ავტორი:

"საქართველოში დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, რადგან სხვა ოლიგარქის მაგვარი ცოცხალი არსება საქართველოში არ დაიარება" - დავით უსუფაშვილი

"საქართველოში დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, რადგან სხვა ოლიგარქის მაგვარი ცოცხალი არსება საქართველოში არ დაიარება" - დავით უსუფაშვილი

ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც თავის ფინანსურ - ეკონომიკურ საშუალებებს იყენებს, როგორც თავის გასამდიდრებლად, ისე მის ჭკუაზე ქვეყნის მოსაწყობად - ასეთი ადამიანი საქართველოში ერთადერთია, ამიტომ საქართველოში დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ქართული ოცნების წევრები საუბრობენ იმაზე, რომ დეოლიგარქიზაცია უკრაინასაც მოსთხოვეს, მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკრაინას უკვე კანონი აქვს მიღებული და დიდი ხანია ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს.

"საქართველოს შემთხვევაში, იმის მიუხედავად, ვის უხარია ეს და ვის სწყინს, ამ ტერმინს ჰქვია დებიძინიზაცია, რადგან სხვა ოლიგარქის მაგვარი ცოცხალი არსება საქართველოში არ დაიარება. რაც არ უნდა გააგრძელონ იმ ტიპის საუბრები, რომ სხვა მდიდარი ადამიანები არიან, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც თავის ფინანსურ - ეკონომიკურ საშუალებებს და ბერკეტებს იყენებს როგორც თავის გასამდიდრებლად, ისე საჯარო ცხოვრების ისე მოსაწყობად, როგორ მას წარმოუდგენია და მის ჭკუაზე ქვეყნის მოსაწყობად. ასეთი ადამიანი საქართველოში ერთადერთია პოტენციურიც და რეალურიც, ამიტომ საქართველოში ამას ნიშნავს დებიძინიზაცია, რომელიც ევროპას თავიდანვე დაჰპირდა ერთი წელი ვიქნები და წავალო, ვერ წავიდა, მოვიდა, წავიდა, მიდის, მოდის. მთავარი პრობლემა ის არის, აქ ხალხი რომ ზის და ლაპარაკობენ ხან იმაზე, რომ "ევროპა უსამართლოდ გვექცევა", ხან იმაზე, რომ "ევროპამ რა კარგი რამე მოგვცა და ამას შევასრულებთო", საკმარისია იმ ერთმა ადამიანმა რაიმე სხვა თქვას, ის 80 ადამიანი ეგრევე გადატრიალდება და შეატრიალებს ფირფიტას. ესაა ოლიგარქობა და ეს უნდა დაასრულოთო გვითხრეს, რასაც თვითონ ბიძინა ამბობდა, არ ვიზამო, მაგრამ ქნა", - განაცხადა უსუფაშვილმა.