ავტორი:

„პირადად ჩემი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ ლიდერ კლუბად ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მომავალ ვარსკვლავებს აღვზრდით“ - ლაშა თავართქილაძის წარმატების გზა და ამერიკაში  განხორციელებული უნიკალური პროექტი

„პირადად ჩემი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ ლიდერ კლუბად ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მომავალ ვარსკვლავებს აღვზრდით“ - ლაშა თავართქილაძის წარმატების გზა და ამერიკაში  განხორციელებული უნიკალური პროექტი

სპორტი - არ არის მხოლოდ გამარჯვების გემო, ის ასევე მარცხის, ყოველდღიური ვარჯიშების, დაღლილობისა და ტრავმების შეგრძნებაცაა. სპორტში წარმატების მისაღწევად და კარიერის შესაქმნელად რთული და გრძელი გზაა გასავლელი. სპორტსმენმა კი ყველაფერს უნდა გაუძლოს და მიზნის მისაღწევად, ზოგჯერ რისკზეც უნდა წავიდეს. რაგბი სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი და თავისი გმირები ჰყავს.

AMBEBI.GE ცნობილ მწვრთნელს - ლაშა თავართქილაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად აქტიურად მუშაობს ბავშვთა და მოზარდთა რაგბის კლუბის ჩამოყალიბებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ამერიკაში ამ სპორტის ხელშეწყობისთვის. ამ საინტერესო პროექტის და თავად ლაშას მიზანია - ლიდერ კლუბად ჩამოყალიბება, სადაც მომავალი ვარსკვლავები გაიზრდებიან.

იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი; როგორია 3 ქვეყანაში მიღებული უნიკალური გამოცდილება, დეტალურად თავად ლაშა თავართქილაძე ინტერვიუში გვიამბობს.

- ლაშა, 2017-2020 წლებში, რუმინეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს იკავებდით. მოგვიყევით, როგორ მიაღწიეთ ამ წარმატებას და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის?

- წარმატება ყოველთვის დიდი შრომის შედეგია, რომელიც ძალიან კონკრეტული შედეგის მისაღებად მიზანმიმართულად გავწიე. როგორც კი შემოთავაზება მივიღე, დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დავდექი. csm Bucharest-ს როგორც ორგანიზაციას, ძალიან კარგად ვიცნობდი. ეს ყველაზე დიდი და პრესტიჟული სპორტული ორგანიზაციაა რუმინეთში, რომელიც სპორტის უამრავ მიმართულებას მოიცავს. მათ ჰყავთ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონები, გუნდურ და ინდივიდუალურ სპორტში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული ორგანიზაცია, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ევროპის მასშტაბითაც. რაგბის კლუბის დაარსებისას ძალიან მაღალი სტანდარტები იყო. გუნდი რუმინეთის ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეებისგან შედგებოდა, ამიტომ ვიცოდი, რა მოლოდინი ჰქონდა ორგანიზაციას ჩემგან. ძალიან მოკლე დროში კლუბთან ერთად უნდა მიმეღწია დასახული მიზნისთვის. სამწვრთნელო კარიერაში მაშინ მხოლოდ 1 წლიანი გამოცდილება მქონდა, ამიტომ ძალიან კარგად გავიზარე, თუ რამხელა გამოწვევის წინაშე დავდგებოდი შემოთავაზების მიღებისთანავე. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მიუხედავად იმ უდიდესი შესაძლებლობისა, რასაც ეს ორგანიზაცია მთავაზობდა. მეორე მხარეს ძალიან დიდი ზეწოლა და წნეხი იდგა. კლუბის მიერ დასახულ მთავარ მიზანს ჩემი მოღვაწეობის პირველივე წელს მივაღწიეთ. რაგბის კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოვიპოვეთ ქვეყნის და მეფის თასები, ძალიან მალევე შევძელი ჩამოვყალიბებულიყავი რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპეციალისტად, რის შედეგადაც რუმინეთის რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტი დავიკავე. სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, 32 წლის ასაკში.

- ახალ ზელანდიაში კლუბ ქრუსეიდარსში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა თქვენს კარიერაში მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. ასეთ პრესტჟულ კლუბში მოხვედრა ალბათ ყველა მორაგბის ოცნებაა. რა შეცვალა თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სამომავლო სტრატეგიის დასახვაში ზელანდიაში მოხვედრამ?

- პირველ რიგში, ჩემი სამწვრთნელო ფილოსოფია შეცვალა. იქ მიღებული გამოცდილება საერთაშორისო ბაზარზე მრავალწლიანი მოღვაწეობის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბის ლიდერობას სარაგბო სამყაროში, კომპლექსური მიზეზები აქვს, ის უნიკალური ინფორმაცია, რომლის წამოღებაც მოვახერხე, ქრუსეიდარსის პირველობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იქ ყოფნის პერიოდში სულ სხვა ფილოსოფიას, მიდგომებს და ინოვაციებს ვეზიარე თანამედროვე სპორტში. ვაკვირდებოდი ურთიერთობებს ორგანიზაციის წევრებს შორის. რეალურად, შიდა სამზარეულოდან დავინახე ის განსხვავება, რასაც აქამდე მხოლოდ მოედანზე ვხედავდი. ეს არის ინფორმაცია, რომელიც განასხვავებს და გამოყოფს ამ ორგანიზაციას დანარჩენი სარაგბო სამყაროსგან. ეს ყველაფერი კი ჩემს კარიერაში დიდი ტრამპლინი იყო. საბოლოო ჯამში, კლუბში მოხვედრამ გარდა შეუფასებელი გამოცდილებისა, ქვეყნის მასშტაბით, ჩემი, როგორც მწვრთნელის ავტორიტეტი გაზარდა.

თქვენს პორტფოლიოში სამ რადიკალურად განსხვავებულ ქვეყანაში საქმიანობამ, როგორც მწვრთნელს, პროფესიული განვითარების თვალსაზრისით რა მოგცათ?

- ფუნდამენტური პრინციპები პროფესიონალურ სპორტში ხშირ შემთხვევაში საერთოა, თუმცა, ვხვდებით ძლიან მნიშვნელოვან განსხვავებებსაც, რომელიც სამწვრთნელო პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია. ესაა სპორტული ტრადიციები, სპორტული ისტორია, გენოფონდი, მენტალობა და სხვა. სხვადასხვა სარაგბო კულტურასთან შეხებით, მრავალფეროვანი გამოცდილება დავაგროვე. მეტსაც გეტყვით, ამოვხსენი ზოგიერთი წამყვანი მოთამაშის წარმატების მიზეზი. ამ სპეციფიკის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოთამაშისგან მისი საუკეთესო ვერსია მიიღო.

ამჟამად ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობთ. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ...

- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბავშვთა და მოზარდთა რაგბის განვითარება - მაღალი რანგის სპორტსმენების ჩამოყალიბების ფუნდამენტია. ამერიკა თავისი რესურსით, ყველა სფეროში მოწინავეა. პირველად ქვეყნის სარაგბო ისტორიაში, დაარსდა უმაღლესი ლიგა, MLR (ემ ელ ერ). ჩემპიონატი აქტიურად მიმდინარეობს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები აქაურ სარაგბო სივრცეში. თუ ქვეყნის რესურსსაც გავითვალისწინებთ, მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეში. ძალიან მიხარია, რომ ზუსტად ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს მიწევს აქ მოღვაწეობა.

რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო პროცესს, აქტიურად ვმუშაობთ ბავშვთა და მოზარდთა რაგბის კლუბის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებს მოიცავს. უკვე შედგა კომუნიკაცია პროექტის სპონსორებთან, დავასრულეთ მუშაობა ბრენდ ბუქზე, ასევე მზად არის კლუბის ვებ-გვერდი, საიდანაც შეძლებთ გაეცნოთ სიახლეებს. პროექტის და პირადად ჩემი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ ლიდერ კლუბად ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მომავალ ვარსკვლავებს აღვზრდით.

რას ურჩევდით დამწყებ ქართველ მწვრთნელებს?

ვეტყოდი, რომ აუცილებლად მიიღონ მრავალფეროვანი ინფორმაცია და ყოველდღე დაუთმონ კონკრეტული დრო თვითგანვითარებას. დღევანდელ სამყაროში ძალიან სწრაფად ხდება ინოვაციების შემოსვლა. გააჩნია, რა არის შენი მიზანი, თუ მიზანი საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებაა, მინიმუმ ამ მოვლენებისთვის ფეხის აწყობა უნდა შეძლო. თუმცა, არიან ერთეულები, ვინც ერთი ნაბიჯით უსწრებს ამ ინოვაციებს. - შენი გადასაწყვეტია, ვინ ხარ. თავდადებული შრომით ნებისმიერი მწვერვალი მიღწევადია.

R