ავტორი:

რა თანხა გადაიხადა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT-ში? - "კრეატიულობის ჩემპიონმა რაღაც კავშირი დაინახა ამ ნამუშევართან"

რა თანხა გადაიხადა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT-ში? - "კრეატიულობის ჩემპიონმა რაღაც კავშირი დაინახა ამ ნამუშევართან"

ცნობილი გახდა, თუ რა თანხა გადაიხადა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT-ში. როგორც "ნიუ იორკ პოსტი წერს, მის შესაძენად ჰოლივუდის ვარასკვლავმა კრიპტოვალუტა - 20.0Ξ (ეთერიუმი) გადაიხადა, რაც დაახლოებით 40 000 დოლარია.

60 წლის მსახიობმა ციფრული ხელოვნების ნიმუშის შეძენის შესახებ ინფორმაცია "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე თვითონვე გამოაქვეყნა და საზოგადოებას აცნობა, რომ ეს მისი პირველი NFT შენაძენია.

ნამუშევარს სახელად "ერთგულება" ჰქვია და რაიან კუპმანსისა და ელის უექსელის საერთო ნამუშევარია. როგორც ავტორები ამბობენ, მათ სურდათ მიტოვებული საბჭოთა შენობებისთვის "ციფრული სიცოცხლე შთაებერათ". თავად ჯიმ ქერიმ ასე დაახასიათა შენაძენი: "ავტორებმა აღბეჭდეს ბუნების დახვეწილი და ხელახალი დაბადება."

კუპმანსი წყალტუბოს რამდენჯერმე ეწვია, იკვლევდა ნანგრევებს და ფოტოებს უღებდა სხვადასხვა ადგილებს. ელის უექსელთან კოლაბორაციისას, სტრუქტურისა და განათებით მანიპულაციის შედეგად, უნიკალური კადრი შექმნა და ცარიელ სივრცეებს სიცოცხლე შესძინა.

კანადელ-ჰოლანდიელი არტისტი, კუპმანსი "ნიუ იორკ პოსტს" ესაუბრა და თქვა, რომ როცა გაიგო, თუ ვინ შეიძინა მისი ნამუშევარი, ძალიან გაუხარდა:

"თავად ჯიმ ქერი ძალიან კარგი მხატვარი, ილუსტრატორი და ზოგადად, არტისტია. საინტერესოა, რომ კრეატიულობის და პოზიტიურობის ჩემპიონი რაღაც კავშირს ხედავს ჩემი და ელისის ნამუშევართან, რომელზეც წლები ვმუშაობდით და გულით გვიყვარს", - ამბობს კუპმანსი.

წყალტუბოს NFT-ის შეძენის შემეგ მალევე, ჯიმ ქერიმ მეორე ნამუშევარი შეიძინა, სახელწოდებით: Nuclear Taco Trucks

  • რა არის NFT?

NFT არის ციფრული აქტივი, რომელიც გამოიყენება რეალური საქონლის ან ობიექტების წარმოსაჩენად, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშები ან საგნები აპლიკაციაში. კრიპტოვალუტების მსგავსად, NFT-ების უმეტესობა ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეყრდნობა. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ამ საქონლის გაყიდვა ან გაცვლა შეუძლებელია იმავე ღირებულების ნივთებზე და ყველა მათგანი უნიკალურია.

მიუხედავად იმისა, რომ NFT ხელმისაწვდომია 2014 წლიდან, ბაზარი მკვეთრად გაიზარდა 2020 წელს და ახლა 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს. დღეს NFT არის პოპულარული გზა ხელოვნების ციფრულ ნაწარმოებებზე უფლებების შესაძენად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT იყო მაიკ ვინკელმანის ნახატების კოლექცია, იგივე ბიპლი.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა