ავტორი:

"ბოლო გაფრთხილება..." - უმწვავესი კრიტიკა ევროპარლამენტიდან: საქართველოზე გამართული დებატების მთავარი გზავნილები

"ბოლო გაფრთხილება..." - უმწვავესი კრიტიკა ევროპარლამენტიდან: საქართველოზე გამართული დებატების მთავარი გზავნილები

8 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა რეზოლუციის გარშემო, რომლის თემაც გახლავთ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები.

  • "ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე"

დებატები გახსნა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა (EPP, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სლოვაკეთი) რომელიც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორია. ლექსმანის თქმით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები შეიმჩნევა.

"მიმაჩნია, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი.“

ამასთანავე, ლექსმანი გამოვიდა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით. "მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება იმ დესტრუქციული როლისთვის, რასაც ის ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს.

"მე ასევე მჯერა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, გამომდინარე მისი დესტრუქციული როლიდან ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. დასასრულს, ნება მომეცით გავიმეორო, როგორც ქართველი ხალხის მეგობარმა, რომ ჩვენ მშვიდად არ ვუყურებთ როგორ სუსტდება მედია თავისუფლება საქართველოში და როგორ მიდის დემოკრატია უკან, ეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

  • "დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“

ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი, იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, "თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის განუყოფელი ნაწილია".

ევროპარლამენტარის თქმით, მათი მოთხოვნაა, ცვლილება სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში.

"თუმცა, ისეთი მიუღებელი ქმედება, როგორიცაა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვა, მათ მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. მედიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის.

ვითხოვთ ცვლილებას, სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში. დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

  • "ჩვენ ვართ ამ ქვეყნის დიდი მეგობრები და არ გვინდა, რომ მსგავსი განვითარების მაგალითები ვიხილოთ"

იმის მაგივრად რომ დაიცვან ჟურნალისტები, მათ თავს ესხმიან. ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია, მაგრამ ეს ერთადერთი საქმე არაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის დიდი მეგობრები და არ გვინდა, რომ მსგავსი განვითარების მაგალითები ვიხილოთ, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს შეეხებოდა.

"ჩვენ დიდი იმედები გვქონდა ამ ქვეყნის, როცა რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ პოსტსაბჭოთა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო, საზოგადოების მოდერნიზება მოხდა და პოლიციის რეფორმა განხორციელდა, ყველაფერი ეს ახასიათებს ამ ქვეყანას და გვაჩვენებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა მოხდეს საზოგადოების დეპოლიტიზება და შესაბამის საზოგადოებად გარდაქმნა”, - აღნიშნა ევროდეპუტატმა.

კრამონის თქმით, ევროკავშირმა დიდი ინვესტიცია მოახდინა საქართველოში და არა მხოლოდ ფულით. ახლა კი, მისი თქმით, პროდასავლური განცხადებები იგნორირებულია და შესამჩნევია რეგრესი კორუფციის, ისევე როგორც პრესის თავისუფლების კუთხით.

  • "ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი"

ჩვენ გვინდა, ქართველი ხალხი ჩვენი კავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის. ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკაზე.

"რატომ განვიხილავთ საქართველოში მედიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ასე შეშფოთებით? - რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვინდა, ქართველი ხალხი ჩვენი კავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის. ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლების კრიტერიუმები. ეს, პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკაზე. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენი შეშფოთება ეხება.

მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს ოფიციალური და ჩრდილოვანი ხელმძღვანელობის მსხვერპლი მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების პოლიტიზირებისკენ. ეს სრულიად მიუღებელია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოსტ კომუნისტური ქვეყნები მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან. 1997 წელს სლოვაკეთი მოლაპარაკებების დასაწყებად არ მიიწვიეს, ვინაიდან ქვეყნის მაშინდელი პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ მეჩიარი, ქვეყნის დემოკრატიას და მედიის თავისუფლების ღირებულებებს ანადგურებდა. სლოვაკმა ხალხმა ეს პრობლემა გადაჭრა და მეჩიარის მთავრობა აღარ აირჩია. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ გაიმეორებენ ვლადიმერ მეჩიარის შეცდომებს“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

  • "ჩვენ გვსურს შევასრულოთ თქვენი მოქალაქეების სურვილები და თქვენ?"

საქართველოში მედიასთან დაკავშირებული მდგომარეობა საშინელია. ჟურნალისტებს ძალადობრივად ესხმიან თავს. არსებობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა და სამართლებრივი დევნის შემთხვევები და ბევრი გამოძიება მიმდინარეობს მედია მუშაკებისა და მფლობელების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც დებატები იმართება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარის თქმით, მათ სურთ, შეასრულონ საქართველოს მოქალაქეების სურვილები და მიმართავს საქართველოს მთავრობას კითხვით: "თქვენ?" .

"ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან ჟურნალისტებზე "ნადირობას“ , იმის ნაცვლად, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი. ამიტომ, შევახსენებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეს გულისხმობს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას, მათ შორის დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიას. კანდიდატის სტატუსი ცალმხრივი გარიგება არ არის. ჩვენ გვსურს შევასრულოთ თქვენი მოქალაქეების სურვილები და თქვენ? თუ "კი“, მაშინ გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვათ“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

  • "საქართველო რამდენიმე წლის წინ მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ..."

საქართველო რამდენიმე წლის წინ მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ხანებში მან დაკარგა თავისი სიჩქარე და დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე ერთგულება , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

"რამდენიმე თვის წინ, ჩვენ, ამ შენობაში, ძალიან დიდი უმეტესობით მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ კარგი მოლაპარაკებები გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ჩვენ ვაღიარეთ მათი მიღწევები ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს“, - აღნიშნა კალიურანდმა.

მან მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, დღევანდელი დისკუსია "ბოლო გაფრთხილებად" მიიღონ.

"მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დღევანდელი დისკუსია მიიღონ, როგორც ბოლო გაფრთხილება. გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყეთ მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ესაა, რასაც ქართველი ხალხი თქვენგან მოელის", - აღნიშნა ევროდეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას.

  • “მეც მოგმართავთ, რომ მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“

ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამ შედეგში წვლილი საქართველოს ბევრმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრმა შეიტანა, მათგან ყველაზე გამორჩეული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახლა ციხეში ზის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

ევროდეპუტატმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ტელეკომპანია "მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, დებატების ერთ-ერთი სუბიექტია.

"მათ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მოგვმართეს, რომ მიუხედავად მათი კრიტიკისა ამჟამინდელ ხელისუფლებისადმი, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობასა და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის და გვთხოვეს, რომ მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რომ არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოურ ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით“, - აღნიშნა ფოტიგამ.

“მეც მოგმართავთ, რომ მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქარველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.

  • "მოგიწოდებთ, დეტალურად გავაანალიზოთ პოტენციული შედეგები და ჩვენი მომავალი გეგმა..."

მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება. ეს ილუსტრირებული იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გასული წლის "პრაიდის“ მონაწილეების და იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობით, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. ახლახანს კი ამის ილუსტრირება მოხდა კარგად ცნობილი მედია ფიგურის, ბატონი გვარამიას მიმართ საეჭვო ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც დებატები იმართება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარის თქმით, მათ აქვთ ლეგიტიმური შეშფოთება ბოლოდროინდელ ნეგატიურ ტენდენციებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის და ზოგადად, დემოკრატიის მიმართულებით.

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევა იმედგამაცრუებელია ბევრი მიმართულებით და ასეთ სიტუაციაში ქართველი მმართველების მიმართ უფრო მტკიცე და მომთხოვნი ხაზი უნდა გავატაროთ, რათა გაიგონ, რომ სწორედ მათ უნდა იმოქმედონ, როცა საქმე საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ეხება.

"მოგიწოდებთ, დეტალურად გავაანალიზოთ პოტენციული შედეგები და ჩვენი მომავალი გეგმა, რათა ჩვენმა ნაბიჯებმა უნებლიედ ზიანი არ მიაყენოს ქართველი ხალხის მიღწევებსა და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში", - განაცხადა სვენ მიკსერმა.