ავტორი:

მიზეზი თუ რის გამო შეიძლება საყვარელი ყავის გემოზე გული აგიცრუვდეს?

მიზეზი თუ რის გამო შეიძლება საყვარელი ყავის გემოზე გული აგიცრუვდეს?

არომატული და გამამხნევებელი ყავის გარეშე მილიონობით ადამიანს თავისი დღე ვერც კი წარმოუდგენია. ყავის დალევა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია ჩვენს ყოველდღიურობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ისეც ხდება, რომ კაფეში მისულს საყვარელი სასმელი იმედგაცრუებულს გვტოვებს.

ყავა ძალიან გრძელ და საინტერესო გზას გადის, სანამ თქვენს ფინჯანში მოხვდება. მისი გემო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ ყავის არჩევას, მისი მომზადების ტექნიკას და ბევრ სხვა ნიუანსს, მით უფრო გემრიელი იქნება ის.

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ საყვარელ სასმელს ბარისტას შეუკვეთავთ:

1. ყავის მარცვალი

არაბიკა და რობუსტა ორი ყველაზე გავრცელებული მარცვლის სახეობაა. მათ თავის მხრივ, უამრავი ჯიში აქვს. მარცვალი ამ არომატული სასმელის ხარისხში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ყავის მარცვლის ხარისხზე ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის: ნიადაგი, ჰავა, ამინდი და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, თუ როგორ პირობებში ხდება მისი ტრანსპორტირება, სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწევს. სამწუხაროდ, საქართველოში, ბევრ ჰორეკა ობიექტში ძალიან დაბალი კატეგორიის მარცვალი შემოაქვთ. უგემური ყავის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზიც სწორედ ეს არის.

2. ყავის აპარატის მდგომარეობა

ნებისმიერ ყავის აპარატს, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულსაც, სჭირდება პერიოდულად წმენდა ნადებისგან, რომელიც აპარატის რამდენიმე დეტალზე რჩება. დაგროვილი ყავის ცხიმი ილექება ფილტრებსა და მილებზე და იწვევს მათ გაჭედვას. გაუწმენდავ აპარატში მომზადებულ ყავას გემო ეცვლება. ასევე, გავრცელებული მიზეზი მოძველებული მარცვლის აპარატებია, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა ამოწურული აქვს. ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა ჰორეკა ობიექტებში და სხვადასხვა დროს დალეული ყავის არასტაბილური გემოს მიზეზიც ხშირ შემთხვევაში გაუწმენდავი, ან ძალიან მოძველებული ყავის აპარატია.

3. სწორად მოხალული ყავა

ყავის მოხალვა გემრიელი სასმელის მისაღებად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სახალავი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რომ ყავის მარცვლები შესაბამისად მოიხალოს. ზოგადად რაც უფრო მოკლეა დრო მოხალვასა და მომზადებას შორის, მით უფრო გემრიელი და არომატული იქნება ყავა. პროფესიონალებმა იციან, როგორი უნდა იყოს მოხალვის ტემპერატურა და პროცესის ხანგრძლივობა. თუ მოხალვიდან დიდი დროა გასული, ან მოხალული მარცვალი არასათანადო პირობებში იყო შენახული, ასეთი ყავის გემო ნამდვილად გაგიცრუებთ იმედებს.

4. ბარისტას პროფესიონალიზმი

ბარისტას ბევრი მოვალეობა აქვს, რომელთაგან მთავარია: ყავის ჯიშების, მათი წარმოშობისა და მომზადების თავისებურებების ცოდნა, ყავის მომზადების ტექნიკის ფლობა, მარცვლების სწორად მოხალვა და დაფქვა, სხვადასხვა სახის ყავის სასმელების მომზადება, ყავის აპარატის სრულფასოვნად ცოდნა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ყავის აპარატის სრულყოფილად გაწმენდა. სწორედ ამ ყველაფრის და პროფესიული ეთიკის უცვლელად დაცვა განსაზღვრავს სასმლის მუდმივად მაღალ და სტაბილურ ხარისხს.