ავტორი:

"მისი არდანიშვნა იქნებოდა მსუსხავი ეფექტი "კლანისთვის" - ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს?

"მისი არდანიშვნა იქნებოდა მსუსხავი ეფექტი "კლანისთვის" - ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს?

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება საბჭომ სხდომაზე მიიღო.

კონსულტაციაში მონაწილეობა მიიღოო სააპელაციო სასამართლოს 53-მა მოსამართლემ.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე შეირჩევა სააპელაციო სასამართლოს წევრი მოსამართლეებისგან. თანამდებობაზე შერჩეულ პირს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი განაცხადი მიხეილ ჩინჩალაძის მიერ, რომელიც ამავე თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.

  • ჩინჩალაძეს 5 წლიანი მუშაობის ვადა მას მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე, "მართლმსაჯულების განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნით გამჟღავნდა, რომ ისინი არავითარ ევროპას არ ელოდებიან და არავითარ ცვლილებას არ აპირებენ.

მისი თქმით, ჩინჩალაძის კვლავ, 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშვნა ნიშანია იმისა, რომ სასამართლო სისტემა არ ელოდება არავითარი 6 თვის გასვლას, რაც იმ სამუშაოების შესრულებისთვისაა გამოყოფილი, რითაც საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მოიპოვოს.

"მათ დღესვე გასცეს პასუხი ამ კითხვებს, რომ მათ ინტერესში ამ პუნქტების შესრულება არ შედის. ეს არის წარმოუდგენელი მოქმედება და თუ აკვირდებით, ასეთ ქმედებებს ყოველთვის მნიშვნელოვან დროს აკეთებენ. წინა შემთხვევაში, როდესაც ვენეციის კომისიამ გვითხრა არ დანიშნოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიო, ამათ პირიქით, რამდენიმე დღეში დაიწყეს ამის გაკეთება. ანუ სასამართლო სისტემა ყველა საფეხურზე გარეთ აჩვენებს იმას, რომ ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ და შიგნით აიმედებს მის მორჩილ მოსამართლეებს, რომ არაფერი შეიცვლება, თქვენ მშვიდად იყავით! მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ნიშანი იყო იმისა, რომ ევროკავშირში შესვლა ამ ჯგუფის ინტერესში არ შედის და დანარჩენ სისტემასაც ეუბნება, რომ ნუ გექნებათ ამის იმედი, სასამართლო სისტემაში არაფერი შეიცვლება“, - აცხადებს ახვლედიანი.

რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა მიხეილ ჩინჩალაძე, მამუკა ახვლედიანის განმარტებით, ასეთი სისტემის არსებობის პირობებში ცალკე აღებულ სახელსა და გვარს არავითარი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან არ იქნებოდა ჩინჩალაძე, იქნებოდა ნებისმიერი სხვა "რადგანაც სისტემაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც გამოძებნიან და შეასრულებს ყველაფერს“.

ამასთან, ახვლედიანის თქმით, ასევე არც იმას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე მაინცდამაინც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყოს, მას შეუძლია გადაინაცვლოს სხვა პოზიციაზე, მაგრამ ესეც არ გააკეთა.

"მისი არდანიშვნა კი, იქნებოდა მსუსხავი ეფექტი "კლანის" წევრებისთვის, იმ მხრივ, რომ რაღაც ცვლილება დაიწყო. ამიტომ, ეს იყო მათი მხრიდან დემონსტრაციული ქმედება იმისა, რომ არაფრის ცვლილება არ იგეგმება. მიხეილ ჩინჩალაძის გვართანაა დაკავშირებული „კლანი“ და ის ცვლილება, რომელსაც სასამართლო სისტემის მიმართ მოვიაზრებთ და ვითხოვთ, მაგრამ ასე არ ხდება და შიგნით მოსამართლეებს აჩვენებენ იმას, რომ ჩვენ არ ვიცვლებით, ჩვენთან ყველაფერი ძველებურად გრძელდება და გარეთ აჩვენებენ იმას, რომ სასამართლოში არაფერია შესაცვლელი“, - განუცხადა მამუკა ახვლედიანმა "ინტერპრესნიუსს" და აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში საჭიროა სისტემური ცვლილებები.

  • "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის თქმით, ჩინჩალაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში "კლანური" ძალაუფლება შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად იქნება გამყარებული.

როგორც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგების წარდგენისას აღნიშნა, კანონმდებლობის ცვლილების გარეშე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მეტად ვნებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ცხადია, რომ ხელისუფლებას რეფორმის გატარება არ სურს.

"სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი არის საკვანძო პოზიცია, რომელსაც არ თმობს "კლანი“ და მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ევროკავშირის რეკომენდაციებში არ არის საუბარი ცალკეულ მოსამართლეზე ან პოზიციებზე, საუბარია ფუნდამენტურ რეფორმებზე, რომლებიც გულისხმობს, მათ შორის საბჭოში გადაწყვეტილების წესის მიღებას, მის დაკომპლექტებას და სხვას. კანონმდებლობის ცვლილების გარეშე ასეთი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მეტად ვნებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

ცხადია, რომ ხელისუფლებას არ სურს რეფორმის გატარება. დაშვება იმის, რომ სასამართლოში ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და რეფორმის გარეშე ასეთი ნაბიჯები გადაიდგას, არის ცალსახად კლანისთვის და ხელისუფლებისთვის სასარგებლო“, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

  • ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე:

მიხეილ ჩინჩალაძე ქ. თბილისში 1978 წლის 9 მარტს დაიბადა. მან 1984-1995 წლებში წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის #57-ე საშუალო სკოლა. 1995-2000 წლებში მან ასევე წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის უფასო დასწრებული განყოფილება, იურისტის კვალიფიკაციით-სპეციალობა სამართალმცოდნეობა. 2000-2003 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი. ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 1999-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე.

2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი. 2005 წლის მაისი - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2007 წელს მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი - იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2004 წლის ივნისში გადაეცა სერტიფიკატი კომპლექსურ ფინანსურ დანაშაულთა თემაზე. 2006 წლის მაისში აშშ ქ. ინდიანაპოლისში, აშშ პროკურატურის კვლევის ინსტიტუტის სერტიფიკატი გადაეცა თემაზე - კონფერენცია საზოგადოებრივი პროკურატურის თემაზე. 2007 წლის იანვარი - წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით). (ასევე წარმატებით ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატთა (საერთო სპეციალიზაციით) საკვალიფიკაციო გამოცდები). 2007 წლის ივნისიდან იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2017 წლიდან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.