ავტორი:

ანგელა მერკელმა პირველად განმარტა, რატომ დაბლოკა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება - რას აღიარებს ექსკანცლერი და რატომ ვერ საყვედურობს საკუთარ თავს?

ანგელა მერკელმა პირველად განმარტა, რატომ  დაბლოკა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება - რას აღიარებს  ექსკანცლერი და რატომ ვერ საყვედურობს საკუთარ თავს?

გერმანიის ექსკანცლერმა ანგელა მერკელმა პირველად განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. ეს იმით ახსნა, რომ არ სურდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პროვოცირება.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მერკელმა პირველი დიდი ინტერვიუ მისცა გერმანული გამოცემის, "შპიგელის“ ჟურნალისტს, რომელშიც აღნიშნა, - დარწმუნებული ვიყავი, MAP-ის მინიჭებას პუტინი არ დაუშვებდა, რადგან ომის გამოცხადებად ჩათვლიდაო. საქართველომ და უკრაინამ MAP-ი ვერ მიიღეს ნატოს ბუქარესტის სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის დასაწყისში გაიმართა, თუმცა სადღაც 4 თვეში რუსეთმა საქართველოში საომარი მოქმედებები მაინც დაიწყო.

შეგახსენებთ, ეს მერკელის პირველი განმარტებაა ამ თემაზე.

გამოცემის ცნობით, მერკელმა ინტერვიუში, 2008 წელს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრების შესახებ გამოხატული წინააღმდეგობა კიდევ ერთხელ დაიცვა. ლაპარაკია ნატო-ს დაპირებაზე, რომ ორი ქვეყანა მომავალში რაღაც ეტაპზე ნატო-ში გაწევრდებოდა, მაგრამ "გაწევრების სამოქმედო გეგმის“ გააქტიურებაზე ალიანსმა უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, ა.წ. აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი ნაბიჯი იყო აშკარად “არასწორი გათვლა“, რამაც რუსეთი "გაათამამა“.

აღნიშნულთან დაკავშირებით მერკელმა განმარტა, რომ თუ ნატო ქვეყნებს ალიანსში გააწევრებდა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა, "უკრაინისთვის უდიდესი ზიანი“ მიეყენებინა, როგორიც საქართველოს შემთხვევაში, ბუქარესტში დეკლარაციის მიღებიდან მალევე მოხდა. მერკელის თქმით, ამ შეჭრამ 21-ე საუკუნეში ევროპის პირველ ომს პროვოცირება გაუწია.

მედიის ცნობით, მერკელმა უკრაინაში ნატო-ს წევრობის დაბლოკვის მიზეზად სისტემური კორუფცია დაასახელა.

"პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს, უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ არ შეიძლება, უბრალოდ თქვა, "კარგი, ხვალ ჩვენ მათ ნატო-ში შევიყვანთ“. ეს არ იყო ის უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც პოლიტიკურად ძალიან გაყოფილი იყო. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია და როცა ქვეყანას ნატო-ში იღებ, უნდა იცოდე, რომ მზად ხარ, რეალურად დაიცვა ასეთი ქვეყანა, თუ იქნება თავდასხმა“, - განაცხადა მერკელმა.

ინტერვიუში ანგელა მერკელმა დაგმო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა და განაცხადა - ამას არანაირი გამართლება არ აქვსო. მერკელის თქმით, პუტინის სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება მიმართულია დასავლური დემოკრატიული მოდელის წინააღმდეგ და სურს გაანადგუროს ევროპა და ევროკავშირი, რადგან მასში ხედავს პირველ საფეხურს ნატოსკენ.

მერკელმა აღიარა, რომ ვერ შეძლეს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა და რომ დღესაც ფიქრობს იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა მეტის გაკეთება, რათა იმ ტაგედიის აღკვეთა მოეხერხებინათ, რაც დღეს უკრაინაში ტრიალებს. მერკელის თქმით, ის საკუთარ თავს ვერ უსაყვედურებს, რომ ამას არ ცდილობდა. გერმანიის ექსკანცლერის თქმით, დიპლომატია არ შეიძლება შეცდომა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ იმუშავა.

ერთია რას ამობობს ყოფილი კანცლერი, მაგრამ მეორეა ის რეალობა, რაც შეიქმნა - მსოფლიოში დღეს უკვე ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ მერკელის გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა ამ კატასტროფამდე, რაც უკრაინაში ხდება.