ავტორი:

"სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? რაც თსუ-ში მოხდა, სირცხვილია" - რას წერს ბაჩო ხუროშვილი სტუდენტების პროტესტზე?

"სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? რაც თსუ-ში მოხდა, სირცხვილია" - რას წერს ბაჩო ხუროშვილი სტუდენტების პროტესტზე?

საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ბაჩო ხუროშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მთელი ცხოვრება სტუდენტების მხარეს დგას, თუმცა რაც თსუ-ში მოხდა, არაფერი აქვს საერთო ამ უნივერსიტეტის ღირებულებებთან და არის სირცხვილი.

"მთელი ცხოვრება სტუდენტების მხარეს ვიდექი და მხარს ვუჭერდი გულრწფელ პროტესტს. ხო და იმას, რაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, არაფერი აქვს საერთო ამ უნივერსიტეტის ღირებულებებთან და არის სირცხვილი.

ეს ლაფი ამ ინსტიტუციას არ დაუმსახურებია და არც თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც თსუ-ს სახედ შეგვიძლია აღვიქვათ! დაიმახსოვრეთ და შეეგუეთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არც ცარიელი კედლებია და არც ცარიელი სახელი. ესაა უძველესი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე იყო და არის წამყვანი ქართული სამეცნიერო კერა. და ვინ ლანძღავს? ის პროფესორები ბლოგი რომ არ დაუწერიათ ცხოვრებაში, არა თუ სტატია?

ის ხალხი, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას რომ ვერ არჩევს? ის ხალხი, უნივერსიტეტი რომ სარკეებიანი საპირფარეშო ჰგონია? დიახ, ბევრი პრობლემა აქვს თსუ-ს და ბევრი რამაა დროულად მოსაგვარებელი, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? ხელი როგორ მოკიდეთ იმ ხალხს, თქვენი წონა მონოგრაფიები რომ აქვთ ნაწერი და თქვენი თმის რაოდენობის სტუდენტი რომ ჰყავთ აღზრდილი! რომელ ონლაინ გამოცდას ითხოვთ, დეიდაშვილის მეგობარმა, ვინმე გიორგიმ რომ უნდა დაწეროს თქვენს ნაცვლად? გამობრძანდით უნივერსიტეტიდან და მოიხადეთ ბოდიში, პირველ რიგში პროფესორებს და ლექტორებს მოუბოდიშეთ საგანზე მოხალისეობრივად, 90 ლარად რომ გემსახურებიან" - წერს ხუროშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ხმაური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, კაბინეტს არ დატოვებდნენ.

როგორც ირკვევა, ისინი წარმოადგენენ ორგანიზაციას "ბრძოლა განათლებისთვის" და მოითხოვენ რექტორის გადაყენებას, რადგან, მათივე განცხადებით, უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა სტუდენტების მოთხოვნა, სემესტრის ბოლომდე სწავლის ჰიბრიდული რეჟიმი შენარჩუნებულიყო.

მათი თქმით, რექტორი გიორგი შერვაშიძე მათ უარს ეუბნება უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე, რის გამოც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავებისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ.

უნივერსიტეტმა მოუწოდა როგორც თსუ-სა და ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს, გარეშე პირებს, რომლებიც თსუ-ში გამოცდების ონლაინ ფორმატით ჩაბარების მოთხოვნით აქციას ატარებენ, პროტესტის კონსტრუქციულ ფორმებს მიმართონ.

საკმაოდ მძიმე საყურებელია ის ვიდეოები, რაც გავრცელდა. სტუდენტები არ ერიდებიან უნივერსიტეტის თანამშრომლების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ნახეთ ვიდეო: