ავტორი:

პუტინი თავს პეტრე I - ს ადარებს - 21-ე საუკუნის დიქტატორი: "როგორც ჩანს, ჩვენც იგივე ბედი გვხვდა წილად - დავიბრუნოთ და გავაძლიეროთ"

პუტინი თავს პეტრე I - ს  ადარებს - 21-ე საუკუნის დიქტატორი: "როგორც ჩანს, ჩვენც იგივე ბედი გვხვდა წილად - დავიბრუნოთ და გავაძლიეროთ"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც თებერვალში უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რამდენიმე დღის წინ პირველად ისაუბრა, რომ მათი მთავარი მიზანი ტერიტორიების "დაბრუნებაა“, მიმდინარე მოვლენები კი პეტრე I-ის დროს განვითარებულ ისტორიულ პროცესებს შეადარა. საგულისხმოა, რომ პეტრე I-ის 350 წლის იუბილეს რუსეთში ახლა აღნიშნავენ.

"ის, რომ ჩვენ საკუთარი თავის დაცვა და ბრძოლა გვიწევს, ეს ყველასთვის ნათელია. ჩვენ პეტრე I-ის 350 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენას დავესწარით და თითქმის არაფერი შეცვლილა. პეტრე პირველი ჩრდილოეთის ომს 21 წელი აწარმოებდა. იფიქრებდით, თითქოს შვედეთს ებრძოდა და რაღაც წაართვა. არაფერიც არ წაართვა! დაიბრუნა! დიახ, ეს არის ის ადგილი, სადაც პეტერბურგი დაარსდა - როცა მან ახალი დედაქალაქი დააარსა, ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად მაშინ არც ერთი ევროპული ქვეყანა არ აღიარებდა, მას ყველა შვედეთის ტერიტორიად მიიჩნევდა. აქ კი საუკუნეების განმავლობაში ფინო-უგორების ხალხთან ერთად სლავები ცხოვრობდნენ, ტერიტორია კი რუსეთის კონტროლქვეშ იყო“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

"როგორც ჩანს, ჩვენც იგივე ბედი გვხვდა წილად - დავიბრუნოთ და გავაძლიეროთ", - დასძინა პუტინმა ახალგაზრდა მეწარმეებთან შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ პუტინს უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარება ამ კონტექსტში არ უხსენებია.

24 თებერვალს, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, პუტინმა აგრესიის მთავარ მიზნად "დენაციფიკაცია“ და "დემილიტარიზაცია“ დაასახელა. ის ამტკიცებდა: "ჩვენს გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია“.

კრემლი უარყოფდა, რომ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის მთავარი მიზანი ტერიტორიის დაპყრობა და რეჟიმის შეცვლა იყო. პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის აღიარებს. ამ დროს კი უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში რეფერენდუმისთვის ემზადებიან, შეუერთდნენ თუ არა რუსეთს. უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტით კრემლის მაღალჩინოსნები ჩადიან, მათ შორის იყო კრემლის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. კრემლი ოფიციალურად აცხადებს, რომ რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება მოსახლეობამ უნდა მიიღოს, თუმცა ამბობენ, რომ ვიზიტისას კირიენკო ღიად უჭერდა მხარს რეფერენდუმის ჩატარებას.

რამდენიმე დღის წინ РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენელმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც ჩეჩენ მებრძოლებს ხელმძღვანელობდა და მარიუპოლის დაკავებაშიც იღებდა მონაწილეობას, განაცხადა, რომ ეს შეტაკება იქამდე არ შეწყდება, სანამ უკრაინის სათავეში ვოლოდიმირ ზელენსკია.

უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინელები იქამდე იბრძოლებენ, ვიდრე გამარჯვებას არ მოიპოვებენ, ხოლო მშვიდობიანი მოლაპარაკებები მაშინ შედგება, თუ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან არმიას გაიყვანს.

  • პუტინი და პეტრე I

ის, რომ პეტრე I-ის 350 წლის იუბილეს იმისთვის გამოიყენებენ, რათა ვლადიმერ პუტინი საზოგადოებას დიდ მთავარსარდლად წარუდგინონ, ამის შესახებ უცხოური გამოცემები დიდი ხანია წერენ.

რამდენიმე დღის წინ პუტინი მულტიმედიურ გამოფენას დაესწრო, თემაზე: „პეტრე I - იმპერიის დაბადება“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსი მაღალჩინოსნები პუტინის ქმედებებს ხშირად ადარებენ პეტრე პირველისას. გააგრძელეთ კითხვა