ავტორი:

"საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშეა - არადა ხელისუფლებას შეეძლო, ეიძულებინა ბრიუსელი..." - რა შანსები გვაქვს ევროკომისიის დასკვნის შემდეგ?

"საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშეა - არადა ხელისუფლებას შეეძლო, ეიძულებინა ბრიუსელი..." - რა შანსები გვაქვს ევროკომისიის დასკვნის შემდეგ?

"ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

"საქართველომ წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოახდინოს შეკვრა და ევროკავშირის მიმართულებით სტრუქტურული რეფორმები განსაზღვროს - ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო იზიარებს იმავე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნიათ.

საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე AMBEBI.GE-ს საკუთარ მოსაზრებებს პოლიტოლოგები უზიარებენ.

გია ხუხაშვილი:

"ეს შედეგი მოსალოდნელიც იყო, გუშინ დავწერე სტატუსი და რასაც ჰქვია, ტყვია-ტყვიაში ჩავაჯინე, რასაც ველოდი, ის მოხდა. ჩვენ პერსპექტივა ნული გვაქვს იმიტომ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური ნება, რამე შეცვალოს. ხოლო როდესაც ადამიანს რეფორმების გატარების ნება არ აქვს, იმას რაც გინდა დაუწერო, მაინც არ გააკეთებს.

შესაბამისად, რჩება ერთადერთი გზა - შეიცვალოს ხელისუფლება. მას ჯერ შანსი უნდა მივცეთ, რა თქმა უნდა. ჯერ პირობები გამოქვეყნდება და მერე უნდა ჩამოვყალიბდეთ - თუ ასრულებენ, ასრულებენ, თუ არა და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ეს საკითხი შემდეგ სამიტზეც შეიძლება დაბრუნდეს დღის წესრიგში, 6 თვის შემდეგ, თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებს შეასრულებ. მაგრამ ვინაა პირობების შემსრულებელი? - ესაა მთავარი კითხვა.

ახლა "ოცნება" ათას რამეს იტყვის, თავის მართლების რეჟიმში ჩადგება, შეიძლება კობახიძემ საერთოდ თავი გადაიპარსოს და ამაზე გადავერთოთ ყველა, ათასი რაღაც მოხდება... აქამდე რას აკეთებდნენ - ანტიევროპულ განწყობას არ თესავდნენ, აბა, რას აკეთებდნენ? მთელი ევროპარლამენტი ბოლო სიტყვებით ლანძღეს და მეტი ანტიევროპული რაღა გინდათ? დეგრადაციაა, სრული, ათასი დაპირება გაიცა და არ შესრულდა, მიშელის მონაწილეობით დოკუმენტს ხელი მოეწერა და ანულირება მოახდინეს, რომელი ერთი მიზეზი დაგისახელოთ?

სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ რამე შეიცვალოს, თუმცა თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ თარიღებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პირობებს თუ არ შეასრულებ, სტატუსის მიღება შეიძლება შორეული პერსპექტივა გახდეს. პირობების შესრულების პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ, შესაბამისად, რაღაც სისტემურად უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, რომ პროგნოზი გავაკეთო, აქ დროზე და სტაჟზე ხომ არაა ლაპარაკი, აქ პირობების შესრულებაა მთავარი".

გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი:

"ევროკომისიის დასკვნაში რამდენიმე საგულისხმო საკითხია და მე იქ ვერ დავინახე კრიტიკა, რომელიც არ იყო საფუძვლიანი. ეს დასკვნა, თავიდან ბოლომდე, იყო პირდაპირი რეფლექსია იმ დამოკიდებულების და იმ პოზიციის, რომელსაც ქართული სახელმწიფო, დიპლომატია და მთლიანად ქართული პოლიტიკური კლასი იჩენდა ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართ. ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, ევროინტეგრაციის საკითხი გადაიქცა რაღაც ილუზორულ და ნახევრად მითიურ თემად, თითქოს და ეს იყო რაღაც უკვდავების წყალი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ ვხედავდი კონცეპტუალურ მუშაობას, ქმედით მუშაობას და ძლიერ დიპლომატიას ამ მიმართულებით.

ამ დასკვნით გამოიკვეთა ის, რომ ქართულმა დიპლომატიამ ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაიაზრა, რომ:

1. არ შეიძლება ვიყოთ შეტენილი რომელიმე პაკეტში იმიტომ, რომ უკრაინა და მოლდოვა ეს არის ორი ძალიან განსხვავებული გეოპოლიტიკური რეგიონი, ორივე არის ევროკავშირის მოსაზღვრე სახელმწიფო.

2. მოლდოვაში დღემდე აქტიურად განიხილება რუმინეთთან ინტეგრაციის საკითხი. უკრაინა დღეს არის პირდაპირი თავდასხმის ობიექტი რუსეთის ფედერაციიდან და შესაბამისად, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ ევროპის მგრძნობელობა ყოველთვის ბევრად უფრო განსხვავებული იქნება, ვიდრე საქართველოს მიმართ. საქართველო ბევრად უფრო ახლოსაა ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან და შეიძლება განიხილო, როგორც ევროპის უკიდურესი სამხრეთი (ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი) და შესაბამისად, ევროპა ჩვენ განგვიხილავს როგორც განსხვავებულ სოციოკულტურულ სივრცეს.

3. ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობა, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა გააჟღერა, არის თვისებრივად განსხვავებული, არ ვართ ამ წუთას ცხელი წერტილი, საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ოკუპირებული რეგიონები. ჩვენთან არ არის 200 ათასი რუსი ჯარისკაცი და ჩვენ გამოვდივართ უსაფრთხოების თვისებრივად განსხვავებული მოცემულობიდან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.

კითხვა მაქვს ჩვენს დიპლომატიასთან: სადმე არის ეს განსხვავებული და განსაკუთრებული მოცემულობა ასახული და წარმოდგენილი? ის, რომ ჩვენ რაღაც ეტაპზე მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება ერთობლივად და ამ მიმართულებით ვიყავით ლიდერი სახელმწიფო, არ ცვლის პირველ მოცემულობას, რომ ევროპა ჩვენ აღგვიქვამს განსხვავებულ სოციოკულტურულ სივრცედ. აქედან გამომდინარე, ევროპასთან კომუნიკაციისას ჩვენ ყოველთვის მოგვეთხოვება ბევრად მეტი ძალისხმევა, ვიდრე მოეთხოვება იმავე უკრაინას და მოლდოვას და ამ მიმართულებით ბევრად მეტი გვაქვს სამუშაო.

კითხვა ნომერი სამი: რით იწყება რეკომენდაციები? - პოლიტიკური პოლარიზაციით. ჩვენ ევროპელების დახმარება-ჩართულობა ფეხზე დავიკიდეთ და ამის შემდეგ ველოდით, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემდნენ? ბოლო პერიოდში, საქართველოში მიმდინარე პროცესებში ევროკავშირის ჩართულობა იყო საკმაოდ მაღალი. გავიხსენოთ შარლ მიშელის ჩამოსვლა და მანამდე მისი წარმომადგენლის ფაქტობრივი გადმოსახლება საქართველოში. შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვის მიზნით, ევროკავშირმა ძალიან ბევრი გააკეთა და ვკითხულობ: რა დაემართა ამ დოკუმენტს? - ფეხებზე დაიკიდა როგორც მთავრობამ, ასევე სტრატეგიულმა ოპოზიციამ იმიტომ, რომ ერთად დაჯდომა, კომპრომისი და კონსენსუსი ქართული პოლიტიკური კულტურისთვის უცხოა.

როდესაც ევროკავშირი ჩაერთო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში, ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა - პირველ რიგში ხელისუფლებამ და მერე ოპოზიციამ - სტრატეგიულად მსხვილმა პარტიებმა რა ქნეს? - ხან მიუერთდნენ, ხან არ მიუერთდნენ, სხვადასხვანაირად წერეს და იკითხეს და დარჩა ქვეყანა ისევ პრეაპოკალიპტური პოლიტიკური ტურბულენტობის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იყო ის, რომ ევროკომისია და ევროკავშირი ამას ისე არ გაატარებდა. ის ჩაერთო განმუხტვაში, როცა მივედით კონსესუსამდე, მერე შემდგარი კონსენსუსი ყველა პარტიამ ფეხებზე დაიკიდა, ამას ექნებოდა შედეგები. უნდა გავიაზროთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები დგას ერთ უმთავრეს პრინციპზე - ხელშეკრულება, შეთანხმება უნდა შესრულდეს, თუ აწერ შეთანხმებას, კეთილი ინებე და დარჩი იმ საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული, რომელიც გვაქვს.

აღსანიშნავია მთავრობის წევრების სასწაული ფრაზებით და რიტორიკით გამოსვლები. ხელისუფლებამ ახლა მაინც დაანებოს თავი რაღაც სასწაულ რიტორიკას, დასხდნენ, გააანალიზონ ეს რეკომენდაციები და რისი ვალდებულებებიც აიღეს, კეთილი ინებონ და იმუშაონ. ასე არაა, რომ ჩვენ კაი ტიპები ვართ და ამიტომ უნდა მიგვიღოს ევროკავშირმა. ჩვენ კი გვაქვს წარმოდგენა, რომ სამყაროს ჭიპი ვართ, მაგრამ ბევრ ევროპულ ქვეყანას სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ.

ერთადერთი, ჩვენ ამ შემთხვევაში ვჭირდებით აშშ-ს, მეორე - რუსეთს, ჩინეთს და მესამე რიგში - თურქეთს და ირანს. ამერიკის გარდა, აქედან არც ერთი პერსპექტივა არაა მომხიბლავი. იმისთვის, რომ ჩვენ მხოლოდ ამათ არ ვჭირდებოდეთ, შესასრულებელი გვაქვს ვალდებულებები და თავი დავანებოთ გადამგდებობას. თუ გვინდა, რომ პერსპექტივა გვქონდეს, გამოვიტანოთ სათანადო დასკვნები იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინეს, მერე უნდა შეიქმნას კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რამდენ ხანში რა უნდა იყოს გაკეთებული და ეს უნდა შესრულდეს. ამ შემთხვევაში მოგვეთხოვება - კონსოლიდაცია და მუშაობა. პოლიტიკოსებმა ერთხელ და სამუდამოდ იფიქრონ ისე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეკადრებათ. განსხვავება უნდა იყოს უბანში, ბირჟაზე განხილულ სახელმწიფო პოლიტიკასა და სახელმწიფოს მაღალი ტრიბუნიდან განხილულ პოლიტიკას შორის".

გიორგი კობერიძე, GIPA-ს პროფესორი:

"პოლიტიკური კატასტროფა ვითარდება ჩვენს თვალწინ. ქვეყანა, რომელიც არსებობიდან დღემდე ევროპისაკენ მიისწრაფვის გეოპოლიტიკურ ციხეში აღმოჩნდა. 2008 წელს, როდესაც MAP-ის გარეშე დავრჩით რუსეთმა ეს სამოქმედო სიგნალად აღიქვა და ომი დაგვიწყო, დღეს კი ევროკავშირის უარი ერთდროულად შიდა და საგარეო პოლიტიკურ უმძიმეს შედეგებს გვიქადის და თან ძალიან გრძელვადიანს.

საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ევროკავშირს არ დარჩენოდა რაიმე საფუძველი უარი ეთქვათ ჩვენი კანდიდატურისათვის. როდესაც ისედაც კითხვის ნიშნებით გიყურებენ და შენ არაფერს აკეთებ საპირისპიროს დასამტკიცებლად და უბრალოდ, გსურს რომ მიიღო ის, რაც გგონია რომ გეკუთვნის, ასე არ ხდება ხოლმე.

მეორეს მხრივ, სწორედ ოფიციალური ბრიუსელი იყო ხელისუფლების ყველანაირ გადაცდომაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ავტოკრატიულ ტენდენციებზე თვალს რომ ხუჭავდა და ლამაზ-ლამაზი სიტყვებით აფორმებდა ხელისუფლების გადადგმულ პოლიტიკურად უმძიმეს ნაბიჯებს. რა ეგონათ ფეისბუქისა და ტვიტერის ორაზროვანი პოსტებითა და დიპლომატიური შელამაზებებით რაიმე შეიცვლებოდა და რეფორმები ახალი ტემპით გაგრძელდებოდა?! დღეს აღმოაჩინეს, რომ საქართველოში ოლიგარქიაა?!

ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოსათვის უარის თქმა ამ ქვეყნის მომავალზე უარის თქმაა. თუკი ერთი წუთით მაინც ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას არ შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა და წინ სახელმწიფო ინტერესები დაეყენებინა პერსონალურ და პარტიულ ინტერესებთან შედარებით, ძალიან ცდებით, ხელისუფლებას ძალიან ბევრი რაიმეს გაკეთება შეეძლო. უბრალოდ, რეფორმების გატარება, რომლითაც ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებდნენ ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა. ამასთან, ამ წარმატებული პოლიტიკური ღონისძიებებითა და ცვლილებებით ხელისუფლებას შეეძლო ეიძულებინა ბრიუსელი და მოეპოვებინა საქართველოსათვის ის, რასაც ამდენი ხანია ვესწრაფვით.

ამასთან, დღევანდელი ეგზისტენციალური საფრთხის გათვალისწინებით საქართველოსათვის უარის თქმა სამხრეთ კავკასიაზე უარის თქმასაც ნიშნავს. "მაპზე უკეთესი" კი არც 2008-ში ნიშნავდა რაიმეს და არც ახლა ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ამით რუსეთს უფრო მეტ მადას აღუძრავს. ანუ მოხდა ის, რომ ხელისუფლების წინდაუხედაობამ და სახელმწიფო ინტერესების მეორე პლანზე გადატანამ და ევროკავშირის მხრიდან გეოპოლიტიკურმა ინდიფერენტულობამ საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშე დააყენა. ახლა, როდესაც მოლდოვაცა და უკრაინაც მძიმე გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ევროკავშირის კანდიდატები ხდებიან და ამავე მძიმე გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე საქართველოს უარს ეუბნებიან, ეგ პრაგმატიზმში ვერ ჩაჯდება.

გულწრფელად მჯერა რომ საქართველოს ადგილი იყო, არის და კიდეც იქნება ერთიან ევროპაში, რადგან ეს ჩვენი კულტურული, პოლიტიკური და ცივილიზაციური არჩევანია, მაგრამ ის, რომ ქვეყნის შიგნით ხელისუფლება შუა აზიურ პოლიტიკურ ნაკვთებს ატარებს და ბრიუსელის მხრიდან ან თვალდახუჭულად ხვდებოდნენ, ან/და ინდიფერენტულად უყურებდნენ ამას - ამასაც უნდა გავუსწოროთ თვალი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ კოლექტიური ოპოზიცია სუსტი, დიდწილად იდეოლოგიის არმქონეა, რომელიც ისევ მოძველებულ პოლიტიკურ სახეებზე დგას და რეალური ალტერნატივის შექმნა აღარ შეუძლია. ანუ გვაქვს ის, რასაც ინგლისურში Prefect Storm-ს უწოდებენ ანუ ის, ყველა ნეგატიური მოვლენის ერთიანად დამთხვევისას რომ ხდება ხოლმე”.