ავტორი:

ესტონეთის ელჩი ასახელებს ევროკავშირის პასუხის სამ სავარაუდო ვარიანტს, რომელიც შეიძლება საქართველომ ალიანსის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადის პასუხად მიიღოს

ესტონეთის ელჩი ასახელებს ევროკავშირის პასუხის სამ სავარაუდო ვარიანტს, რომელიც შეიძლება საქართველომ ალიანსის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადის პასუხად მიიღოს

ვფიქრობ, არსებობს სამი ვარიანტი - პირველი: კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მეორეა კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭება და მესამე არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა დისკუსიაზე, სახელწოდებით "საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა” განაცხადა.

"არ მსურს ამ საკითხზე სპეკულირება, რადგან ევროკომისია გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ჩვენ, ესტონეთი მხარს ვუჭერთ სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ეს არის ჩვენი, როგორც ქვეყნის პოზიცია და ის სხვა წევრებთან იქნება განხილული. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი იქნება. ვფიქრობ, არსებობს სამი ვარიანტი - პირველი: კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მეორეა კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭება და მესამე არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ვსაუბრობდით სხვაობებზე. ვფიქრობ, ყველას გესმით, რომ აქცენტი ახლა არის უკრაინაზე. უკრაინა თუ მიიღებს ცოტათი მეტს, ვიდრე დანარჩენი ორი – ესეც ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ არც ეს არის დანამდვილებით. არავის არაფერი გადაუწყვეტია. არავის გავუფრთხილებივართ წინასწარ რაიმე გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა ბრიუსელის გადაწყვეტილებაზე გავლენას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები და რას ფიქრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტართან დაკავშირებით, რომ "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკურად დროული, ელჩმა უპასუხა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ კონკრეტულ საქმეზე.

"ჩემთვის რთულია, კომენტარი გავაკეთო რომელიმე სპეციფიკურ სამართლებრივ საქმეზე. ვფიქრობ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ სამართლებრივ საქმეზე, არამედ ის დამოკიდებული იქნება მართლმსაჯულების სისტემის საერთო საქმიანობაზე. საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ამ მიმართულებით, მაგრამ წინ კიდევ ძალიან, ძალიან გრძელი გზაა. იმედი მაქვს, ეს ბოლო სამართლებრივი საქმეები არ ეფუძნება რაიმე სახის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლო პროცესებს, მათთან დაკავშირებით, ვინც დაკავებული ან დაპატიმრებულია“, – განაცხადა რიინა კალიურანდმა.