ავტორი:

საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

ერიხ მარია რემარკის მდიდარი ბიოგრაფია მის შემოქმედებაზე არანაკლებ საინტერესო და მომხიბვლელია. თავისი ცხოვრების მანძილზე მან მოასწრო რამდენიმე პროფესიის დაუფლება, ყველაზე განსხვავებული საქმეების კეთება, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. სწორედ სამხედრო მოღვაწეობისას განცდილი შთაბეჭდილებები დაედო საფუძვლად მის ცნობილ ნაწარმოებებს.

რომანტიკოსი, ქალებისა და კალვადოსის მოყვარული მწერალი, რომლის ბედიც პირველი მსოფლიო ომის ჯოჯოხეთურ ღუმელში გამოიწრთო, ერნესტ ჰემინგუეისთან ერთად მე-20 საუკუნის პირველი დაკარგული თაობის წარმომადგენელი გახდა.

მოდი გავიხსენოთ საინტერესო ფაქტები რემარკის ცხოვრებიდან და მისი გამორჩეული წიგნები, რომლებიც დღემდე მსოფლიო ბესტსელერთა სიაშია:

ფაქტი # 1

რემარკის მოკლე ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ მან 19 წლის ასაკში თავისი მეორე სახელი შეცვალა. თავდაპირველად მას - ერიხ პაული ერქვა. „პაული“ – „მარიათი“ დედის პატივსაცემად ჩაანაცვლა, რომელიც იმ პერიოდში გარდაიცვალა.

ფაქტი # 2

რემარკმა მუშაობა ფართომასშტაბიან ჟანრებში ამჯობინა. თავისი ცხოვრების მანძილზე მან რამდენიმე ათეული რომანი შექმნა, მაგრამ გაცილებით მეტი - მცირე რაოდენობის მოკლე მოთხრობები, პიესები და ნოველები. მას ასევე დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ფილმი, რომელსაც საფუძვლად რემარკის რომანი დაედო - „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“ გახლავთ. ამ წიგნის ეკრანიზაციაში მწერალმა ეპიზოდურ როლშიც კი ითამაშა.

რომანი მოგვითხრობს ოცდასამი წლის გერმანელ ჯარისკაცზე, ერნსტ გრებერზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღიდან ფრონტზე იმყოფება. ორწლიანი ლოდინის შემდეგ სამკვირიანი შვებულებით გერმანიაში, მშობლიურ ქალაქ ვერდენში დაბრუნებული გრებერი მწარე სინამდვილის წინაშე აღმოჩნდება - მისი სახლი საჰაერო თავდასხმების შედეგად ნანგრევებად ქცეულა, მშობლები კი უკვალოდ დაკარგულან. თავგზააბნეულ ერნსტს ახსენდება იმ ექიმის მისამართი, რომელიც დედამისს მკურნალობდა. ექიმი უკვე საკონცენტრაციო ბანაკში წაეყვანათ გესტაპოელებს...

ფაქტი # 3

რემარკს უცნაურობებიც ახასიათებდა. ის კატეგორიულად არ ცნობდა საბეჭდ მანქანებს და ტექსტებს ხელით წერდა. მას არც ბუმბულის კალმები უყვარდა, ამიტომ ჩვეულებრივ ფანქარს იყენებდა.

ფაქტი # 4

ახალგაზრდა მწერლის მიერ ფრონტზე თვენახევრის განმავლობაში მიღებული სამხედრო შთაბეჭდილებები დაედო საფუძვლად რომანს „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“. წიგნი სწრაფადვე გახდა ბესტსელერი და ავტორს პოპულარობა მოუტანა. მხოლოდ გერმანულ ენაზე ის 1 500 000 ეგზემპლარად დაიბეჭდა და მოკლე დროში, 36 ენაზე ითარგმნა. ერთი წლის შემდეგ რომანის ეკრანიზაცია გადაიღეს. ფილმმა ორი ოსკარი მიიღო.

ფაქტი # 5

პირველ ცოლთან დაშორების შემდეგ მწერალი მასზე ხელახლა დაქორწინდა, თუმცა ფიქციურად. ამან მას ცოლის გერმანიიდან გაყვანის შესაძლებლობა მისცა, საიდანაც თავად უკვე წამოსული იყო. რემარკმა ამერიკის მოქალაქეობა შტატებში გადასვლიდან მხოლოდ 8 წლის შემდეგ მიიღო.

ფაქტი # 6

რომანი „ტრიუმფალური თაღი“ პირველად 1945 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა, მომდევნო წელს კი გერმანულადაც. „ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის!“ – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის „ტრიუმფალური თაღის“ გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი.

ფაქტი # 7

მორიგი მყისიერი ბესტსელერი, რომელმაც თითქმის 5 მლნ გაყიდვებს მიაღწია, გახლავთ „აჩრდილები სამოთხეში“. რომანი რემარკმა ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში დაწერა. მწერლის საცხოვრებელი კორპუსი მის რომანში გამორჩეულ როლს ასრულებს.

ფაქტი # 8

1943 წელს ნაცისტებმა რემარკის უმცროსი და - ელფრიდე შოლცი დააკავეს, რომელიც გერმანიაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დარჩა. სასამართლომ ელფრიდე დამნაშავედ ცნო. სასამართლოს წარმომადგენელმა როლანდ ფრეისლერმა მას უთხრა: „სამწუხაროდ, თქვენი ძმა ჩვენთვის მიუწვდომელია, თუმცა თქვენ ვერ გაგვექცევით“. შოლცს 1943 წლის 16 დეკემბერს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი. ემიგრაციაში მყოფმა რემარკმა დის ბედის შესახებ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეიტყო და მას რომანი - „სიცოცხლის ნაპერწკალი“ მიუძღვნა.

ფაქტი # 9

რომანის „ნასესხები სიცოცხლე“ შთაგონების წყარო მრბოლელი ალფონსო დე პორტაგო გახლდათ. ვნებისა და სიყვარულის ისტორია 1948 წელს ავტორბოლის ფონზე ვითარდება. 1977 წელს წიგნის ეკრანიზაცია გადაიღეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ალ პაჩინომ და მართა კელერმა.

ფაქტი # 10

1948 წელს რემარკი შვეიცარიაში დაბრუნდა, სადაც სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი გაატარა. მწერალს „ტრიუმფალურ თაღსა“ და მომდევნო ნაწარმოებს - „სიცოცხლის ნაპერწკალს“ შორის 7-წლიანი შუალედი ჰქონდა.

გამოჩენილი მწერალი 72 წლის ასაკში შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში მდებარე ჰოსპიტალ „სანკტ-ანესში“, 1970 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა.

ავტორი: თეა ინასარიძე