ავტორი:

"რუსებს თუ შეუძლიათ უკრაინას თავისი ტერიტორიიდან ესროლონ რაკეტები, მაშინ უკრაინას რატომ არ აქვს იგივეს უფლება?" - რა ვითარებაა უკრაინაში ფრონტის ხაზზე?

"რუსებს თუ შეუძლიათ უკრაინას თავისი ტერიტორიიდან ესროლონ რაკეტები, მაშინ უკრაინას რატომ არ აქვს იგივეს უფლება?" - რა ვითარებაა უკრაინაში ფრონტის ხაზზე?

ორთვიანი პაუზის შემდეგ, 5 ივნისს რუსებმა სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებით, კვლავ მიიტანეს სარაკეტო იერიში კიევზე, კონკრეტულად, რკინიგზის სადგურზე. ეს ფაქტი უკრაინის ოფიციოზმა და ანალიტიკოსებმაც კრემლის მორიგ შანტაჟად ჩათვალეს. კიევის ხელმეორედ დაბომბვას წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა - იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს მიაწვდის, ისეთ ადგილებს დაარტყამს, რომლებიც ჯერ არ გამხდარა რუსული თავდასხმის სამიზნე. პუტინისავე განცხადებით, "დასავლეთში შექმნილი აურზაური უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ" კონფლიქტის გაჭიანურების მიზანს ემსახურება. მიუხედავად მუქარისა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ უკრაინას HIMARS-ის ტიპის შორი რადიუსის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის.

რუსი უმაღლესი თანამდებობის პირების თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას მაღალი დონის სარაკეტო სისტემები მიაწოდოს, კონფლიქტს გაამწვავებს, თუმცა, პუტინი იმედოვნებს, რომ ეს ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შეიტანს.

აშშ-ს შემდგომ, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს კიევს ბრიტანეთიც გაუგზავნის. ლაპარაკია ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე, რომლებსაც სამიზნის განადგურება 80 კმ-ს დაშორებითაც შეუძლია. ბოლო ცნობებით, ვითარება იცვლება შავ ზღვაზეც - უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებით, რუსული გემები შავი ზღვის სანაპირო წყლებიდან გავიდნენ. ისევ რთული ვითარებაა სევეროდონეცკში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა იერიშები განაახლეს, რის გამოც ქალაქის დამცველები წინ ვეღარ მიიწევენ, თუმცა მანამდე, უკრაინელმა მებრძოლებმა სევეროდონეცკის 60%-ის დაბრუნება შეძლეს. რუსები ისევ ინტენსიურად ბომბავენ ლისიჩანსკს, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია მტრის გამუდმებული იერიშების გამო შეუძლებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინელები მაინც წინ მიიწევენ - სევეროდონეცკის შემდგომ, მათ რუსებს ზაპოროჟიეს ოლქში დაახევინეს უკან.

უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ambebi.ge-ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრება:

- თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ, რუსეთმა კიევს სარაკეტო დარტყმები მიაყენა - ფრთოსანი რაკეტები გაუშვა რუსული სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენიდან. დარტყმის ადგილი აღმოჩნდა სარკინიგზო დეპო კიევის ერთ-ერთ რაიონში. რუსეთმა ამის მიზეზი ახსნა, რომ თითქოს იქ ინახებოდა აღმოსავლეთ ევროპიდან გამოგზავნილი T-72 ტიპის ტანკები (სავარაუდოდ, საუბარია პოლონეთის მიერ მიწოდებულ 200-ზე მეტ ტანკზე). რამდენად სწორია რუსეთის ეს განცხადება, სხვა საქმეა, მაგრამ აქ შეიძლება მეორე გარემოებაც იყოს - პუტინმა წინა დღეს დაიმუქრა, რომ თუ კი დასავლეთი უკრაინას მისცემს შორი რადიუსის რაკეტებს, მაშინ რუსეთი დაარტყამს უკრაინის იმ სტრატეგიულ ობიექტებს, რომელთა დაბომბვისგან რუსეთი აქამდე თავს იკავებდა. ეს, რა თქმა უნდა, ერთგვარი შანტაჟია, ამერიკელებმაც უკვე განაცხადეს, რომ აწვდიან HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, მაგრამ ლაპარაკია მხოლოდ ოთხ ერთეულზე. მთავარია, რა ტიპის რაკეტებს მოაყოლებენ ამერიკელები. ამჯერად სამი ტიპის რაკეტაზეა საუბარი:

  1. ჩვეულებრივი ტიპის მართვადი რაკეტები, რომლებიც მხოლოდ 45 კმ-ზე მიფრინავენ;
  2. შედარებით მსხვილკალიბრიანი მართვადი რაკეტები, რომლებიც დაახლოებით 70-80კმ-მდე მიფრინავენ;
  3. ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 300კმ-ია.

ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის რა კულუარული მოლაპარაკებებიც აქამდე მიდიოდა, ბაიდენი იმას შიშობდა, რომ ამ მესამე ტიპის რაკეტების მიწოდების შემთხვევაში, უკრაინას შეიძლება მისცემოდა იმის საშუალება, რომ დაებომბა სტრატეგიული რაიონები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. ამიტომაც, საბოლოოდ, მიღწეულ იქნა ასეთი ტიპის შეთანხმება, რომ HIMARS-ის მხოლოდ ოთხ ერთეულს მისცემენ და მოაყოლებენ 70-80კმ-ზე მოქმედ რაკეტებს. პუტინი თუ გულისხმობდა შორი მოქმედების რადიუსიანს, მაშინ მან ისიც უნდა იცოდეს, რომ ბაიდენმა არ გარისკა და ასეთებს არ აძლევს უკრაინელებს. ამ მეორე ტიპის რაკეტებითაც შეიძლება, პრინციპში, საზღვრის სიახლოვიდან რუსეთის რომელიმე ქალაქამდე მიღწევა, რომელიც იმ რადიუსში მდებარეობს. უკრაინელებს ჯერ უჭირთ თავიანთ ტერიტორიაზე თავდაცვითი ზღუდეების შენარჩუნება დონბასში, ამიტომაც, ისინი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, პირველ რიგში, ამ რაკეტებს გამოიყენებენ. ამასთანავე, ოფიციალური კიევი შეჰპირდა ამერიკას, რომ მიწოდებული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამენ. რადგან ამერიკელებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს, უკრაინელებს ბრიტანელებიც დაახლოებით იმავე ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების დანადგარს გაუგზავნიან. მართალია, ჯერ ცოტაა, მაგრამ სარაკეტო სისტემების რაოდენობა შემდგომ შეიძლება გაიზარდოს.

- აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისგან კი მიიღო გარანტიები, რომ მას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის არ გამოიყენებენ, მიუხედავად ამისა, უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა უილიამ ტეილორმა განაცხადა, რომ ნებისმიერი საარტილერიო დანადგარი, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან დაბომბავს უკრაინას, შესაძლოა უკრაინული არტილერიის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს. ეს შეიძლება არ გამოხატავდეს ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას, მაგრამ ალბათ ერთგვარი მინიშნებაა რუსეთისთვის, რომ კარგი დღე არც მას დაადგება...

- შექმნილია უცნაური სიტუაცია - ერთი აგრესორი ქვეყანა შეჭრილია მეორე, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მას ბომბავს, ესვრის, ანადგურებს მის შეიარაღებაში არსებული ყველა ტიპის საშუალებით (გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა), ამ დროს, მეორე ქვეყანას, რომელიც თავს იცავს, თითქოს არ აძლევენ საპასუხო რეაქციის საშუალებას. ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რუსებს თუ შეუძლიათ უკრაინას თავისი ტერიტორიიდან ესროლონ რაკეტები, მაშინ უკრაინას რატომ არ აქვს ამის უფლება, რომ მას პასუხი დაუბრუნოს? კონსტიტუციაშიც უწერიათ და მსოფლიო საერთაშორისო კანონებიც ამას აღიარებს, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება თავი დაიცვას.

- რა ხდება ფრონტის ხაზზე? ორი დღის წინ, ინტენსიური კონტრშეტევის შედეგად უკრაინელები უკვე სევეროდონეცკის 60%-ს აკონტროლებენ. რა შანსები აქვთ უკრაინელებს?

- როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლების დავალებაა გენერალიტეტისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შეძლონ სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციული ოლქების საზღვრებზე გასვლა, რათა მათ მიერ "აღიარებული“ ე.წ. რესპუბლიკები ამ გაგებით სრულფასოვნად წარმოადგინონ. ამიტომაც მიდის მთელი იერიშების კონცენტრირება ამ მიმართულებაზე - ლუგანსკის, სევეროდონეცკის, ასევე, ჩრდილო მიმართულებიდან, ლიმანიდან - სლავიანსკისა და კრამატორისკენ. რუსებს ჩაფიქრებული აქვთ ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა, ასევე, რუსული გენერალიტეტი ცდილობს პატარა "ქვაბებში“, ანუ ალყაში მოაქციონ უკრაინის მებრძოლი არმიის შენაერთები. საფრთხე დიდია, ბრძოლები - მძაფრი და სისხლისმღვრელი... არის სიტუაციები, როცა ალყაში მოქცევის საფრთხეს სჯობს ორგანიზებული უკანდახევა. სევეროდონეცკი არ ნიშნავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს და მისი შენარჩუნებისთვის არ ღირს იქ ჯარის შეკვლა და დიდი დანაკარგები. უპრიანი იქნებოდა, ნელ-ნელა უკან დახევა და ფრონტის ხაზის გასწორება. როცა ფრონტის ხაზი გასწორებულია, აღარაა იმის საშიშროება, რომ მოწინააღმდეგე ზურგიდან შემოგიტევს. უკრაინელებს აქვთ პერსპექტივა, რომ მიიღონ და აითვისონ ამერიკული და ბრიტანული შეიარაღება. ბერძნებმაც გადაწყვიტეს საბჭოთა დროინდელი შეიარაღების მიწოდება, რომელიც მათ გერმანელებმა გერმანიის გაერთიანების შემდეგ გადასცეს. სანაცვლოდ, ბერძნები გერმანიისგან მიიღებენ "მარდერის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს. ეს გერმანიასაც აწყობს იმ გაგებით, რომ ვინაიდან ისინი თავს იკავებენ უკრაინას პირდაპირ მიაწოდონ გერმანული წარმოების ჯავშანტექნიკა, ამიტომაც ასეთ გამოსავალს მიმართეს - თავიანთ ტექნიკას აძლევენ ბერძნებს, სამაგიეროდ, ისინი უკრაინას საბჭოთადროინდელ ტექნიკას აძლევენ.

- პუტინის განცხადებით, დასავლეთში შექმნილი აურზაური უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ კონფლიქტის გაჭიანურების მიზანს ემსახურება. მართლაც, რაში აწყობს გაჭიანურებული ომი დასავლეთს?

- კრემლის აზრით, ომი არ უნდა გაჭიანურებულიყო და უკრაინელები მაშინვე უნდა ჩაბარებულიყვნენ. უკრაინელები თავისი სიმამაცით და ამხელა დანაკლისით ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აგრძელებენ. დასავლური შეიარაღება, რაც უკრაინაში მიდის, რა თქმა უნდა, უკრაინას ძალიან ეხმარება, რუსეთის ამხელა სამხედრო მანქანის წინააღმდეგ შიშველი ხელებით ბრძოლა წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ აქაც არის მეორე უკიდურესობა - არავის ეგონოს, რომ როგორც კი მიიღებს დასავლეთის მიერ მიწოდებული ტექნიკას, უკრაინა მეორე დღესვე დაამარცხებს რუსულ არმიას, ან მოსკოვამდე ჩავა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთი, რაღაც თავისი მოსაზრებით, ნაწილ-ნაწილ და დოზებით აწვდის შეიარაღებას და სამწუხაროდ, რჩება ისეთი შთაბეჭდილება, დასავლეთს არ სურს უკრაინამ დროის მოკლე მონაკვეთში მიაღწიოს წარმატებას.. რა თქმა უნდა, დასავლეთს აწყობს ამ ომის გაჭიანურება, ვინაიდან რუსეთი ისედაც აღიარებული იყო როგორც ყველაზე პოტენციური მოწინააღმდეგე და, რეალურად, გამოჩნდა, რომ ასეცაა. რუსეთის დასუსტება იმ გაგებით, რომ ის მრავალწლიან, ფართომასშტაბიანი ომის ჭაობში იქნას ჩათრეული, რა თქმა უნდა, შევა და შედის დასავლეთის ინტერესებში, ისევე, როგორც რუსეთის ინტერესებში შედიოდა, ამერიკა და ნატო ავღანეთის 20-წლიან ომის ჭაობში რომ იყო ჩათრეული.

ფაქტია, ჩვეულებრივი შეიარაღებით, რასაც რუსეთი ას დღეზე მეტია იყენებს, ბევრად უფრო სუსტ უკრაინის არმიასთან განსაკუთრებულ უპირატესობას ვერ აღწევს. სამწუხაროდ, რუსეთის არმიას აქვს პატარ-პატარა წარმატებები, ეს განსაკუთრებით დონბასზე მეტად უკრაინის სამხრეთ ნაწილში გამოჩნდა, სადაც რუსეთმა მოახერხა ხესრსონიდან მარიუპოლამდე ტერიტორიის ოკუპაცია და უკრაინას დროებით ჩამოაჭრა აზოვის ზღვაზე გასასვლელი სანაპირო. ამასთანავე, მან გაჭრა სახმელეთო გზა რუსეთის როსტოვის ოლქიდან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულამდე. ეს არის რუსების წარმატება და ამ ტერიტორიების გათავისუფლება უკრაინისთვის ძალზე რთული იქნება, მაგრამ, იმედია, საქმე აქეთკენ წავა. ამ ეტაპზე საბრძოლო ინიციატივას რუსეთი ფლობს, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, შეტევები თვეობით ვერ გაგრძელდება, ამის ძალა რუსეთს არ ეყოფა. ახლა მთავარია, უკრაინელებმა გაუძლონ. ომის პირველ დღეებში, მათ გაუძლეს კიევზე შეტევას, კიევი რომ დაცემულიყო, ყველაფერი დამთავრდებოდა. როცა რუსეთი მიხვდა, რომ ყველა მიმართულებაზე არ შეეძლო ბრძოლა, არ ჰქონდა ამხელა რესურსი, ჩრდილოეთ მიმარეთულებიდან უკან გაიყვანა ჯარები ბელორუსიის ტერიტორიაზე, მაგრამ კონცენტრირება მოახდინა აღმოსავლეთში, დონბასში. ახლა რუსეთი, ძირითადში შეტევებს ამ კონკრეტული მიმართულებით ახორციელებს. არც ხარკოვთან, არც ხერსონთან და ზაპოროჟიესთან დიდი შეტევები არ ყოფილა, რუსეთის არმია ერთგვარ თავდაცვაზეა გადასული. ახლა სლავიანსკის და კრამატორსკის შენარჩუნებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს ქალაქები თუ აიღეს, რუსები დნიპროზე და იქით, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში გადიან. ძალიან დიდია ამის საშიშროება, ამიტომაც მიმაჩნია, რომ არ ღირს სევეროდონეცკთან უკრაინამ ბევრი რესურსი ხარჯოს. აუცილებელია ორგანიზებული უკანდახევა და ფრონტის ხაზის გასწორება და გაძლიერება სლავიანსკისთან და კრამატორსკისთან.