ავტორი:

"ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?.. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ" - ალეკო ელისაშვილი GWP-ის მუშაობას აკრიტიკებს

"ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?.. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ" - ალეკო ელისაშვილი GWP-ის მუშაობას აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის წევრმა "მოქალაქეებიდან", ალეკო ელისაშვილმა თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია GWP-ის მუშაობა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკრიტიკა.

"ისეთი გაცოფებული ვარ, გუშინ წყალი შემიწყდა, მე და მთელ თბილისს შეუწყდა და მერე მოვიდა მესიჯი... მინდოდა, რომ ღარიბაშვილისთვის და მთელი მთავრობისთვის მეთქვა, როდემდე შეიძლება, საქართველოს დედაქალაქს წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს?! საგურამოში წვიმა მოვიდაო და ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ერთი კომპანიისთვის ვერ მოგვივლია. ახლა ცინიკურ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი, ცისტერნებით მოგიტანთ წყალს თუ დაგჭირდათო, ბარემ მეთულუხჩეები გამოუშვან და არბენინონ ქუჩა-ქუჩა.

როდემდე შეიძლება, ასეთ უპასუხიმგებლო კომპანიაზე დამოკიდებული იყოს მილიონ-ნახევარი ადამიანი საქართველოს დედაქალაქში? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ, ერთი კომპანიისთის ვერ მოგვივლია და ახლა ვკითხულობდი მისი, GWP-ის განცხადებას, ასეთი ცინიზმი - ცისტერნებით მოგიტანთ წყალს საჭიროების შემთხვევაშიო. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ. ქვითრების გამოწერაში ხომ არიან ყოჩაღები? რა უბედურებაა ეს?! ვიღას შევჩივლო, აღარ ვიცი. ნატამალი პასუხისმგებლობა არ აქვთ. რამე გაფუჭდება და წელიწად-ნახევარი უნდა სდიო და ბაიდენს უნდა დაურეკო, რომ წყალი მოგიგვარონ. ძალიან მინდოდა, მეკითხა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისთვის, კერძო კომპანია იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნამუსზე ხელი აიღო და პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს საერთოდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!", - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბაბუხადიას სპეციალური განცხადება გავრცელდა. კომპანიის ცნობით, 7 ივნისს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია. მათ შორის, დაიტბორა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე.

"უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, შეგვეზღუდა წყალმომარაგება, რათა რისკის ქვეშ არ დამდგარიყო სასმელი წყლის ხარისხი", -აცხადებენ კომპანიაში.