ავტორი:

"არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ის რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადება

"არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ის რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადება

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ, ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

"გუშინ, 26 ივნისს, ტელეკომპანია "მთავარი“-ს საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა სიუჟეტი, რომლითაც ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა, მისი განცხადებით, სენსაციური ინფორმაცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ. სიუჟეტში, ჟურნალისტმა გამოთქვა, მისი განცხადებით, ინკოგნიტო წყაროს ვარაუდი, რომ ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

გვსურს, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ტელეკომპანია "მთავარის“ ეს ცალმხრივი, ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევით მომზადებული სიუჟეტი არის მორიგი ფეიკი და ცილისწამება მიმართული ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან.

გვსურს მივმართოთ ყველა მედია საშუალებას, რომ სიუჟეტის მომზადებისას გადაამოწმონ ინფორმაცია კომპეტენტური წყაროს მეშვეობით, პირველ რიგში კი ჩვენთან, რისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დროს მივაწოდოთ მათ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოების მიზანმიმართულად თუ უნებლიედ შეცდომაში შეყვანა“, - აცხადებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.