გერმანია და შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთობლივად იმოქმედებენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მასსა და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის დღეს გამართული შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
"ჩვენ ერთიანი ვართ იმის შეფასებაში, რაც ეხება უკრაინას, იმ საკითხზე, რა უნდა გაკეთდეს. შემიძლია, მკაფიოდ განვაცხადო – გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასე იყო დასაწყისიდან და ასე იქნება შემდეგაც – მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მისი თქმით, "დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, ისევე როგორც ნატო და ევროკავშირი თავიდანვე ერთად მოქმედებდნენ უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, პუტინი არ ელოდა, რომ უკრაინის ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა, ისევე როგორც უკრაინელების გამბედაობა და გამძლეობა თავიანთი სახელმწიფოს და დემოკრატიის დაცვაში მისი მუდმივი თავის ტკივილი გახდებოდა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცმა დაგმო კიევზე დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა და განაცხადა, რომ "დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას სუვერენიტეტის, დემოკრატიის და საკუთარი გზის განსაზღვრის დასაცავად ბრძოლაში.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა დღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე გაიმართა.