ავტორი:

"ილია მამისკენ გაეშურა... მის შესახებ ბევრი ითქმება, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს საზოგადოებას" - რა ისტორიას იხსენებს დავით მაღრაძე ილია ელოშვილსა და აფხაზეთის ომზე?

"ილია მამისკენ გაეშურა... მის შესახებ ბევრი ითქმება, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს საზოგადოებას" - რა ისტორიას იხსენებს დავით მაღრაძე ილია ელოშვილსა და აფხაზეთის ომზე?

პოეტი დათო მაღრაძე თბილისის მერის ყოფილ მოადგილე, ილია ელოშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პოეტი ილია ელოშვილთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

"აფხაზეთში ომია... ქართველი ჟურნალისტები თავს არ ზოგავენ და მოსახლეობას პირდაპირ ცეცხლის ხაზიდან აწვდიან ახალ-ახალ რეპორტაჟებს. ერთ-ერთი ასეთი რეპორტაჟისას, წამით ეკრანზე გაკრთა კადრი - პირტიტველი ჭაბუკი, ხელში ავტომატით და სიგარეტით მიმართავს ოპერატორს: - ნუ მიღებთ რა, მამაჩემთან არ ვეწევიო...

ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მამამ იცის რომ შვილი სამშობლოსათვის თავს წირავს, თუმცა ეს თავგანწირვა მამაშვილობის ფაქიზი სიმების ჰარმონიას არ არღვევს. ყმაწვილი კაცი ილია ელოშვილია, მამა ცნობილი ქართველი ვაჟკაცი და სახელმწიფო მოღვაწე ომარ ელოშვილი.

დღეს ილია მამისაკენ გაეშურა იმ მამაშვილობის ჰარმონიის აღსადგენად, მამის სიკვდილმა რომ დროებით დაარღვია. ვიცი, ბევრი ითქმება ილია ელოშვილის შესახებ. ახალი საქართველოს მშენებლობაში კახი კალაძესთან და თანაგუნდელებთან ერთად მისი ღირსეული წვლილის შესახებ, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც ვფიქრობ, სამუდამოდ უნდა გაჰყვეს საქართველოს მომავალ თაობებს, საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად",- აცხადებს დათო მაღრაძე.

სამძიმრის წერილს ავრცელებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც:

"მტკივნეული და ტრაგიკული დღეა ყველასთვის, ვინც იცნობდა ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებულ და მასზე მოამაგე, სიკეთით სავსე გამორჩეულ ადამიანს ილია ელოშვილს.

ვიზიარებ ილია ელოშვილის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების, თბილისის და მთელი საქართველოს ტკივილს. მადლობა ილიას მეგობრობისთვის," - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.