ავტორი:

როდის და ვინ გამოიგონა ყავის აპარატი და შეგვიძლია თუ არა სრულყოფილი გემოს მიღება დღეს?

როდის და ვინ გამოიგონა ყავის აპარატი და შეგვიძლია თუ არა სრულყოფილი გემოს მიღება დღეს?

ჩვენს თანამედროვეობაში ყავის აპარატები უკვე თავად ფქვავენ მარცვალს და რამდენიმე წუთში წარმოუდგენლად გემრიელ სასმელს ამზადებენ მისგან. ამასთან, სრულყოფილი კონსისტენციის მისაღწევად მუდმივად იხვეწება რძის ამომყვანები, რომლებიც აპარატების მსგავსად სხვადასხვაგვარია.

მიუხედავად დახვეწილი ტექნოლოგიებისა, სრულყოფილი გემოს მქონე ყავის მომზადება მაინც გამოწვევად რჩება. ყავით სახელგანთქმულ ქალაქებშიც კი ცოტაა ისეთი ობიექტები, სადაც ყოველდღიურად ერთნაირად სწორი ტექნოლოგიით მომზადებულ სასმელს დავაგემოვნებთ. მიზეზი კი ის არის, რომ ახალი აპარატების შეძენა ჰორეკა სექტორს ძვირი უჯდება, რის გამოც ყავის მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებენ, ხოლო ობიექტების უმეტესობაში ბარისტები ხშირად იცვლებიან და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას ვერ ასწრებენ, რაც თითქმის მთელი განვითარებული სამყაროს პრობლემაა. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყავის ნედლეულის გაძვირების გამო, ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით უხარისხო მარცვალი შემოდის, რაც სასმლის გემოზე ყოველთვის აისახება. საბოლოოდ კი ამ ყველაფრის შედეგად მომხმარებელი არასტაბილური გემოსა და დაბალი ხარისხის სასმელს იღებს.

იმის გამო, რომ ადამიანი მუდმივად მარტივ და რაციონალურ გამოსავალს ეძებს, საბოლოოდ, ალბათ ყავის მომზადების ხანგრძლივ პროცესს ჰორეკა სექტორში ჩაანაცვლებს უფრო სწრაფი, თანამედროვე ტექნიკა, რომელიც საშუალებას მისცემს სექტორს პროფესიონალი ბარისტის გარეშე მიიღონ სასურველი, სტაბილური გემოს მქონე ყავის სხვადასხვა სახეობის სასმელი.

როგორ შეიქმნა ყავის აპარატი და როდიდან დაიწყეს მისი გამოყენება?

გადავწყვიტეთ, ყავის აპარატის შექმნის ისტორიიდან ყველაზე საინტერესო ფაქტები გიამბოთ:

● 1818 წელს თურქებმა ყავის პერკოლატორის პირველი ნიმუში შექმნეს;

თანამედროვე ფილტრიანი აპარატის შექმნა კი უკავშირდება გერმანელ ანტრეპრენერ მელიტა ბენცს, რომელმაც 1908 წელს პირველად ქაღალდისგან დამზადებული ფილტრით ჩამოწურა სასმელი. თანამედროვე მექანიზმის აპარატების სერიული წარმოება მე-20 საუკუნიდან იღებს სათავეს.

● 70-იან წლებში ელექტრო აპარატები სწრაფად გახდა პოპულარული აშშ-შიც, სადაც არსებული პერკოლატორები თითქმის სრულად ჩაანაცვლა ყავის აპარატებმა, როგორც სახლებში, ისე კომერციულ ობიექტებში.

● ამავე პერიოდში გაჩნდა ევროპაში ყავის კაფსულის და შესაბამისად მისი აპარატის შექმნის იდეა, რომელიც შვეიცარიელ ინჟინერსა და გამომგონებელს ერიკ ფავრს ეკუთვნის. ამ აპარატით დაიწყეს ესპრესოს მომზადება და მან მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა იმ ადამიანებში, ვისაც სახლში კარგი, არომატული ყავის მირთმევა უყვარდა.

თუ ყავის მოყვარული ხართ და ინდუსტრიის განვითარებას აქტიურად ადევნებთ თვალყურს, მაშინ გეცოდინებათ, რომ ტექნოლოგიის გამარტივება და დახვეწა დღესაც აქტუალურია. საინტერესოა, რა სიახლეები გველის მომავალში, განსაკუთრებით კი ჰორეკა სექტორში, სადაც ხარისხიანი და გემრიელი ყავის დალევა მოძველებული დანადგარების გამო სულ უფრო და უფრო იშვიათი სიამოვნებაა.