ავტორი:

"ქართველი ერი პროევროპელია და უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს" -ევროპელი პოლიტიკოსების მიმართვა ქართველ ხალხს

"ქართველი ერი პროევროპელია და უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს" -ევროპელი პოლიტიკოსების მიმართვა ქართველ ხალხს

"კომისია გარკვევით ამბობს - "ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან", - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისთვის "შინ ევროპისკენ“ სპეციალურად ჩაწერილი მიმართვის დროს განაცხადა.

ევროპარლამენტარმა ქართულ საზოგადოებას მიმართა, "როცა საარჩევნო ყუთთან დადგება, გაიხსენოს, ვინ დახია საქართველო უკან რუსეთისკენ“.

"ძვირფასო დებო და ძმებო, ვხვდებით ევროპისთვის გადამწყვეტ დროს. ჩვენთან ძალიან ახლოს, მამაცი და თავისუფლების მოყვარული უკრაინელები იღუპებიან ყოველდღიურად. სხვას არავის ესმის მათი ბრძოლა ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობას ან ჩვენ, ლიეტუველებს. უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვისაც, საკუთარი ევროპული ცხოვრებისთვის, ამიტომ დავიწყებ ჩემს მიმართვას უკრაინელი ხალხისადმი მისალმებით - დიდება უკრაინას!

10 წლის წინ საქართველოს სახელი ევროპაში ასოცირდებოდა დაუჯერებლად წარმატებულ რეფორმებთან. გაგიზიარებთ ჩემს მაშინდელ შთაბეჭდილებას - მეზობელ სომხეთში ვიზიტის დროს მახსენდება, როგორ მესმოდა იქაური პოლიტიკური ექსპერტების შეფასებები. მაგალითად,ისინი ამბობდნენ, რომ საქართველომ შეძლო მექრთამეობის აღმოფხვრა პოლიციაში, რაც მაშინ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თითქმის შეუძლებელი მისია იყო. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ლიდერი რეფორმების კუთხით აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, თუმცა დღეს, როდესაც უკრაინელებმა სისხლით დაამსხვრიეს ყინული და ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა გადაწყვიტონ კანდიდატი სტატუსის საკითხი, საქართველომ, სამწუხაროდ, დაკარგა ლიდერის სტატუსი, ქვეყნის პოლიტიკა გაივსო სიძულვილით. შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ხელიდან იქნა გაშვებული.

ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე ჩვენამდე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს - ყოფილი პრეზიდენტი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის ლიდერი ციხეში იმყოფებიან. ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზე და საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და აშშ-ში. როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არაა, რომ კომისია ძალიან კრიტიკულია თავის რეკომენდაციაში ამ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება.

კომისია გარკვევით ამბობს - "ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლისთვის საჩუქარი.

ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრი ქვეყანა, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იგივე პრობლემების წინაშე იდგა. ყველგან არსებობენ მსგავსი მანიპულატორები და კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა თქვენი ქვეყნის მომავლისთვის. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დახია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის დღის წესრიგში.

მივმართავ ყველა პოლიტიკოსს მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც, თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მძევლის სტატუსი, იპოვოთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

  • "წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ფოტიგამ რუსთაველის გამზირზე ჩართვისას განაცხადა.

როგორც ფოტიგამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს.

"წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას ისევე, როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები“, - განაცხადა ფოტიგამ.

  • "კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ", - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ის სრულად უჭერს მხარს საქართველოს და ზრუნავს მის ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.

"ჩემთვის ეს არის მომავალი, რადგან დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, იგივე გსურთ. გმადლობთ, რომ ზრუნავთ, გმადლობთ, რომ მოხვედით. მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ არა მხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკონ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენს უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როცა გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები თუ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

  • "ქართველი ერი პროევროპელია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს.

"ქართველი ხალხი ევროკავშირში ცხოვრებას იმსახურებს. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი. ევროკავშირის მომავალი კი საქართველოს, როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს შიგნით. ქართველი ერი პროევროპელია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.

საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ ნამდვილი დემოკრატია, სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, სხვადადხვა აზრს, სიტყვის თავისუფლებას, სადაც არ იქნება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ დემოკრატიას, რადგან ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისის რჩევებს. ასე იქცევიან დემოკრატიული მთავრობები ევროკავშირში. ვისურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, არამედ ხალხის ლიდერი იქნება“, - განაცხადა კუბილიუსმა.