ავტორი:

"პეკინის სახლი გავყიდეთ და ეს ვიყიდეთ... შვილიშვილების დამსახურებით, ბინაში სწრაფ ტემპში გადმოვედი" - როგორ გამოიყურება ირმა სოხაძის "სამფლობელო" ვაკეში?

"პეკინის სახლი გავყიდეთ და ეს ვიყიდეთ... შვილიშვილების დამსახურებით, ბინაში სწრაფ ტემპში გადმოვედი" - როგორ გამოიყურება ირმა სოხაძის "სამფლობელო" ვაკეში?

ვაკის პარკის მხრიდან აბაშიძის ქუჩაზე რომ შეუხვევთ, შეუძლებელია, შემაღლებულზე მდგომი მრავალსართულიანი კორპუსი არ შეამჩნიოთ, რომელსაც ისეთი შესასვლელი აქვს, ნამდვილად ვერ იფიქრებთ, თუ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოხვდით. სადარბაზო - ეს სიტყვა ნამდვილად შეესაბამება იმ სივრცეს, სადაც კონსიერჟი გულითადად გხვდება და მიგასწავლის, საით უნდა წახვიდე კონკრეტულ მობინადრესთან მოსახვედრად. ლიფტამდე მისასვლელი გზა დიდი და ლამაზი სარკეებითაა დამშვენებული.

ამ სილამაზის თვალიერებით გართული მეორე სართულზე ავედი, სადაც ჩემი მასპინძელი, პოზიტიური და მუდამ მოღიმარი ირმა სოხაძე ხალისით შემომეგება. რესპონდენტთან საუბარი სწორედ პირველი შთაბეჭდილებით დავიწყეთ:

- ძალიან კომფორტული კორპუსია საცხოვრებლად. სადარბაზო - ამ სიტყვას ნამდვილად ამართლებს ჩვენი შემოსასვლელი. ამ ტიპის სადარბაზოები მხოლოდ ძველ სახლებშია შემორჩენილი, მაგალითად, სოლოლაკში. თანამედროვე სახლებს, ძირითადად, პატარა სადარბაზოები აქვს, ყოველი კვადრატულის ეკონომიას აკეთებენ იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართი უფრო დიდი იყოს. ჩვენი კორპუსის მშენებელი კომპანია ყოჩაღი აღმოჩნდა ამ მხრივ და არა მარტო სადარბაზო, სხვა ინფრასტრუქტურული დეტალებიც კარგად აქვთ დაგეგმილი და განხორციელებული.

რატომ დაბრუნდა ვაკეში საბურთალოზე 45-წლიანი ცხოვრების შემდეგ?

- მე დავიბადე ჭავჭავაძეზე, შემდეგ გადმოვედით აბაშიძეზე და აქ გავატარე მთელი ბავშვობა. 47 წლის წინ რომ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე, რეზო, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საბურთალოზე, კერძოდ, პეკინზე და ბუნებრივია, იქ გადავედი. საბურთალო შემიყვარდა ძალიან და როდესაც დადგა დრო, რომ მე და რეზო ცალკე უნდა გადავსულიყავით საცხოვრებლად, ბახტრიონზე შევაჩერეთ არჩევანი. ახლაც გული მიჩქარდება პეკინზე და ბახტრიონზე რომ გავივლი, მიყვარს ყველა კუთხე, ყველა გოჯი. წარმოიდგინეთ, 45 წელი ვიცხოვრე იქ.

ფოტო: ჟურნალი "შინი"

ბახტრიონზე გადასვლის შემდეგ, პეკინის სახლი გავყიდეთ და მომგებიან ფასად, პეკინზევე მშენებარე კორპუსში 200 კვადრატულზე მეტი ფართი ვიყიდეთ მე-12 სართულზე, მაგრამ რომ ავედი და ვნახე, მივხვდი, იქ ვერასდროს ვიცხოვრებდი. ან რად გვინდოდა ამხელა ფართი, გოგოები უკვე გათხოვილები იყვნენ, მე და რეზოს კი ამხელა სახლი არაფერში გვჭირდებოდა. ერთ დღეს მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება, შენ იმ ფართს მაინც არ გამოიყენებ, მოდი, გაყიდე, აბაშიძეზე შენდება ახალი კორპუსი და იქ იყიდე, თან დედ-მამის გვერდით და ჩვენთან უფრო ახლოს იქნებიო. ჩემი ყველა მეგობარი ვაკეში ცხოვრობს და უნდოდათ, მეც აქ ვყოფილიყავი.

დავფიქრდი, მივედი, პროექტი ვნახე და გავგიჟდი. ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ ეზოში უნდა ყოფილიყო აუზი. ფასიც მისაღები გახლდათ, საკმაოდ იაფი ღირდა და ვიყიდეთ. ასეთი ჭკვიანური ჩემს სიცოცხლეში არაფერი გამიკეთებია, ვგიჟდები, ისე მომწონს და მიყვარს ეს სახლი.

ფოტო: ჟურნალი "შინი"

მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, ძალიან მშვიდი სახლია. რემონტი კარგა ხნის განმავლობაში ვაკეთე, არსად მეჩქარებოდა, როცა ფული მქონდა, ვაკეთებდი. ყველაფერი ჩემი ჭკუითა და გემოვნებითაა შერჩეული, არ მყოლია დიზაინერი. ძირითადი დეტალები უკვე დასრულებული იყო, მაგრამ აქ გადმოსვლას არ ვჩქარობდით მაინც. ბახტრიონზე გადასარევად ვიყავით, რა გვეჩქარება გადასვლა-თქო, ვფიქრობდი, მაგრამ ზაფხულში ჩემი შვილიშვილები - ადრიანი და მაქსი ჩამოდიოდნენ საქართველოში, ბახტრიონზე ყველას გაგვიჭირდებოდა მოთავსება და სასწრაფოდ გადავწყვიტეთ გადმოსვლა. ვიყიდე ფარდები, წამოვიღე ჩემი ელექტროპიანინო და გადმოვედით, მათი დამსახურებაა, რომ ამ ზაფხულს სწრაფ ტემპში გადმოვინაცვლეთ ამ ბინაში, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ..წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები