ავტორი:

"ვვარაუდობ, რომ ევროპარლამენტში ორი ირაკლისგან მიიღეს პასუხი, რომ ისინი რაღაცას იზამდნენ, მაგრამ ბიძინაა წინააღმდეგი" - რას წერს ხუხაშვილი რეზოლუციაზე?

"ვვარაუდობ, რომ ევროპარლამენტში ორი ირაკლისგან მიიღეს პასუხი, რომ ისინი რაღაცას იზამდნენ, მაგრამ ბიძინაა წინააღმდეგი" - რას წერს ხუხაშვილი რეზოლუციაზე?

ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერი იმ ჯგუფის ძალისხმევით მოხდა, რომელსაც ჰქონდა საკმარისი გავლენა სხვადასხვა ჯგუფებზე რეზოლუციის ამ სახით მიღების უზრუნველსაყოფად.

ის ფიქრობს, რომ ხელისუფლების წევრებს რეზოლუციის პროექტი წინასწარ გააცნეს და იკითხეს, რას აპირებდნენ, რომ ტექსტი ცოტა შერბილებულიყო.

"როგორ და რატომ აღმოჩნდა ბოლო მომენტში რეზოლუციის პროექტში ჩანაწერი ივანიშვილის შესახებ? ჩემი ინფორმაციით, ეს მოხდა არა საპარლამენტო ჯგუფის, არამედ ისეთი მხარის ჩარევის შედეგად, რომელსაც ჰქონდა საკმარისი გავლენა სხვადასხვა ჯგუფებზე რეზოლუციის ამ სახით მიღების უზრუნველსაყოფად. ყველაზე საინტერესოა - რა შეიძლებოდა გამხდარიყო ასეთი სასწრაფო ჩარევის მოტივი?

ვფიქრობ, რომ რეზოლუციის პროექტი წინასწარ გააცნეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაუსვეს კითხვა - აპირებდნენ თუ არა წინასწარ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, იმისათვის, რომ ტექსტი შერბილებულიყო.

ამათი ბუნებიდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ორი ირაკლისგან მიიღეს პასუხი, რომ ისინი რაღაცას იზამდნენ, მაგრამ ბიძინაა წინააღმდეგი. იქაც გაბრაზდნენ და სავარაუდოდ, ასე აღმოჩნდა ეს ჩანაწერი რეზოლუციაში. მე სხვა ლოგიკას ვერ ვალაგებ", - წერს ხუხაშვილი.

  • ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ 9 ივნისს რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლების უმაღლესი სტანდარტები.

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

ამავე რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე და აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას „წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა, ვინაიდან ეს საქმე უკვე უარყოფითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს“.

გარდა ამისა, მიღებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული საფუძვლით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს.