თურქეთში ჩასვლის პრობლემა არ აქვს.

"თურქეთის მთავრობასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ჩემი მეგობარია. გარკვეული პრობლემები 2016 წელს შემექმნა, მაშინ, როდესაც სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. მე ამ პროცესის ორგანიზატორების მსხვერპლი და ამ პროცესით დაზარალებული ადამიანი ვარ. გეტყვით იმასაც, რომ ჩემს წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო მიმდინარეობდა, ნაწილი ახლაც პროცესშია, ნაწილზე ხელახლა განხილვის უფლება მოვიპოვე. მე არაფრის მეშინია, ჩემი სიმართლე ჩემი ფარია. ითქვა, რომ თითქოს მე თურქეთში დაბრუნება არ შემიძლია, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. მე, უბრალოდ, ძალიან მიყვარს საქართველო და ამიტომ ვარ აქ. შემიძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წასვლა, მათ შორის თურქეთშიც...“ - ამბობდა ის "იმედზე", გია ჯაჯანიძესთან ინტერვიუში.

  • ოზთურქი და სუროგაცია

თემა, რომლითაც ოზთურქი ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, გახლავთ სუროგაციის წესით გაჩენილი შვილები. მისი ამჟამინდელი მეუღლე კრისტინა გაგარკინა სულ რაღაც 24 წლისაა, თუმცა, როგორც უცხოური მედიიდან გახდა ცნობილი, ის სუროგაციით გაჩენილ არაერთ ბავშვს ზრდის. ზუსტად რამდენი ბავშვია იზთურქების ოჯახში, რთული სათქმელია. დაახლოებით წლინახევრის წინ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ლაპარაკი იყო, რომ წყვილს სუროგაციით შეძენილი 10 ბავშვი ჰყავდა.

კრისტინა გაგარკინა და ბავშვები

მოგვიანებით "იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოზთურქმა ილაპარაკა შვილებზეც და განაცხადა, რომ ჰყავდა 8 სრულწლოვანი შვილი, რომლებიც მის კომპანიაში მუშაობდნენ, თუმცა იქვე დაამატა:

"ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს, რომელიც საკუთარივით მივიღე. როცა მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი გავიცანით, გადავწყვიტეთ, რომ ბევრი შვილი გვყოლოდა, ამის შემდეგ მივმართეთ სუროგაციის გზას და ახლა 31 შვილი გვყავს“.

ოზთურქი და გაგარკინა

ის გასულ წელს გაეხვა სკანდალში, როდესაც ჩინეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალმა ვეიმი კონგმა შვილების მოპარვაში დაადანაშაულა. ქალი ამტკიცებდა, რომ მისი კვერცხუჯრედებით და ოზთურქის ბიოლოგიური მასალით 6 ბავშვი სხვადასხვა სუროგატმა დედამ გააჩინა, რომლებსაც თვითონ ზრდიდა, თუმცა მისი მტკიცებით, ოზთურქმა ის ქვეყნიდან მოტყუებით გაუშვა, შემდგომ კი საქართველოში დაბრუნების უფლება აღარ მისცა.

ვეიმი კონგი ბავშვებთან ერთად

ამის თაობაზე ოზთურქმა "იმედზე" ასეთი განმარტება გააკეთა:

"მე და ჩემს მეუღლეს სუროგაციის გზით გვინდოდა შვილების გაჩენა, ქალბატონი ჩვენი დონორი იყო. პანდემიის დროს მან თავის სამშობლოში წასვლა ვერ მოახერხა, რის გამოც გარკვეული დროით მოუწია აქ დარჩენა. სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა სხვა ინტერესები, ანგარიშები... ეს ყველაფერი მედიამაც გააშუქა, თუმცა არასწორი ფორმულირებით, სწორედ ამიტომ გაჩნდა გარკვეული კითხვები და ნეგატივი, თუმცა, ვიმეორებ, ჩემი ყველაზე დიდი ფარი ჩემი სიმართლეა“.

თუმცა დაიცავს თუ არა ეს "ფარი" ოზთურქს ქართული მართლმსაჯულებისგან, ამას უახლოესი მომავალი აჩვენებს.