ავტორი:

ადგილი, სადაც პუტინი "კრემლის სტრესს" გაურბის" - მდიდრული აგარაკი, საკუთარი ლუდსახარშით - პუტინთან დაკავშირებული 4-მილიონიანი "მეთევზის სახლის" ფოტოები

ადგილი, სადაც პუტინი "კრემლის სტრესს" გაურბის" - მდიდრული აგარაკი, საკუთარი ლუდსახარშით - პუტინთან დაკავშირებული 4-მილიონიანი "მეთევზის სახლის" ფოტოები

ექვსი წლის წინ, რუსულმა ტელეარხმა "დოჟდმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის კარელიის რეგიონის ტყეებში მდებარე შენობა, რომელსაც არქიტექტორები "მეთევზის ქოხს“ უწოდებდნენ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საკუთრება იყო.

თავად ადგილობრივები იქ არსებული შენობების კომპლექსს "პუტინის აგარაკად" მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა ძვირადღირებული ქონების ფლობის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტის სახელზე ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე აქტივია დარეგისტრირებული. მათ შორისაა პატარა ბინა სანკტ-პეტერბურგში, 1950-იანი წლების საბჭოთა პერიოდის ორი მანქანა, ტრაილერი და პატარა ავტოფარეხი.

როგორც მაშინ "დოჟდი" იტყობინებოდა, სწორედ ამ აგარაკზე ახერხებს პუტინი "კრემლის სტრესისგან თავის დაღწევას."

"მეთევზის ქოხი"

პუტინის "მეთევზის ქოხი" ახალ ამბებში კვლავ ამოტივტივდა და ამის მიზეზი ორი სამშენებლო კომპანიიდან ათასობით ელექტრონული წერილის გაჟონვა გახდა. ამ წერილებიდან კი გაირკვა, რომ "მეთევზის ქოხის" გარდა, აქ კიდევ ერთი ორსართულიანი შენობაა, ე.წ. ბაღის სახლი, რომელიც რეესტრში დარეგისტრირებულია, როგორც "ბეღელი".

"ბეღლის" სახურავი მთლიანად მწვანე ბალახითაა დაფარული. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ამ შენობის სახურავი დასავლელ ჯაშუშებს თვალში არ მოხვედროდათ.

გაჟონილი ელექტრონული წერილებით ასევე ირკვევა, რომ პუტინის აგარაკი IKEA-ს მოკრძალებული ავეჯით არაა გაწყობილი, როგორც აქამდე იყო ცნობილი.

იატაკის გეგმები და ინტერიერის დიზაინის სქემები ცხადყოფს, რომ ექვსოთახიანი "ბაღის სახლის" მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და მისი იატაკი ნახევრადძვირფასი ქვებით - ლაპის ლაზულითა და ლაბრადორიტითაა გაწყობილი. პირველ ქვას სამკურნალო თვისებები აქვს, მეორე კი სტრესის და შფოთვის შესამსუბუქებლად გამოიყენება.

"ბაღის სახლი", იგივე "ბეღელი".

ელექტრონული ფოსტის წერილების მიხედვით, პუტინის აგარაკის პროექტზე ინტერიერის დიზაინის წამყვანი რუსული სააგენტო, FullHouseDesign მუშაობდა.

"ბეღელი" თანამედროვე ორსართულიანი შენობაა, რომელიც, როგორც ჩანს, გასართობი სივრცის ფუნქციასაც ითავსებს. მას 200კვ. მეტრზე მეტი სივრცის ფართი აქვს ღია სასადილოსთვის გამოყოფილი. სასადილო დარბაზს სამზარეულოსგან შუშის კედელი ჰყოფს. სამზარეულო აღჭურვილია ძვირადღირებული ტექნიკით. აქვეა კერძო, 345 000 ევროს ღირებულების ავსტრიული ლუდის სახარში, რომელსაც დღეში 47 ლიტრი ლუდის დამზადება შეუძლია.

მეორე სართულზე ჩაის ოთახია, რომელიც ლადოგას ტბას გადაჰყურებს. "ბეღელს" ორი პატარა საცურაო აუზიც აქვს.

"ბაღის სახლის" მოსასვენებელი ოთახი

საერთო სამშენებლო სამუშაოები, ერთ-ერთ დოკუმენტში, 187 მილიონ რუბლად (3.5 მილიონ დოლარამდე) არის შეფასებული. "როცა კომპლექსი ცარიელია, მაშინ ადგილობრივები მსახურობენ მცველებად, ხოლო როცა მაღალი წრის საზოგადოება სტუმრობს, მაშინ მათ დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ანაცვლებენ",- ამბობს ადგილობრივი.

"ბაღის სახლის" არქიტექტურული მონახაზი

Guardian-ი პუტინის ქონებასთან დაკავშირებული კითხვებით კრემლის სპიკერს დაუკავშირდა, მაგრამ მათ ყველანაირი კავშირი უარყვეს: ”რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი არანაირად არ არის დაკავშირებული თქვენს მიერ დასახელებულ ობიექტებთან და ორგანიზაციებთან”, -ასეთი იყო კრემლის პასუხი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა