ავტორი:

სარაკეტო იერიში და აფეთქებები კიევში - როგორია ვითარება უკრაინის დედაქალაქში, სადაც დილიდან რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს

სარაკეტო იერიში და აფეთქებები კიევში - როგორია ვითარება უკრაინის დედაქალაქში, სადაც დილიდან რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა. "რამდენიმე აფეთქება მოხდა კიევის დარნუცკის და დნიპროვსკის რაიონებში. შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ადგილზე. დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით", - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

გარდა ამისა, როგორც დასავლური მედია წერს, ვრცელდება ცნობები საპორტო ქალაქ ოდესის მახლობლად დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო იერიშების შესახებ.

არსებული ინფორმაციით, კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კიევში დღეს დილით რუსული ძალების საჰაერო თავდასხმებს ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც.

"აგრესორი აგრძელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, კერძოდ კიევში“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.