ავტორი:

რა დაკარგა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით?

რა დაკარგა საქართველომ ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით?

ევროსაბჭომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა, საქართველო კი პერსპექტივის ამარა დატოვა. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციასთანაა თანხვედრაში. ახლა საქართველოს ევროპული მომავალი იმ პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომლებიც ევროკომისიამ დაგვისახა.

  • რა შანსი გაუშვა საქართველომ ხელიდან და რა დაკარგა სტატუსის არმინიჭებით?

ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა ხოკრიშვილი:

1. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს (პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) წვდომა აქვთ გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე (IPA III-2021-2027), რომელიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ მიმართულებას:

- ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)

- ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)

- სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)

- რეგიონების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)

- ადამიანური რესურსების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)

2. გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზეა ასევე მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა (2021-2027), რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან (EIB, KfW, EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერძო სექტორიდან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ( 9 მილიარდი გრანტი და 20 მილიარდი საფინანსო ინსტიტუტების ინვესტიციები) და ინვესტიციებს შემდეგი მიმართულებებით -ტრანსპორტის, კერძო სექტორის განვითარების, ადამიანური რესურსების და ა.შ.

3. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა ექნებათ ევროკავშირის ყველა პროგრამაზე ( 11 პროგრამიდან დღეს წვდომა მხოლოდ მცირე ნაწილზე გვაქვს, როგორიც არის ერაზმოს +, ჰორიზონტი 2020, კრეატიული ევროპა).

4. კანდიდატ ქვეყნებს შეეძლებათ კვლავ გამოიყენონ ე.წ. ევროკავშირის სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის (NDICI) ინსტრუმენტით გათვალისწინებული თემატური ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც 2021-2027 წლებისთვის 19 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამ ფინანსური დახმარებების გამოყენება დამოკიდებული იქნება კანდიდატი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ინდივიდუალურ პროგრესზე. ამ შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის ზრდაზე ექნება წარმოუდგენლად დიდი ხელშესახები შედეგი.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ამ შესაძლებლობების გამოყენებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში (კვლევის პერიოდში უკრაინა, მოლდოვა, საქართველოზე არ განიხილებოდა სტატუსის მინიჭება) მთლიანობაში არა მხოლოდ 6,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის გენერირება არის შესაძლებელი, არამედ ამ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბური ზრდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და მისკენ სიარული მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა. ვაღიაროთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პირობები და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მათი დაკმაყოფილება.

გიორგი კობერიძე, GIPA-ს პროფესორი:

"ევროპელები ყოველთვის იმიტომ ფრთხილობდნენ საქართველოში ხანგრძლივი ინვესტიციების განხორციელებას, რომ აქ როგორც შიდაპოლიტიკური, ისე საგარეო თვალსაზრისით, არასტაბილური გარემო იყო. ვისაც კანდიდატის სტატუსი ეძლევა, ევროპას უფრო მეტი ყურადღება აქვს დათმობილი მისთვის, როგორც შედარებით სტაბილურ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოსთვის და მიაჩნია, რომ იქ ინვესტიციების განხორციელება ბევრად უფრო ლოგიკური და საფუძვლიანად შედეგიანი იყოს.

ამასთანავე, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გაქვს, ევროკავშირი მოგყვება, გეხმარება თითოეული რეფორმის განხორციელების პროცესში, მისდევს შენს პროგრესს და ნებისმიერი შენი გადაცდომის, რეგრესის შემთხვევაში, მის გამოსწორებაში გეხმარება, ცდილობს, მაქსიმალურად დაგიახლოვდეს. ეს არ არის მხოლოდ რიგი რეკომენდაციების შესრულება, რომელიც საქართველომ ახლა უნდა განახორციელოს, არამედ ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაგაწინაუროს, რადგან შენ მისთვის მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსი გაქვს.

მესამე თვალსაზრისით, თავად ამ "ტრიოს" დაშლა ტრაგედიაა, რადგან საქართველო რეალურად მოწყდა უკრაინას და მოლდოვას და შავი ზღვის აუზის სახელმწიფოდ, ერთგვარ მესამე მოთამაშედ იქცა, რომელიც უბრუნდება იმ ქვეყნებს, რომელთა ევროკავშირთან ურთიერთობა საორჭოფო და კითხვის ნიშნის ქვეშ იყო (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი). ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ტრაგედია, რაც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ამბავია.

ჩვენთვის სტიმულატორი იყო ევროკავშირთან დაახლოვება, რათა გატარებულიყო რეფორმები. ახლა, როდესაც ევროკავშირთან დაახლოება შეჩერებულია, ამ რეფორმების განხორციელებაც, რაღაც მხრივ, გაჩერდება. ახლა ყველაზე საშიში და მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისათვის ის არის, ხელისუფლებას უფრო ინტენსიურად მოთხოვოს გაატაროს ყველა რეფორმა და არსებული რეკომენდაციული ვალდებულება, რათა დაბრუნდეს შანსი, რომ ჩვენ არა მარტო კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ცოტა უფრო მეტად წამოვეწიოთ ევროპულ სტანდარტებს. თუ კი ჩვენ ამ უარის მიღების ფონზე ხელი ჩავიქნიეთ, რისი შანსებიც და ნიშნებიც არსებობს, გამოდის, რომ ჩვენ ყველა იმ რეფორმაზე ვამბობთ უარს, რომელიც საქართველოსთვის უნდა გატარებულიყო.

საქართველოსთვის ევროკავშირი ყოველთვის იყო კულტურული და ცივილიზაციური კავშირი, ახლა, უარის ამ ფონზე, არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გაუცხოვების საშიშროება. მათი გადასახედიდან ხდება ის, რომ საქართველო არის შორს, ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ანუ ჩვენ უცხო გარემოდ შეიძლება აღგვიქვან იმიტომ, რომ არ შევასრულეთ ევროკავშირის მიერ დასახული ჩვენთვის მნიშვნელოვანი ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, დღეს თუ ჩვენ რამე დავკარგეთ, დავკარგეთ ის სტაბილურობის ხარისხის მაღალი შანსი, რომელიც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან ერთად მოდის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავდა პირდაპირ უსაფრთხოების გარანტიას, არც იმას, რომ ყველაფერი უცბათ მოგვარდებოდა, მაგრამ ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს პროგრესს ხელს შეუწყობდა. დღეს კი ეს ყველაფერი დავკარგეთ.

კანდიდატი რაც უფრო დაახლოებული იქნება ევროკავშირთან, საქართველოში ცხოვრების დონე აიწევს, მათ შორის იგულისხმება ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. კოპენჰაგენის კრიტერიუმში შავით თეთრზე წერია, რომ ევროკავშირში გაწევრებას მოჰყვება გამართული ეკონომიკა, უბრალო მოქალაქისა თუ კერძო კომპანიის ინტერესების დაცვა, სახელმწიფოს ჩაურევლობა, სასამართლოს თავისუფლება... თუ კი ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება შეჩერდა, ამ მიმართულებით ვალდებულებაც აღარ იარსებებს და პრობლემებიც გაიზრდება. ამიტომაცაა, რომ ევროკავშირთან მიახლოებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული პროცესი.

როდესაც თურქეთმა კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, თავიდან თითქოს არც არაფერი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ თურქეთში უზარმაზარი ინვესტიციები განხორციელდა, მისი ეკონომიკა გახდა მეტად გამჭვირვალე, ლიბერალური, მოქნილი. მერე წამოვიდა მთელი პოლიტიკური კლასი, რომელიც აღარ იყო დამოკიდებული ვიღაცის კეთილ ნებაზე და მოწყალებაზე. ჩვენ შეიძლება ახლა ეს ყველაფერი გავაგრძელოთ, მაგრამ რამდენიმე საფეხურით უკან დავიწიეთ, ვიდრე ვიყავით, ესაა ჩვენი პრობლემა. ამ ყველაფრის გატარება ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს, მაგრამ თუ კი მოლდოვა და უკრაინა შემდეგ კლასში გადავიდნენ, ჩვენ იმავე კლასში ჩაგვტოვეს. ჩვენ თუ ექვსი თვის მერე ეს ვალდებულებები არ შევასრულეთ, ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი დაკარგულია და საქართველოს ევროპული მომავალი აღარ ექნება“.