ავტორი:

"მეორედ რომ გავთხოვდი, ვახო უკვე დიდი ბიჭი იყო…ყველაფერი უმტკივნეულოდ მოხდა" - დალი ჩიტალაძე ოჯახზე, პირველ ქორწინებაზე, ბავშვობასა და ესთეტიკაზე

"მეორედ რომ გავთხოვდი, ვახო უკვე დიდი ბიჭი იყო…ყველაფერი უმტკივნეულოდ მოხდა" - დალი ჩიტალაძე ოჯახზე, პირველ ქორწინებაზე, ბავშვობასა და ესთეტიკაზე

"მოდის ექსპერტის" სტატუსით ცნობილ დალი ჩიტალაძეს "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე ვესაუბრეთ. კითხვაზე, თუ როდის გააცნობიერა, მომხიბვლელი რომ იყო, ასე გვიპასუხა: "მომხიბვლელი და განსხვავებული რომ ვიყავი, ეს საკმაოდ გვიან, 15-16 წლისამ გავაცნობიერე, მაშინაც - ეს ბოლომდე შეგნებული არ მქონდა. ჩემი განსაკუთრებულობა 20-21 წლისამ უფრო მეტად აღვიქვი"...

- ხომ არიან მშობლები, რომლებიც შვილებს ეფერებიან, - ჩემო ლამაზო, ერთადერთოო?.. ჩემი მშობლები ასე არ მანებივრებდნენ. მკაცრად მზრდიდნენ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი... იმას კი არ ვამბობ, რომ რამეს მაკლებდნენ? უბრალოდ, ზედმეტ ამბიციებს არ მინერგავდნენ. დედაჩემს ყოველთვის მიაჩნდა, რომ ადამიანს თავდაჯერებას შინაგანი სამყარო და ინტელექტი სძენს. გარეგნობის გამო კარიერული წინსვლა არ უნდა მოხდეს. წარმატება ნიჭში, სულიერ სამყაროში უნდა ეძებო. ჩემს მშობლებს ეს დევიზი ჰქონდათ, ჩვენს ოჯახში განათლება უმთავრესი და აუცილებელი იყო.

- სკოლაში პოპულარული გოგო არ იყავით?

- კი, როგორ არა! უფრო - იმით, რომ მუსიკას ვწერდი, ვმღეროდი, სპექტაკლებს ვდგამდი, გოგონების ტრიოც გვყავდა და სულ რაღაც ღონისძიებებს ვაკეთებდი. სცენა ბავშვობიდანვე მიყვარდა. მაშინ ფოტოაპარატი სად გვქონდა? ერთი სული მქონდა, ფოტოგრაფი მოსულიყო (იცინის)...

- თაყვანისმცემლები თქვენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავდნენ?

- ამ თემით დაკავებული არ ვიყავი. ერთხელ ვინც მომეწონა, ცოლად გავყევი (იცინის). პატარა ასაკის, 16 წლის გახლდით. იმ დროს ჯერ მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი, მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე. თან, იმ პერიოდში ჩემი 2 დეიდაშვილი გათხოვდა. დეიდაშვილთან ჩემი მომავალი ქმარი, ჩემი შვილის მამა გავიცანი. ყველაფერი უცებ მოხდა. თან, თავისუფლება ისე მინდოდა, მეგონა, რომ გავთხოვდებოდი, ეს თავისუფლება იქნებოდა (იღიმის).

- რეალობა როგორი აღმოჩნდა, მიიღეთ თავისუფლება?

- როგორ შეიძლება, გათხოვება თავისუფლებად ჩათვალო? ჯერ საკუთარ თავში არ მქონდა თავისუფლება ნაპოვნი - ბავშვი ვიყავი. პიროვნულ თავისუფლებას ვგულისხმობ. სანამ ამ შეგრძნებას მიიღებს ადამიანი, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა გაიაროს: თავისუფლება თავდაჯერებიდან, ინტელექტიდან, გამოცდილებიდან მოდის. ასე რომ, მაშინ აბსოლუტურად დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. სულ ვამბობ, რომეო და ჯულიეტას სიყვარული ნამდვილი გრძნობა არის-მეთქი. მერე ცხოვრება უკვე ისეთი რთული და არაპროგნოზირებადია, "ზრდასრული სიყვარული" გვიან მოდის. დღეს 21-ე საუკუნეა და არა - შუა საუკუნეები ან თუნდაც, მე-19 საუკუნე, როდესაც ქალისა და მამაკაცის როლი სხვანაირი იყო.

კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება 21-ე საუკუნეში კიდევ უფრო რთულია... ადრე თუ ქალები აუცილებლად 15-16 წლის ასაკში უნდა გათხოვილიყვნენ, დღეს პირიქით - ეს სირცხვილია, რადგან ჯერ რაღაც საკუთარი უნდა შექმნა. შეიძლება, ბევრი შემეკამათოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია. ამიტომ თავად უნდა აირჩიოს და გადაწყვიტოს, თავისი ცხოვრება როგორი იქნება.

წინათ თუ შვილებს მშობლები ათხოვებდნენ (ზოგჯერ დაბადებისთანავე ნიშნავდნენ), ამ ეპოქიდან გამოვედით. ჯერ ბევრი უნდა ისწავლო, ნახო და მერე უკვე მყარი ოჯახი შექმნა. "ბოიფრენდ-გელფრენდის ინსტიტუტის" მომხრე ვარ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში, წყვილების 50% ამ "ინსტიტუტით" ცხოვრობს, რადგან შეუძლებელია, დღეს, ადრეულ ასაკში, გამოუცდელობის გამო, ადამიანი აირჩიო, რომელზეც დარწმუნებით იტყვი, რომ ის ნამდვილად "ის" არის...

- თქვენი მეორედ დაოჯახება შვილმა როგორ მიიღო?

- ვახო უკვე დიდი ბიჭი იყო. ყველაფერი აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და კარგად მოხდა.

- ოჯახურ კრიზისები გქონიათ?

- არა. შეუღლება უკვე შეგნებული და დაფუძნებული სიყვარულით მოხდა...

- ასაკის მატება გაშინებთ?

- არა (იცინის). ჯერ ერთი, ჩემს ასაკთან აბსოლუტურად ჰარმონიულად განწყობილი ვარ. როცა თავდაჯერებული ხარ, საკუთარი თავი გიყვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისე უვლი, როგორც საჭიროა...წააიკითხეთ სრულად