ავტორი:

"სტიქია გვიტევს ყველა მიმართულებით... ღმერთმა დაგვიფარა, რომ არ გაგვიტანა მეწყერმა" - ადიდებული მდინარეები და გზებზე ჩამოწოლილი მეწყერი: უამინდობამ მთიულეთში პრობლემები შექმნა

"სტიქია გვიტევს ყველა მიმართულებით... ღმერთმა დაგვიფარა, რომ არ გაგვიტანა მეწყერმა" - ადიდებული მდინარეები და გზებზე ჩამოწოლილი მეწყერი: უამინდობამ მთიულეთში პრობლემები შექმნა

რამდენიმედღიანმა უამინდობამ, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, მთიანი რეგიონი დაზარალდა. ადიდებულმა მდინარეებმა შეფერხებები შექმნა საავტომობილო გადაადგილების მხრივ გუდაური-კობის მონაკვეთზე. გარდა ამისა, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა დააზიანეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანებულია მჭადიჯვრის, მაღაროსკარის, ფასანაურის, შტილის, ბარისახოს, გუდამაყრის, უკანაფშავისა და ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი. ცენტრალურ გზაზე კი მეწყერია ჩამოწოლილი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები.

სტიქიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს დუშეთის მერი მანანა ნარიმანიძე.

"სტიქია გვიტევს ისევ ყველა მიმართულებით.... მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მყისიერი რეაგირება გვქონდეს: (ყველაგან და ყველაფერზე....ანანური, გრემისხსვია, ჭართალი, მაჭავარიანი, მაღაროსკარი, ბარისახოსო, ფასანაური, ქვეშეთი, უკანაფშავი....

ღმერთმა დაგვიფარა, რომ არ გაგვიტანა ამ მეწყერმა როცა ქვეშეთიდან ვბრუნდებებოდით (რომ ფშავში წავსულიყავით ... ისევ სტიქია. უკვე მერამდენედ... თითქმის 18 თემი ამ მდგომარეობაშია. მადლობა ყველას მოთმინებისთვის" - წერს "ფეისბუქში" დუშეთის მერი და აქვეყნებს ვითარების ამსახველ ფოტოებს.