ავტორი:

"სულით და გულით თქვენთან ვარ!" - რას წერს ია ანთაძე დღეს დაგეგმილი აქციის "შინ ევროპისაკენ" შესახებ

"სულით და გულით თქვენთან ვარ!" - რას წერს ია ანთაძე დღეს დაგეგმილი აქციის "შინ ევროპისაკენ" შესახებ

ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ია ანთაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც დღეს, საღამოს 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის მონაწილეებს მიმართავს.

"ძალიან, ძალიან მწყდება გული, რომ დღეს რვაზე ვერ ვუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს და თითოეული ჩვენგანის ევროპისკენ სწრაფვას ადასტურებენ ერთად დგომით. სულით და გულით თქვენთან ვარ! რაც თავი მახსოვს, ჩემი ოჯახი, ახლობლები და მეგობრები ვოცნებობდით საქართველოს ევროპულ მომავალზე და გვჯეროდა, რომ ჩვენი ევროპელობის დოკუმენტურ დადასტურებასაც მოვესწრებოდით.

წარმატებები ჩვენ და ჩვენს საერთო სამშობლოს ამ ნანატრ გზაზე!" - წერს ჟურნალისტი " ფეისბუქში".

ცნობისთვის, დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია "შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

აქცია "სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.