ავტორი:

"თუ სალომე ზურაბიშვილი ამას გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს, ფიალით ცოტა ნაცარს მოვიტან და თავზე წავიყრი" - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის შეწყალებაზე

"თუ სალომე ზურაბიშვილი ამას გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს, ფიალით ცოტა ნაცარს მოვიტან და თავზე წავიყრი" - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის შეწყალებაზე

თუ სალომე ზურაბიშვილი ამას [შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს] გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს, ცოტა ნაცარს ფიალით მოვიტან და თავზე წავიყრი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკისას სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი "იმ ემიგრაციის პროდუქტია, რომელმაც საქართველო მიატოვა“.

"სალომე ზურაბიშვილმა რამე ფასეული თუ გააკეთა ვითარების განსამუხტად? რა პროცესი წამოიწყო, ყავას რომ სვამდნენ იქ, "ყავახანა“ და საჭორაო რომ გახსნა? დაელოდეთ სალომეს, ვისაც მისი იმედი გაქვთ. "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ - ასეა ეს. იმ ემიგრაციის პროდუქტია, რომელმაც ეს ქვეყანა თავის დროზე მიატოვა. დაელოდეთ სალომეს, ის "იხსნის“ საქართველოს. პრეზიდენტი? იმპერატორი რომ დაარქვა, რისი გამკეთებელია? თუ ამას [შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს] გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს და ცოტა ნაცარს ფიალით მოვიტან და თავზე წავიყრი. ის არაფრის გამკეთებელია. ეს მაშინ შეიძლება გააკეთოს, როდესაც ბიძინას დაასანქცირებენ“, - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, გუბაზ სანიკიძემ ივანიშვილზე საუბრისას "ქართული ოცნების“ დამფუძნებელს საქართველოს "წითელი ბარათი“ უწოდა.

"ახლა ისე არის წყობიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილი, რომ აბსოლუტურად სისულელეებს სისულელეებზე წააწყობს. უკეთეს შემთხვევაში, მას გააყიდვინებენ მწვანილს ბაზარში - დაასანქცირებენ არამხოლოდ მას, არამედ მის გარემოცვასაც და ახლობლებს. ეს უმრავლესობა თუ ასე გააგრძელებს, იქიდანაც ვიღაცებს ამოკენკავენ.

ახალი სისტემა იქმნება მსოფლიოში - ე.წ. ნორდული კავშირი, ანგლო-საქსები, აღმოსავლეთ ევროპა პლუს სკანდინავია, უკრაინა და იქნებ ჩვენ შევეკვეხოთ, ოღონდ ბიძინათი არ გამოვა, გამორიცხულია. ბიძინა არის "წითელი ბარათი" საქართველოსთვის. რაც უფრო დროზე მიხვდება ეს ხალხი, მით უკეთესია, თორემ უახლოეს პერიოდში იმ ახლობლებსაც გამოუყრიან ქართველებს და ცოლები ჩამოუვა ქმრებს, რომ მიეჩვივნენ უკვე ცოლების ხარჯზე ცხოვრებას. ბიძინა არის ავადმყოფობა ამ ქვეყნის. საქართველოს პერსპექტივა არ ექნება, სანამ ეს კაცი იქნება აქ. რადგან შიგნიდან ვერ ვერევით, გარედან უკვე გადაწყვიტეს. საქმე არის სერიოზულად და ეს ვერავინ გაიგო.

კატასტროფა ხდება - კაცი იყენებს თავისი ინტერესებისთვის ქვეყანას. საქართველოთი აშანტაჟებს დასავლეთს. ამაზე საშინელება არასდროს მომხდარა. არცერთ ხელისუფალს ქვეყანა შანტაჟისთვის არ გამოუყენებია. ეს ის ქვეყანაა, სადაც მეფეები თავს დებდნენ. ეს არის კაცი, რომელიც საქართველოთი მანიპულირებს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.