ავტორი:

"ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია... "აიჭრა" - ირაკლი კობახიძე კარლ ბილდტზე

"ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია... "აიჭრა" - ირაკლი კობახიძე კარლ ბილდტზე

"ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და წლების განმავლობაში ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე დაწერილ "ტვიტს“.

კობახიძის თქმით, როცა კორუმპირებული კაცი სამარცხვინო რაღაცებს წერს, პასუხი უნდა გაეცეს.

მისივე თქმით, კორუმპირებული ხალხი საშიშია და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ქვეყნისთვის.

"კარლ ბილდტი "აიჭრა“, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა! ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად. ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. "ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც აქ სისხლიან რეჟიმს ამყარებდა და აუპატიურებდა ადამიანებს, მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა "ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს“,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ კარლ ბილდტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ავტორი და ინიციატორი იყო, რასაც უვიზო მიმოსვლა და ასოცირების შეთანმება მოჰყვა, კობახიძემ კვლავ უპასუხა, რომ კარლ ბილდტი კორუმპირებული იყო.

"კორუმპირებული ხალხი არის საშიში და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ის პირდაპირ ლობირებდა "სისხლიან რეჟიმს“ ფულის სანაცვლოდ. კორუმპირებული კაცი, როცა სამარცხვინო რაღაცებს წერს, მას პასუხი უნდა გაეცეს, რომ ის არის კორუმპირებული“,- განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარლ ბილდტს "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული.

პრემიერის აღნიშნულ განცხადებას შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი "ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

ბილდტმა "ტვიტერზე“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გააზიარა, სადაც საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ "კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული "ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს“. კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "რელსებიდან გადავიდა".

"ეს ბიჭი - მე ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე - რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”,- წერს ბილდტი.