ავტორი:

"ჩემი აქ დასახლება მისტიურ დამთხვევებთან არის დაკავშირებული... აქ დრო გაჩერებულია" - ცნობილი მხატვრის სამოთხე "ვერონაში" და ცხოვრება თბილისიდან გადასახლების შემდეგ

"ჩემი აქ დასახლება მისტიურ დამთხვევებთან არის დაკავშირებული... აქ დრო გაჩერებულია" - ცნობილი მხატვრის სამოთხე "ვერონაში" და ცხოვრება თბილისიდან გადასახლების შემდეგ

პროფესიით კოსტიუმის მხატვრის სოფო ვარაზის შემოქმედება მრავალი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს. მან მონაწილეობა მიიღო ინგლისის, ირანისა და საქართველოს ერთობლივ პროექტში და დაასურათა სპარსული და შუა საუკუნეების პოეზიის კრებული - "აღმოსავლეთის ხიბლი". ასევე ვარიაციები - "ვეფხისტყაოსნის“ თემაზე. იგი ექვსი პერსონალური გამოფენის ავტორია...

სოფო ვარაზმა სამყაროს ორი ნაწილის – შუა საუკუნეების აღმოსავლეთისა და დასავლეთის, როგორც აზიის, ასევე რენესანსის ეპოქის ჰარმონიული სინთეზით უამრავი ნამუშევარი შექმნა. ამბობს, რომ ხიდივით გრძნობს თავს აზიასა და ევროპას შორის.

დღეს მხატვარი კახეთის სოფელ ვერონაში ცხოვრობს და იქ გატარებული ყოველი დღით ტკბება, რაზეც ვრცელ ინტერვიუში გვიამბობს. მხატვარს სასაუბროდ ვერონაში დავუკავშირდით...

- როგორც მხატვარი, რას გვეტყოდით თქვენი თვალით დანახულ დღევანდელ ევროპაზე?

- მე მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვხატავ... შელინგის, გოეთეს, ფიხტეს, დიდი იტალიელი ოსტატების, ბეთჰოვენის, ჰაიდნის და მოცარტის - (ამდენს რა ჩამოთვლის) - ევროპა აღარ არსებობს. ანუ, ის ეპოქა წავიდა ამ ბუმბერაზებთან ერთად და აღარ განმეორდება, აღარც რენესანსი და აღარც ფილოსოფიური თუ მხატვრული სკოლების სიდიადე. არც ლიტერატურული შედევრები დაიწერება.

ნება მიბოძეთ, ასე ნიჰილისტურად და სევდიანად ვიყო განწყობილი. სხვა დროა და სხვა მიზნები აქვს ახლა კაცობრიობას და კერძოდ ევროპელებს. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ასე გვხიბლავს ევროპაში - ჰუმანიზმი, ტოლერანტობა, ემპათია, ზოგადად, უდიდესი კულტურა, იმ გენიოსების დანატოვარია და რომ არა ისინი, არც ჩვენ გვექნებოდა სურვილი, გავმხდარიყავით ამ სამყაროს ნაწილი. და ეს ბუნებრივიც არის. ვფიქრობ, რომ საქართველოს მენტალურად აქვს გარკვეული გზა თუ ეტაპი გასავლელი იმისათვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი არა დეკლარირებულად, რაღაც საბუთებით და რეზოლუციებით, არამედ სულიერად. საუბარი არაა იმ კატეგორიაზე, რომელიც ევროპაში მხოლოდ კომფორტულ ბიურგერულ ყოფას და „ლამაზ ცხოვრებას“ ხედავს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ევროპა არა მხოლოდ მოვლილი ქალაქები და სოფლებია, მდიდრული და უდარდელი (ესეც საკითხავია - უდარდელი?) ცხოვრებაა - ანუ, ყველაფერი გარეგნული, შეფუთვა. არამედ სხვა, ბევრად უფრო ღრმა მიზეზებია ამ ლტოლვის სათავეში... და პირველ რიგში ეს, რასაკვირველია, დიდი კულტურაა, თუნდაც ადამიანურ დონეზე, ყოველდღიურობაში.

საქართველო კი, როგორც ერთი პატარა, უნიკალური ქვეყანა, მარგალიტივით დაამშვენებდა ევროპული სახელმწიფოების თანამეგობრობას, და შეიტანდა საკუთარ წვლილს, რომელიც არც თუ ისე პატარაა. ამას მე არც ყალბი პატრიოტიზმი და არც ყალბი პათოსი მალაპარაკებს. ასე გულწრფელად ვფიქრობ.

- ძალიან საინტერესოა თქვენი შემოქმედებიდან "აღმოსავლეთის ხიბლი"...

- არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩემში ეს აღმოსავლური სამყაროსადმი ლტოლვა - კონკრეტულად ორიენტალისტური მრავალფეროვანი სილამაზისადმი, მდიდრული მორთულობისადმი, მათი პოეზიისა, ზღაპრებისა და სუფიზმისადმი...შეიძლება, წინა ცხოვრებიდან. ასეა თუ ისე, ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა ეს შეამჩნია და შემომთავაზა, ერთობლივად გამოგვეცა წიგნი „The Lure of the Orient” - ანუ, აღმოსავლეთის ხიბლი. ამ წიგნში მე დავასურათე სპარსული პოეზია, და არა მარტო სპარსული - რამდენიმე სტროფი „ვეფხისტყაოსნიდან“ ასევე შევიდა ამ გამოცემაში. თუმცა, ეს ყველაფერი ცხოვრებისეული პროზაა...

თინათინი და როსტევანი

აღმოსავლური თემატიკა ძალიან ახლოა ჩემთან. როდესაც ვხატავ პერსონაჟების ჩაცმულობას, თითქოს, თვალწინ მიდგას ყველაფერი. სასწაული ის არის, რომ შემდეგ, აღმოსავლურ თემაზე გადაღებულ ფილმებში ვხედავ, რომ მე ზუსტად ისე ვხატავ აღმოსავლურ კოსტუმს - მაგალითად, ჩალმას მთელი თავისი მორთულობით, როგორც ეს რეალურად იყო! იგივე სამკაულები, იგივე ფერთა თამაში ჩაცმულობაში. არა ყველაფერი, რა თქმა უნდა, რადგან ჩემს დახატულ კოსტუმს ფიზიკურად ვარ ჩაიცვამ. არამედ დეტალები. ანუ, სადღაც სიღრმეში არსებობს იმის ცოდნა, თუ როგორ და რა დახატო. არ ვარ არც მატერიალისტი და მითუმეტეს, ათეისტი და ვფიქრობ, რომ ეს წარსულის გამოძახილია...

ნახატი კრებულიდან "აღმოსავლეთის ხიბლი"

- მთელი მსოფლიო შეძრა რუსეთ-უკრაინაის ომმა, თუ მიუძღვნით ნახატს ამ სასტიკ რეალობას?

- ამ ომმა ნამდვილად შემძრა. წარმოუდგენელია ასეთი სისასტიკე დღევანდელ დღეს. თუმცა ამ ომს მე, სამწუხაროდ, ნახატს ვერ და არ მივუძღვნი და აი, რატომ... ამას წინათ ვუყურე სიუჟეტს ომისთვის მიძღვნილ გამოფენაზე და გავიფიქრე, რომ, ჩემი აზრით, ხელოვნება მშვენიერების ანარეკლია და სიხარულს უნდა ჰგვრიდეს ადამიანს. ასე ყოველთვის არ ხდება, რასაკვირველია - უამრავმა ძველმა და ახალმა ოსტატმა არც თუ ისე პოზიტიური შინაარსის ტილო შექმნა და ამით საკუთარი შინაგანი ბრაზი თუ დაძაბულობა გამოხატა. მაგრამ მე მგონია, რომ ხელოვნება მოგვეცა ადამიანებს უნივერსუმიდან იმისათვის, რომ გამოვავლინოთ ჩვენში აკუმულირებული მშვენიერების განცდა. ომი კი არის ბოროტება, სიმახინჯე და სისასტიკე და გამომდინარე ჩემი სტილიდან მე ძალიან გამიჭირდებოდა ასეთი ნახატის შექმნა.

- დღეს თქვენ ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ, გვიამბეთ ამის შესახებ...

- ახლა მე ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომელზეც ვოცნებობდი ბოლო რამდენიმე წელი და ალბათ, ბევრი ქალაქელისთვის მიუღებელი იქნება ასეთი ყოფა და შეიძლება საკმაოდ მოსაწყენადაც მოეჩვენოს. თბილისიდან გადავედი საცხოვრებლად გომბორზე, უმშვენიერეს სოფელ ვერონაში. და ეს ცხოვრებისეული მოვლენა დაკავშირებულია მისტიკურ დამთხვევებთან - ანუ, განგებამ მოისურვა, რომ მე აქ დავსახლებულიყავი და ნელ-ნელა მიბიძგებდა ამისკენ.

ჯერ გაჩნდა სურვილი, თბილისი დამეტოვებინა, მიუხედავად იმისა, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე და ძალიან მიყვარს ეს ქალაქი - ძალიან დამღალა ხმაურმა, დაბინძურებულმა გარემომ და ზოგადმა დაძაბულობამ. ყოველი გარეთ გასვლა ჩემთვის სტრესთან ასოცირდებოდა და დავიწყე ფიქრი, თუ სად შეიძლებოდა, გაგვეგრძელებინა ცხოვრება მე და ჩემს ოჯახს. და განგებამ პირველი მინიშნებაც მომცა - კახეთში მივემგზავრებოდით გომბორით და გზაზე შევნიშნე აბრა წარწერით „Verona - ვერონა“. ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ სახელმა გამაოცა.

საიდან, კახეთის შუაგულში ეს იტალიური ტოპონიმი? დაგვაინტერესა და ჩამოვუხვიეთ სოფელში, რომელიც აღმოჩნდა პატარა, ულამაზესი დასახლება, გარშემორტყმული მთებით - იმ მშვიდი და ტყით დაფარული „ფუმფულა“ მთებით, როგორიც მე მიყვარს. გავუყევით გზას და ვკითხეთ ადგილობრივს, ვინმე სახლს ან მიწას ხომ არ ყიდდა. მაშინ არც საშუალება მქონდა რამის ყიდვის და არც კონკრეტული ადგილი მქონდა შერჩეული სამომავლოდ. უბრალოდ, ნიადაგი მოვსინჯეთ. ამ ახალგზარდამ მოგვცა იმ ადამიანის ტელეფონი, რომელიც ყიდდა აქ მიწას, ჩვენ კი გზა გავაგრძელეთ. აღმოვჩნდით ულამაზეს ადგილას. იქვე რაღაც პატარა მშენებლობა მიმდინარეობდა - მაშინ არ ვიცოდი, რა შენდებოდა და გადავწყვიტე, რომ ვიღაც ქალაქელი აგარაკს იშენებდა. ამ მინდორს სურათი გადავუღე და გავიფიქრე „რა ბედნიერი იქნება ის ადამიანი, ვინც აქ იცხოვრებს“ - ამ "აგარაკის“ მეპატრონე ვიგულისხმე და არა ჩემი თავი.

გავიდა დრო, დაგვიკავშირდა აქაური კაცი და ნაკვეთის ყიდვა შემოგვთავაზა. საოცრება ის იყო, რომ ზუსტად ის ნაკვეთი იყო, რომელსაც სურათი გადავუღე და გავიფიქრე, თუ რა ბედნიერი იქნებოდა ადამიანი, ვინც აქ იცხოვრებდა. საბოლოო ჯამში ჩვენ ზუსტად ეს ნაკვეთი შევიძინეთ და ავაშენეთ ისეთი სახლი, რომელზეც სულ ვოცნებობდი. ვერონა პატარა სოფელია, სულ დაახლოებით 20 კომლისგან შედგება. დასახლებულია ძალიან კეთილი, მშრომელი ხალხით, რომლებიც ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ და წარმოშობით ხევსურები არიან. აქვეა პატარა მთა, რომლის თავზეც ვერენას მე-5 საუკუნის ციხის ნანგრევებია (ვერენადან ან ვერანადან მოდის სახელწოდება ვერონაც) და რომელზეც ასვლა ძალიან მარტივია. თუმცა რატომღაც ეს ადგილი გამორჩა ყველა გიდს და არცერთ ტურისტულ მარშრუტზე არ არის მონიშნული.

მე ვცდილობ, რაღაცნაირად გამოვაცოცხლო აქაურობა. უკვე რამდენიმე ახლობელმა შეიძინა აქ მიწის ნაკვეთი და სხვებიც ფიქრობენ. აქ არის საოცარი სიმშვიდე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და კრისტალურად სუფთა ჰაერი, ზღაპრულ სილამაზეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თბილისთან ახლოსაა თან და ჩემი აზრით, გადასარევი ადგილია რამდენიმედღიანი დასვენებისთვის და ქალაქისგან განტვირთვისთვის. ორი სასტუმრო იზოლირებული ოთახი გვაქვს და როგორც კი იქნება მზად, მოხარული ვიქნები, სტუმრები მივიღო.

ძალიან მინდა ჩავრთო ამ პატარა ბიზნესში ადგილობრივი მოსახლეობაც - სოფელი იცლება, თითქმის ყველა ქალი საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ. ახალგაზრდებიც ტოვებენ სოფელს. არადა, მას დიდი პოტენციალი აქვს - ჯერ მარტო რძის პროდუქტები რად ღირს! ყველსაც ვერ იყიდი ასე მარტივად, თელავის ბაზრიდან ჩამოდიან და მიაქვთ აქედან გასაყიდად. რძე, ხაჭო, მაწონი, ერბო, თაფლი... ყველაფერი ისევე მზადდება, როგორს ასეულობით წლის წინ - აქ დრო გაჩერებულია. არანაირი თანამედროვე ტექნოლოგიები თავისი უარყოფითი მხარეებით არ ერევა აქაურ სიმყუდროვეში. ყველაფერი ხარისხიანი, გემრიელი და სუფთაა, ისეთივე, როგორც ორასი ან სამასი წლის წინ. ტყე სავსეა ღანძილით, სოკოთი და კენკრით... (არის სირთულეებიც და კარგი იქნებოდა, გამგეობას მეტი ყურადღება მიექცია სოფლისთვის და თუნდაც, ნორმალური გზის საფარი გაეკეთებინა. დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ისინი, ვისაც ეს ევალება, მოაწესრიგებენ სოფლის ინფრასტრუქტურას).

რატომღაც, ადამიანების უმრავლესობა მარტო აბრას უყურებს ტრასაზე და ცოტას თუ უჩნდება სურვილი, სოფელს ესტუმროს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ თავის დროზე. მათთვის კი, ვინც მიჩვეულია ქალაქის ხმაურიან და მოვლენებით აღსავსე ცხოვრებას, ჩემი ყოველდღიურობა ძალიან მოსაწყენად მოეჩვენება, ალბათ. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. ვმუშაობ ყოველ დღე და ხანდახან ვაძლევ თავს დასვენების უფლებასაც. სამაგიეროდ, აქ ულამაზესი გარემოა და მე გავიმეორებ ჟან-ჟაკ რუსოს მოწოდებას - დაუბრუნდით ბუნებას!

დიდ სიამოვნებას მანიჭებს უბრალოდ ვერანდაზე ჯდომა და ამ ყველაფრის ცქერა, აღქმა. ძალიან სენტიმენტალურად ჟღერს, მაგრამ ეს სრული სიმართლეა. ჩემი დღე საკმაოდ ადრე იწყება - ადრე ადგომა ზაფხულში ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იღვიძებ და განთიადს ხვდები ბაღში. თბილისში კი ეს იყო წამება ჩემთვის.

ვსაუზმობ და ვიწყებ მუშაობას. მანამდე მოვივლი ჩემს „მამულებს“ და ვაკვირდები თითოეულ დარგულ მცენარეს - ეს უკვე ტრადიციად მექცა, თან პატარა ბოსტანიც გავაშენეთ და ახლა ვაკვირდები მცენარეების მეტამორფოზას. მყავს ოთხი ძაღლი და ერთი ფისო, რომლებიც მამხიარულებენ და მჩუქნიან ულევ სიყვარულს და სითბოს. მოუთმენლად ველი არდადეგების დაწყებას, რომ ჩემი შვილი, 16 წლის სანდრო, დაგვიბრუნდეს - სანამ სწავლობს, ბებიასთან ცხოვრობს თბილისში. მთელი დღე ვმუშაობ ხოლმე, შემდეგ ვკითხულობ და ვიძინებ. სულ ეს არის ჩემი ცხოვრება, თუ არ ჩავთვლით იმ დღეებს, როდესაც სტუმრები გვყავს, სტუმრები კი ხშირად გვყავს - უცხოელებიც და ქართველებიც - რადგან ყველას ძალიან მოსწონს აქაურობა და ერთხელ ჩამოსულები ნებართვას ითხოვენ, კიდევ გვესტუმრონ.