ავტორი:

როგორ ეხმაურებიან რუსეთში ევროკომისიის გადაწყვეტილებას - "ცნობილი ტრიოდან ერთ-ერთს უარი უთხრეს... ხომ არ აგვიანებს ევროპა?!"

როგორ ეხმაურებიან რუსეთში ევროკომისიის გადაწყვეტილებას - "ცნობილი ტრიოდან ერთ-ერთს უარი უთხრეს... ხომ არ აგვიანებს ევროპა?!"

"რატომ არ მიიღო საქართველომ იგივე, რაც უკრაინამ და მოლდოვამ?! ევროკავშირისგან მეტს ველოდით აცხადებს საქართველო! ევროკომისიამ ცნობილი ტრიოდან ერთ-ერთს უარი უთხრა!" - ეს არის გამოხმაურებები, რომელიც რუსულ მედიასა და ინტერნეტსივრცეში ევროკომისიის დასკვნას მოჰყვა.

life.ru-ს ცნობით, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საქართველოს კი უარი უთხრა.

"ევროკომისიამ თბილისს მოუწოდა უფრო მეტი გულისხმიერებით იმუშაოს პოლიტიკურ რეფორმებზე, ასევე აქცენტი გააკეთოს საზოგადოების კონსოლიდაციაზე. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დე ლაიენმა განაცხადა.

უკრაინის კვალდაკვალ, კიდევ ერთმა ქვეყანამ მოისმინა, რომ მას ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ექნება - ეს არის მოლდოვა. საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისიამ გადაწყვიტა კანდიდატის სტატუსის საკითხს მოგვიანებით მიუბრუნდეს" - წერს გამოცემა.

"ევროკომისია ჯერ არ არის მზად, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისცეს" - ასე ეხმაურება გუშინდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოცემა currenttime.tv.

მისივე ცნობით, უკრაინას კანდიდატის წევრობის სტატუსი გარკვეული პირობებით, კორუფციასთან ბრძოლითა და კანონის უზენაესობის აღიარებით აძლევს, იგივე ეხება მოლდოვასაც.

dw.com/ru-ს ცნობით, "ევროკომისია რეკორდულ დროში აპირებს, უკრაინის ევროკავშირში მიღებას, ალბათ იგივე ხდება მოლდოვას შემთხვევაში, რაც შეეხება საქართველოს - მას უარი უთხრეს კანდიდატობის წევრის სტატუსზე... ხომ არ აგვიანებს ევროპა?!" - ასე ეხმაურება გამოცემა ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

"ომში გახვეული უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ არა მხოლოდ აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, არამედ იტალია და ირლანდიაც კი, რადგან მათ იციან ამავე უწყების მხრიდან რეალური ნაბიჯების გადადგმას, (იგულისხმება გაწევრიანება), რომ ძალიან დიდი დრო დასჭირდება" - მიაჩნია გამოცემას.

ევროკომისიის გუშინდელ დასკვნას რუსი ინტერნეტმომხმარებლები "პოლიტიკურ გადაწყვეტილებას" უწოდებენ. ნაწილის თქმით, ევროპა ახალ წევრებს გაუბედავად ირჩევს და თუ მაინცდამაინც ურჩევნია ზომები უკიდურეს შემთხვევაში მიიღოს, უარს ხან გეოგრაფიული მდებარეობით ფუთავს, ხან კარის ღიად დატოვებით ხსნის.

"თუ ობიექტურები ვიქნებით, ვფიქრობ, საქართველოც მათ შორის უნდა ყოფილიყო, სხვა თუ არაფერი, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, ის ნამდვილად მოწინავეა და თუ მოლდოვა ბოლო ერთი წელია გამოცოცხლდა, საქართველო რამდენიმე წელია ამას აკეთებს. მთავარია, ამ ქვეყნებს რუსეთისგან თავის დაღწევის შანსი მისცენ, ვულოცავ მოლდოვას და უკრაინელებს სისხლით მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს, დანარჩენი ყველაფერი ნათელია" - წერს იულია უშკინა.

"უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ის სამხედრო მოქმედებები, მით მეტი ქვეყანა იქცევა რუსეთისთვის მტრად, თუმცა, ჩვენს ხელმძღვანელობას და მათი ძალისხმევით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, ისედაც მიაჩნიათ, რომ მსოფლიო მათ წინააღმდეგაა. თუ ადრე ნატოს წევრები ითვლებოდნენ მტრად, ახლა მათ ევროპის ქვეყნები, ან გაწევრიანების მსურველები ემატებიან. ყველა ცდილობს რუსეთს ვიღაცის ფრთის ქვეშ დაემალოს" - მიაჩნია ალექსანდრ მაიოროვს.

"ვფიქრობ, საქართველოში გამჭვირვალობა ბევრად მეტია, ვიდრე დანარჩენ ორ ქვეყანაში, თუმცა, იქ ბოლო ხანებში დაწყებული პოლიტიკური პოლარიზაცია აშკარა და შესამჩნევი გახდა. ფაქტობრივად, ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანას ერთიანი პოზიცია არც ერთი საკითხის მიმართ არ აქვს... ჩვენ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური განხეთქილება, რომელიც საზოგადოებაშიც კარგად არის ფეხმოკიდებული, ყველაზე ძნელად აღმოსაფხვრელია. დანარჩენი ყველაფერი გასაგებია - უკრაინა ომშია და მეტი მოტივაცია სჭირდება, რუსეთი ბოლო ხანებში მოლდოვისკენ იწევს და მასაც სჭირდება სტიმული ამ მონსტრს ებრძოლოს." - წერს მაქსიმ კრივა.