ავტორი:

ძუძუს კიბოს სკრინინგი, პრევენცია და მკურნალობა

ძუძუს კიბოს სკრინინგი, პრევენცია და მკურნალობა

ძუძუს კიბო ქალების ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. თუმცა, სკრინინგისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დახმარებით, მისი ადრეული დიაგნოსტირებაც გამარტივდა და წარმატებული მკურნალობის შანსებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რა არის ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები, რატომაა მნიშვნელოვანი სკრინინგი, როდის უნდა მივმართოთ მას, როგორია დაავადების მკურნალობის მეთოდები? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის კლინიკურ ონკოლოგს, თამარ ესაკიას მივმართეთ.

რა არის ძუძუს კიბოს განვითარების რისკფაქტორები და როგორია მისი პრევენციის გზები?

ძუძუს კიბოს განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. ეს ნიშნავს, რომ თუკი ჩვენი პირველი რიგის ორ ან მეტ ნათესავს ძუძუს კიბოს დიაგნოზი აქვს და ეს განპირობებულია გენების – BRACA1-სა და BRACA2-ს მუტაციით, შანსი იმისა, რომ მსგავსი საფრთხის ქვეშ ჩვენც დავდგეთ, მატულობს. თუმცა, გენეტიკური ფაქტორით განვითარებული ძუძუს კიბოს შემთხვევები ხშირი არ არის – ის დაახლოებით პაციენტთა 5-10%-ში გვხვდება.

ასევე, ძუძუს კიბოს გამომწვევ ფაქტორებში შედის ნაადრევი მენარქე ანუ 12 წლამდე ასაკში დაწყებული მენსტრუალური ციკლი ან გვიან, 55 წლის შემდეგ დამდგარი მენოპაუზა. დაავადების განვითარების რისკი იზრდება იმ ქალებშიც, რომელთაც საერთოდ არ გაუჩენიათ ან პირველი შვილი გვიან გააჩინეს. გარკვეული კორელაცია არსებობს პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივად მოხმარებასა და ძუძუს კიბოს განვითარებას შორისაც. ამასთან ერთად, ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადების, ძუძუს კიბოს რისკფაქტორებშიც შედის ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, მწეველობა, არაჯანსაღი კვება და ა.შ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე, ყურადღება მივაქციოთ კვებას, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები და, ზოგადად, ვეცადოთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვათ.

ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირების რა შესაძლებლობები არსებობს?

ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალებმა თვეში ერთხელ თვითგასინჯვა ჩაიტარონ – დააკვირდნენ რაიმე ვიზუალური ცვლილებები ან სიმკვრივეები ხომ არ არის ძუძუში.

გარდა ამისა, ქვეყანაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების, მათ შორის, ძუძუს კიბოს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. მის ფარგლებში ქალებს უტარდებათ მამოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, ციტოლოგიური კვლევა. პროგრამა 40-70 წლის ქალბატონებისთვის სრულიად უფასოა. ამ გამოკვლევების დახმარებით, შესაძლებელია, აღმოვაჩინოთ ისეთი კვანძები თუ ცვლილებები ძუძუში, რაც ხელით არ ისინჯება.

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში მოსულ პაციენტებს კი შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი 3D მამოგრაფიით, რომელიც ძალიან მაღალი სიზუსტით გვაძლევს ძუძუს ქსოვილების შესწავლის შესაძლებლობას. კლინიკაში ასევე, კეთდება სპეციალური ტესტი, რომლის დახმარებითაც განვსაზღვრავთ აქვს თუ არა პაციენტს გენების – BRACA1-ს და BRACA2-ის მუტაციები. ტესტს, სურვილის შემთხვევაში, ჯანმრთელი ადამიანებიც იკეთებენ, თუკი მათ ოჯახურ ანამნეზში ძუძუს ან საკვერცხის კიბოს შემთხვევები აქვთ. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს პროფილაქტიკას მიმართონ, უფრო ხშირად ჩაიტარონ სკრინინგი, რათა არ გამოეპაროთ საშიში პროცესები.

რა სიმპტომებით ვლინდება ძუძუს კიბო? რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ქალებმა ყურადღება?

ძუძუს ზომაში ზრდა, კანზე ფორთოხლისებური ცვლილებები, ჩაღრმავებები, სიწითლე, გამონადენი ძუძუს თავიდან, ტკივილი, სიმკვრივეები, არასწორ კონტურებიანი წარმონაქმნები, შესივებები იღლიაში – ეს ყველა ნიშანი, შესაძლოა, ძუძუს კიბოზე მიანიშნებდეს. ამიტომ, ამ სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, სრულფასოვანი გამოკვლევა და დაავადების გამორიცხვა.

როგორ ხდება ძუძუს კიბოს მკურნალობა და რამდენად ეფექტიანია ის?

ძუძუს კიბოს მკურნალობა საკმაოდ კომპლექსურია და ის მოიცავს თითქმის ყველა იმ მეთოდს, რომელსაც, ზოგადად, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ვიყენებთ. ესენია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ქირურგიული მკურნალობა. ის,თუ რომელი მეთოდები და რა თანმიმდევრობით უნდა დაინიშნოს, დამოკიდებულია კიბოს ბიომოლეკულურ თვისებებსა და განვითარების სტადიაზე. სრულფასოვანი დიაგნოსტირებისა და ყველა დეტალის დაზუსტების შემდეგ, როგორც წესი, ონკოლოგებისგან, რადიაციული ონკოლოგებისა და ქირურგებისგან შემდგარი კონსილიუმი იკრიბება, რათა მკურნალობა სწორად დაიგეგმოს.

რაც შეეხება მკურნალობის ეფექტიანობას, ეს ძუძუს კიბოს ტიპზე და სტადიაზეა დამოკიდებულია. მისი ზოგი ფორმა ადვილად სამართავია, ზოგი კი – შედარებით რთულად. თუმცა, დღეს ონკოლოგია სწრაფად ვითარდება – ყოველწლიურად მკურნალობის უფრო ეფექტიანი მეთოდები ინერგება, იქმნება ახალი პრეპარატები და სწორი და თანმიმდევრული მკურნალობის შემთხვევაში, სულ უფრო მარტივდება პაციენტის დაავადებისგან განკურნება ან ხანგრძლივი რემისიის მიღწევა.

და ბოლოს, რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაცია ქალებისათვის?

საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგზე მომართვიანობა დამაკმაყოფილებელი ჯერ კიდევ არ არის. მით უმეტეს, რომ ის სრულიად უფასოა 40-70 წლის ქალბატონებისთვის. ეს პრობლემა უფრო მწვავედ რეგიონებში დგას – ძუძუს კიბოს მე-3, მე-4 სტადიაზე უმეტესად სწორედ რეგიონებიდან მოგვმართავენ. ხშირად მსმენია ისიც, რომ ქალები თავს იკავებენ სკრინინგისგან, რადგან ცუდი დიაგნოზის ეშინიათ. დიაგნოზის არგაგება კი კარგად ვიცით, გამოსავალი არ არის. ჩემი მთავარი რეკომენდაცია იქნება, რომ წელიწადში ერთხელ ყველა ქალმა ჩაიტაროს ეს მარტივი გამოკვლევები და თავი დაიზღვიოს. ადრე გამოვლენილი დაავადება, სრულად განკურნების წინაპირობაა.

NS