ავტორი:

"საშემოდგომო გამოგაყოლეთ და იანვრამდე დაგიტოვეთო... გვითხრეს, რომ თქვენ მეტი უნდა გააკეთოთ, უფრო შორს ხართო" - ბექა დავითულიანი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

"საშემოდგომო გამოგაყოლეთ და იანვრამდე დაგიტოვეთო... გვითხრეს, რომ თქვენ მეტი უნდა გააკეთოთ, უფრო შორს ხართო" - ბექა დავითულიანი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

გვეუბნებიან, რომ არის ხარვეზები, რომლის გამოც ჩვენ, უხეშად რომ ვთქვათ, საშემოდგომო გამოგაყოლეთ და იანვრამდე დაგიტოვეთო, კი ბატონო, გავიგეთ. ახლა ეს უნდა აღმოვფხვრათ - ჩვენ ამ ყველაფერს მართლა გავაკეთებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტ-ქალაქში“ ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გეოპოლიტიკური ინტერესების გამო არ გასცა.

“ჩვენ არ დაგვჩაგრეს, ჩვენ უბრალოდ გვითხრეს, რომ თქვენ მეტი უნდა გააკეთოთ, უფრო შორს ხართო. ამ ხალხმა რეკომენდაცია ჩვენც, მოლდოვასაც და უკრაინასაც მოგვცა, რეკომენდაციების მოცემის პარალელურად, მათზე ავანსად სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, ჩვენ გვითხრა, რომ ჯერ რეკომენდაციები შეასრულეთ, მერე მოგანიჭებთო , - აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაციით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ოფიციალურ დონეზე პირველად დადასტურდა, რაც ევროპისკენ მიმავალ გზაზე ცალსახად წარმატებაა.

"ევროპისკენ მიმავალ გზაზე ცალსახად წარმატებაა, მაგრამ "ტრიოში“ ჩვენ რომ არ მოგვენიჭა და მათ მიენიჭა, რა თქმა უნდა, ეს გულდასაწყვეტია. უკრაინას და მოლდოვას ვერ ჩამოვრჩებოდით, იმიტომ რომ მათივე შეფასებით, ჩვენ მოლდოვაზე და უკრაინაზე რამდენიმე თავით წინ ვართ და რეფორმების განხორციელების კუთხით რამდენიმეჯერ ვჯობივართ, თუმცა მათ სტატუსი მაინც მიენიჭათ და ჩვენ არა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.

ბექა დავითულიანი ევროკომისიის გადაწყვეტილებას მარცხად არ აღიქვამს და აცხადებს, რომ "ეს გუშინწინდელ მდგომარეობაზე უკეთესია, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც ყველა ერთად გუშინ ვისურვებდით“.

მისივე თქმით, მათ ყვითელი ბარათი რომ ეჩვენებინათ, ამ გადაწყვეტილებას სხვა კონტექსტით წარმოადგენდნენ.

"ვიზების საკითხი, ასოცირების დღის წესრიგი, ყველაფერი უფრო გვიან მოგცეს, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ყველაფერში ვაჯობეთ და ამ სიკეთეებით მოსარგებლე უფრო მალე გავხდით. ყველა რეფორმის გატარებაში ვჯობნით, გვიან გვაძლევდნენ და შესრულებულ ვალდებულებებს უფრო ადრე ვაბარებდით“, - განაცხადა დავითულიანმა.

მმართველი გუნდის წევრმა ასევე, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული შესასრულებელი ვალდებულებების იმ პუნქტზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის აღმოფხვრაზე მიუთითებს.

ბექა დავითულიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკის მოთამაშე უკვე წელიწადზე მეტია, რაც აღარ არის და ის საქართველოში ოლიგარქი არც ყოფილა და არც არის.

"ოლიგარქი ნიშნავს ადამიანიანს, რომელიც ძალაუფლებას კერძო ინტერესებისთვის იყენებს. ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებით ფულს შოულობს?! ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ივანიშვილი ოლიგარქი არც ყოფილა და არც არის. მას ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა აღარ აქვს, ევროპის ნაწილი და ოპოზიცია ამბობს, რომ აქვს. გამოსავალი რა არის?! - გამოსავალი არის ამ მონიტორებთან დავსხდეთ და ვიმსჯელოთ“, - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, თუ რაში ხედავს ის ხელისუფლების პასუხისმგებლობას, დავითულიანი პასუხობს, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მათ ასმაგი "ბეჯითობა“ მოეთხოვებოდათ, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ.

"ვინაიდან საქართველოს ევროპასთან პირდაპირი გეოგრაფიული საზღვარი არ აქვს, ვინაიდან უსაფრთხოების რისკი იმ ორ ქვეყანაში დღეს უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან, ჩვენთანაც მაღალია, მაგრამ მაინც, ჩვენ ასმაგი ბეჯითობა მოგვეთხოვება, ვიდრე მათ. ჩვენ ასმაგად არ გვიბეჯითია, იმიტომ რომ შიდაპოლიტიკურ საკითხებში, შიდა კონიექტურას რაღაცებში უფრო მეტი ანგარიში გავუწიეთ, ვიდრე გარეთ. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, თუ რამე იყო“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.