ავტორი:

"თუ დააკვირდით ევროკავშირის ლიდერები ქართველ ხალხს ესაუბრებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლებას... ეს არის გაშვებული შესაძლებლობა" - რა შანსები აქვს საქართველოს?

"თუ დააკვირდით ევროკავშირის ლიდერები ქართველ ხალხს ესაუბრებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლებას... ეს არის გაშვებული შესაძლებლობა" - რა შანსები აქვს საქართველოს?
  • თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად აფასებს.

როგორც ის "ინტერპრენიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საქართველო "ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში ლიდერი იყო და მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება შეეძლო.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ განაპირობა.

"ეს ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, როდესაც გეუბნებიან, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია, თუ ნახევრად სავსე? გააჩნია ვინ როგორ შეხედავს ამ ყველაფერს. რეალურად თუ შევხედავთ არის ასეთი სიტუაცია, რომ საქართველოს შეეძლო, მაქსიმუმი მიეღო იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა იყო და ის ასევე, ამ ასოცირებული "ტრიოს“ ფარგლებში ლიდერი იყო. აქედან გამომდინარე, მისი ამბიციებიდან გამომდინარე, მოლოდინი იყო, რომ საქართველო ამ ყველაფერს შეინარჩუნებდა და დღეს კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, რომელიც ვერ მიიღო და მივიღეთ მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. აქედან გამომდინარე ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ის, რაც ასე აუცილებლად გვჭირდებოდა“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

თსუ-ს პროფესორის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთში სერიოზული რეპუტაციული ზიანი აქვს, რომლის გამოსწორებაც, იმ რიტორიკის ფონზე, რაც პოლიტიკური სპექტრისგან ისმის, პრაქტიკულად შეუძლებელია.

"თუ დააკვირდით მაგალითად, გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, ევროკავშირის ლიდერები ქართველ ხალხს ესაუბრებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სამწუხაროდ, დასავლეთში სერიოზული რეპუტაციული ზიანი აქვს, რომლის გამოსწორება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია იმ რიტორიკის ფონზე, რაც ჩვენ ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკური სპექტრისგან გვესმის“, - აღნიშნა კაკაჩიამ.

მისივე განცხადებით, ის ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავს მზაობას, რომ ევროკომისიის ვალდებულებებს 6 თვეში შეასრულებს.

მისი თქმით, თუკი საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ქვეყანა 6 თვეში ევროპული საბჭოსგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარს მიიღებს.

"როგორც თვითონ თქვეს, მზად არიან გადაწყვეტილებას გადახედონ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ვერ ვხედავ მზაობას, პოლიტიკურ ნებას, რომ ამას ჩვენ თავს მოვაბამთ.

რაც თქვენ გუშინ წინ პარლამენტში მოისმინეთ, დაგრჩათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მზად არის? ისინი აგრძელებენ იმ ანტიევროპულ რიტორიკას, რომელიც საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან კიდევ უფრო აუცხოებს და სანამ ეს რიტორიკა არ შეიცვლება, სანამ ხელისუფლება ქმედებებს არ შეცვლის, უბრალოდ ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვექნება,“ - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.