ავტორი:

სამი ქალიშვილი, ექიმი ცოლი და არცთუ შთამბეჭდავი ქონება -  როგორ ცხოვრობს დეპუტატი, რომელმაც საზოგადოება "მანჯგალაძის მოგვერდით" გააოცა

სამი ქალიშვილი, ექიმი ცოლი და არცთუ შთამბეჭდავი ქონება -  როგორ ცხოვრობს დეპუტატი, რომელმაც საზოგადოება "მანჯგალაძის მოგვერდით" გააოცა

"შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ "დრაივი“ არ მაქვს", - ეს სიტყვები დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს ეკუთვნის, რომლითაც ორი კვირის წინ, პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძეს უპასუხა, თუმცა "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს, როგორც აღმოჩნდა, "დრაივიც“ ჰქონია და მუშტიკრივიც შესძლებია... 5 ივნისს, "მანჯგალაძის მოგვერდი“ მთელმა საქართველომ ნახა, როდესაც "ტვ პირველის" ეთერში, ტელეწამყვან მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში ლეიბორისტ გიორგი გუგავას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას ეთერში გასული კადრების გამო. მიუხედავად ცილისწამების მასშტაბისა, შეურაცხყოფის ხარისხისა. ძნელია თავის შეკავება, როცა იმას გაბრალებენ, რის წინააღმდეგაც იბრძვი, მაგრამ ესეც კი არ ამართლებს იმას, რაც მოხდა. გულწრფელი ბოდიში საზოგადოებას კიდევ ერთხელ", - დაწერა პაატა მანჯგალაძემ მოგვიანებით "ფეისბუქში".

ის პროფესიით იურისტია. წარმოშობით სამტრედიელმა დეპუტატმა ნაბაკევის საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა.

2000-2001 წლებში მანჯგალაძე საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ფილიალის იურისტი იყო.

2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და შემდეგ ორი წლის განმავლობაში უფროსის პოსტს იკავებდა.

2011-2012 წლებში მანჯგალაძე გახლდათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო აუდიტორი.

2012-2013 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის მოადგილე, ვიცე-გუბერნატორი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

2014-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის შტატგარეშე თანამშრომელი.

2014-2017 წლებში ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერი. ამავე წლებში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“.

ამჟამად თბილისში ცხოვრობს. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, ის აქტიურად არის ჩართული, მშობლიურ სოფელში მიმდინარე ტაძრის მშენებლობაში.

ქონებრივი დეკლარაცია მანჯგალაძეს 2022 წლის 24 თებერვალს შეუვსია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ის სამი ქალიშვილის მამაა. უფროსი ნინო 2003 წელს დაბადებულა, თამარი და ანასტასია კი, შესაბამისად, 2010 და 2011 წლებში. 2022 წლის დეკლარაციაში მას მეუღლე მითითებული აღარ ჰყავს, თუმცა 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, ვკითხულობთ, რომ დეპუტატის ცოლი ექიმი-ალერგოლოგი ელენე კაკაბაძეა.

  • "დეკლარაციაში მეუღლე არ არის მოხსენიებული გამომდინარე იქედან, რომ იუსტიციის მონაცემები პირდაპირ იქ ავტომატურად აისახა ი და პროგრამა არ გვაძლევს უფლებას, რომ ხელით შევიყვანოთ მონაცემები. აქედან გამომდინარე ვერ მოხდა ამ ველში აღნიშნული საკითხის აღნიშვნა. პაატა მანჯგალაძე და ელენე კაკაბაძე დღემდე არიან მეუღლეები, ცხოვრობენ ერთად", - უთხრეს Ambebi.ge-ის პარტიაში.

პაატა მანჯგალაძის დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 200 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ სახლს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხენში, რომელიც 1996 წელს მემკვიდრეობით მიუღია. ასევე 2021 წელს თბილისში 60 000 დოლარად შეძენილ 57 კვ.მ. ფართობის და ამავე წელს 39 ათას დოლარად შეიძენილ 62 კვ.მ. ფართობის ბინებს. როგორც დეკლარაციითვე ირკვევა, ამ ბინების შეძენამდე მანჯგალაძემ საცხოვრებელი ბინა 110 000 დოლარად გაყიდა.

დეპუტატის მფლობელობაშია 2012 წელს მემკვიდრეობით მიღებული 1921 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევში.

პოლიტიკოსს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა Toyota camry, რომელიც 2018 წელს 8000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების დროს, პაატა მანჯგალაძეს "საქართველოს ბანკის'' სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 11 200 ლარი. ანაბარზე - 5600 დოლარი, დანაზოგის სახით კი - 17 500 დოლარი.

პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პარლამენტში დეპუტატის სარგოს სახით კალენდარული წლის განმავლობაში 51 576,85 ლარი მიიღო.