ავტორი:

"არ გვეკუთვნის, მაგრამ გვეკუთვნის - ანუ რატომ აჯობებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ" - 3 არგუმენტი გიორგი კანაშვილისგან

"არ გვეკუთვნის, მაგრამ გვეკუთვნის - ანუ რატომ აჯობებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ" - 3 არგუმენტი გიორგი კანაშვილისგან

საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება. საბოლოო გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი, როდესაც შევსებული კითხვარის საფუძველზე ჩამოყალიბებულ შეფასებებს ევროკომისია, 24-25 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს წარუდგენს.

რატომ აჯობებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ და რას მოუტანს ეს საქართველოს?

აღნიშნულ საკითხზე განმარტებას აკეთებს კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი, რომელიც ვარაუდობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მისი მონასზრების განსამტკიცებლად რამდენიმე არგუმენტიც მოჰყავს:

"არ გვეკუთვნის, მაგრამ გვეკუთვნის - ანუ რატომ აჯობებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ!

მე მგონია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ და ვიმედოვნებ, რომ ასეც მოხდება. ჩემი მონასზრების განსამტკიცებლად მოვიყვან 3 არგუმენტს.

არგუმენტი 1

- საკითხის გეოპოლიტიკური განზომილება. ცხადია, რომ ევროკავშირთან დაახლოების მომენტუმი შექმნა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში. თუ ამ ფონზე უკრაინა მიიღებს კანდიდატობის სტატუსს (რაც იმედია ასეც იქნება), სრულიად გაუგებარი ხდება რა დააშავეს რუსეთის აგრესიის სხვა მსხვერპლებმა (აქ ვგულისხმობ როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას)?! ამასთანავე, მოვლენათა ასეთი განვითარება ბევრად დრამატული იქნება საქართველოსთვის, ვიდრე იმავე მოლდოვისთვის; ჩვენ, რეგიონული სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაქტიურად განწირულნი ვინქებით „გეოპოლიტიკური ობლობისთვის“.

არგუმენტი 2

- კრიტერიუმების (გვეკუთვნის-არ გვეკუთვნის) განზომილება. მართლაც, ამჟამად, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ატმოსფერო, ყველაზე ნაკლებ სიმპატიურად გამოიყურება. უკრაინა გმირულად ომობს რუსეთთან, მოლდოვაში გვყავს ახალი, პრო-დასავლური ხელისუფლება, ხოლო ჩვენთან: სულ უფრო ღრმავდება პოლარიზაცია, უკრაინასთან მიმართებაში ქვეყანას ბევრისთვის გაუგებარი პოზიცია აქვს, ხელისუფლება მუდმივად ეკამათება ელჩებს, ევროპარლამენტარებს და სხვა პატნიორებს, რეფორმები გაჩერებულია, ა.შ. და ა.შ.მაგრამ, თუ ტრიოს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) რეტროსპექტივაში შევხედავთ და რაღაც-რაღაცეებს გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ აღნიშნული პრობლემები მხოლოდ საქართველოს არ ახასიათებს. მეტიც, თვითონ ევროკავშირშიც, არიან რიგი ქვეყნებისა, რომლებიც სხვადასახვა ტიპის „სნეულებებით“ არიან შეპყრობილნი. აღარაფერს ვიტყვი იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ ეტაპზე უკვე ფლობენ კანდიდატობის სტატუსს (ალბანეთი, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი).

არგუმენტი 3

- მომავლის განზომილება. ევროკავშირში, პოლიტიკოსები, სავარაუდოდ უნდა ფიქრობდნენ საქართველოს მომავალზე ამ გადაწყვეტილების გავლენაზე. ანუ - კანდიდატობის მონიჭება, უფრო დაახლოებს საქართველოს დასავლეთთან და მის შემდგომ დემოკრატიზაციას შეუწყობს ხელს, თუ პირიქით?! კანდიდატობის მონიჭება, ცხადია, ერთ დღეში არ შეცვლის ამ ქვეყანას. კობახიძე სავარაუდოდ ვერ შეიყვარებს ნონა მამულაშვილს და პირიქით;

არც სიღარები აღმოიფხვრება და არც სხვა რამ სასწაული მოხდება. აი, კანდიდატობის არ მონიჭება, მითუმეტეს ამ საერთაშორისო ფონზე და უზომოდ გაზრდილი მოლოდინების პირობებში, შესაძლოა ბევრად უფრო მეტი ზიანის მომტანი გახდეს. ისიც გაუგებარი გახდება თუ რა უნდა უყონ ტრიოდან ამოვარდნილ, ცალკე გამდგარ საქართველოს (ეს ტრიო შეჩვეული ჭირის ამბავია და ევროპელი ბიუროკრატის პერსპექტივიდან ახლის გამოგონებას, მისი შენარჩუნება ჯობია).

შეჯამებისთვის დავასრულებ იმით, რითიც დავიწყე - არ გვეკუთვნის, მეტიც თითქოსდა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა ახლა სხვა დროა, სტრატეგიული მიდგომების დროა; და ისე ჩანს, რომ ევროპელებს ეს ესმით. იმედია არ ვცდები" - წერს კანაშვილი.