ავტორი:

“თბილისი პრაიდის” კვირეული მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა - რა ვითარებაა ადგილზე, სადაც კვირეულის პირველი ღონისძიება იმართება

“თბილისი პრაიდის” კვირეული მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა - რა ვითარებაა ადგილზე, სადაც კვირეულის პირველი ღონისძიება იმართება

თბილისში, “თბილისი პრაიდის” კვირეული კინოჩვენებით გაიხსნა.

ტერიტორიაზე, სადაც “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში, პირველი ღონისძიება იმართება, უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “თბილისი პრაიდის” წარმომადგენელმა, მარიამ კვარაცხელიამ განუცხადა, დღევანდელ ღონისძიებაზე აჩვენებსნ ქართული ქვიარ ფილმს სახელწოდებით “სველი ქვიშა”.

მისივე განმარტებით, ჩვენებას დაესწრებიან მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. კინოჩვენებაზე მივიდნენ საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი, ისრაელის ელჩი, რან გიდორი და სხვები.

“პრაიდის კვირეული სამი ღონისძიებისგან შედგება. პირველი ღონისძიებაზე გაიმართება ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება სახელწოდებით “სველი ქვიშა”. მეორე ღონისძიება იქნება კონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები აღმოსავლეთ ევროპიდან და სამხრეთ კავკასიიდან. საუბარი იქნება საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. მესამე ღონისძიება კი იქნება “პრაიდ ფესტივალი”, სადაც შეიკრიბებიან ლგბტ ადამიანები და მათი მხარდამჭერები.

მოეწყობა სხვადასხვა გამოფენები, გაიმართება კონცერტი და ამ დახურული სოციალური და კულტურული ღონისძიებებით აღვნიშნავთ ლგბტ თემის ღირსების კვირეულს”, - აცხადებს “თბილისი პრაიდის წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია.

ტერიტორიის მიმდებარედ იმყოფებიან "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. საპროტესტო აქციას "ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება", "ალტ-ინფო" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" მართავს.

როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ “თბილისი პრაიდი” დაგეგმილი ღონისძიებების გამართვას დახურულ რეჟიმში აპირებს, „პრაიდის” მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კვირეული გამართვის საშუალებას მათ არ მისცემენ.