ავტორი:

"მომეჩვენა, რომ ახლა შედარებით უკეთ არის... წონაში მეც რომ დავიკლებდე, ცუდი არაფრით არ იქნებოდა" - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

"მომეჩვენა, რომ ახლა შედარებით უკეთ არის... წონაში მეც რომ დავიკლებდე, ცუდი არაფრით არ იქნებოდა" - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს, თუმცა ამჟამად თავს უკეთესად გრძნობს.

როგორც მან კლინიკა "ვივამედში“ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი აზიარა.

"წინა მონახულებაზე ბევრად უფრო ცუდად იყო. არ ვიცი, რისი ბრალი იყო, მაგრამ მომეჩვენა, რომ შედარებით უკეთ არის. როგორც მას და მის მკურნალ ექიმს ვესაუბრე, პრობლემა არის ის, რომ საკვებს ვერ იღებს. ვესაუბრე ზიარების მნიშვნელობის შესახებ, მოვუყევი ჩემი პირადი ცხოვრებიდან შემთხვევები, ზიარებას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ძალიან ვთხოვე, რომ კიდევ უფრო მეტად მოინდომოს. რასაც თვითონ ვერ შეძლებს, ღრმად მრწამს, რომ ღმერთი ზიარების მადლით დაეხმარება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესად იქნება. ვაზიარე. ექიმმა მთხოვა დახმარება, მეც დამედასტურებინა და მეთხოვა, რომ როგორც ჩანს, რაღაც ძალისხმევაა საჭირო“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილი წონაში იკლებს, მეუფე ნიკოლოზის თქმით, წონის კლებაში ცუდი არაფერია, მთავარია მიზეზი.

"წონაში მეც რომ დავიკლებდე, ცუდი არაფრით არ იქნებოდა. თუ წონაში დაიკლო, თავისთავად ამაში ცუდი არაფერი არის. გააჩნია, რატომ დაიკლო“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მესამე პრეზიდენტზე ლოცულობს, თუმცა მეუფე ნიკოლოზმა არ ისაუბრა, რა პოზიცია აქვს პატრიარქს სააკაშვილთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მან არ დააკონკრეტა, უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ.

"ვერაფერს გეტყვით. ნამდვილად ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა დაავადების მკურნალობა სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა ჯერ ბოლომდე ძალიან განვითარებული არ არის და სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით ასე იქნება“,-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.